ლამაზი დრამა

სადამდე იტიროს ადამიანმა საკუთარი უსარგებლობა?!

ის ოცნებობდა ოქროსფერ თმაზე, აბრეშუმის ყელსახვევზე,

ზღვისგან გამორიყულ სველ მარგალიტებზე.

არაფერი დარჩა, –

ყვავილები არყის თეთრ ბოთლში.

ვიღაც რძიან ყავას ამზადებს.

ვიღაც, ვინც ყველაზე ძვირფასია, წყალს კოვზით ეხმიანება.

ქარი ჩადგება. ქარი ჩადგება.

იქნებ, ხელახლა დაიბადო – უკან, ულამაზეს წარსულში.

ოკეანეთის პატარა კუნძულზე, ტყის ფერიებთან ერთად, აბრეშუმის ყელსახვევებით, შენი დების, ნერეიდების, გამოგზავნილი სველი მარგალიტებით. ხის მერქანზე ამოკვეთილი ლამაზი პროფილით.

ფოთლების შრიალში, ნაპრალებში გამოღწეულ მზის შუქში გახვეული გაჰყურებ მომავალს, სადაც ის რძიან ყავას გიმზადებს და თბილ წყალში ვერცხლის კოვზს აკაკუნებს.

მორზეს ანბანით წარსულის ამბავს გახსენებს.