შეშლილი ასტრონავტის სიმღერა

შენ ვერ წაგიყვან კოსმოსში, ჩემო პატარა,cde3443993cdbd4d363e6be78e222ae9.jpg
ჯერ პატარა ხარ,
ჯერ მზად არა ხარ,
ჯერ ძვლები უნდა გაგიმაგრდეს და სუნთქვითი ვარჯიშები აკეთო.

შენ ვერ წაგიყვან კოსმოსში, ჩემო პატარა,
რადგან არასოდეს გისწავლია ფიზიკა, მეტაფიზიკა და კვანტური მექანიკა,
სიმართლე გითხრა, ეს ყველაფერი იქ არც დაგჭირდება.

შენ ვერ წაგიყვან კოსმოსში, ჩემო პატარა,
მე შემიძლია, მხოლოდ მოგწერო,
წარმოიდგინე, წერილები სატურნის რგოლებიდან
და ფოსტალიონი, რომელიც მინი ხომალდით სინათლის წლებს ფარავს.

დედამიწა შენი სახლია,
დედამიწა შენი სახლია,
დედამიწა სიმულაციაა,
დედამიწა სიმულაცია არ არის,
დედამიწა სახლია, ძველი და შპალერჩამოხეული კედლებით,
დედამიწა სახლია, რომლის სახურავიდანაც წვიმა ჩამოდის,
დედამიწა სახლია, სადაც მეზობელ ოთახებში გვამები აყროლდა,
დედამიწა სახლია, სადაც ტელევიზორი გაბუტულია და აღარ ლაპარაკობს.

შენ ვერ წამოხვალ კოსმოსში, ჩემო პატარა,
შენ სიმაღლის გეშინია,
კოსმოსში კი სიმაღლე არ არსებობს,
ამიტომ ეს უფრო საშიშია შენი ფსიქიკისთვის.

დედამიწა შენი სახლია!
მე წერილებს მოგწერ.
მე იუპიტერიდან გაზის ღრუბლების შოკოლადებს გამოგიგზავნი,
ოღონდ დამპირდი, სანამ შეჭამ, ჩემ ნაჩუქარ სკაფანდრს ჩაიცვამ!

(მაინც რომელმა ჭკვიანმა გადაწყვიტა, რა გვითხრას და რა არა?!
“ნასა”, რატომ ჩათვალე საჭიროდ გამოცხადება,
რომ მთვარე ენცელადზე წყალბადია?!
კიდევ რისი თქმა გინდოდა და დაგვიმალე?
კიდევ რამდენ ხანს უნდა გელოდოთ?!
ნუთუ თქვენც არაფერი იცით?)

შენ ვერ წაგიყვან კოსმოსში, ჩემო პატარა,
შენ არამიწიური ალერგია გაქვს,
შენ ჰოროსკოპით მიწის სტიქია ხარ,
შენ სივრცეში ვერ გაძლებ,
შენ აქ უნდა დარჩე და დიდუბის სადგურში ჩემი გამოგზავნილი ამანათები აიღო,
ამანათები ჩვენი შვილებისთვის
ამანათები ჩემი მოხუცი მშობლებისთვის
ამანათები თანამგზავრ “ევროპადან”
ამანათები “ტიტანიდან”.
გთხოვ, არ გაყიდო,
არაფერი გაყიდო, სანამ დავბრუნდები!
წყალი შეაკეთე,
გაზის ახალი გამათბობელი იყიდეთ
და ბავშვებს ფილმები არ აჩვენო ასტრონავტებზე!