ნაცემები და მცემელები

ჩვენ ორ კატეგორიად ვიყოფით: ზოგი ვცემთ, ზოგს გვცემენ.

არავინ მეგულება ისეთი, ამ ორი კატეგორიის მიღმა რომ დარჩენილიყოს. არც დარჩება, თუკი საზოგადოებისგან იზოლირებული, ძალით თუ ნებით სადმე “სახლში” არ ჩაიკეტება.

რა მოხდა კუს ტბაზე? ჰო, ჩემი ასაკის გოგო გამოდის და ამბობს მცემესო. მერე ვინ ცემა? პოლიციამ, კანონის პირველმა დამცველმა, ვინც უსაფრთხოებაზე ზრუნავს იმან. ბოდიში, ვინც უნდა ზრუნავდეს, იმან.

მართალია თუ არა? – არ ვიცი. ვერც გავიგებ. არც გვეტყვიან. ისევ ჩვენით უნდა მივხვდეთ. უფრო ზუსტად, კი არ მივხვდეთ, ის დავიჯეროთ, რაც გვირჩევნია.

ჰოდა, აქაც ორი ვარიანტია. გოგო ან იტყუება, ან არა.

რამდენად შტერი უნდა იყო, ასეთი რამ მოიგონო და რამდენად არაკაცი, ასეთი რამ გააკეთო, ანუ, აიღო პატარა გოგო, დადო შენს წინ, ყელში წვდე, ფეხიც ჩაარტყა, დაკუჭო, წაიყვანო, პლიუს აგინო.

და ჩვენ ორივე შემთხვევაში ტრაკში ვართ.

ასე რომ, სულერთია, რომელია სწორი. თუ ის გოგო იტყუება, ჩვენი, ახალგაზრდობის, საქმე არ ყოფილა მთლად სანუგეშოდ, ანუ მაინც იქ ვართ, ზემოთ რომ დავწერე. თუ გოგო სიმართლეს ამბობს, ახალგაზრდობის კი არა, არაფრის საქმე არ ყოფილა რიგიანად (რაშიც დიდი ხანია ვრწმუნდები) და მეორე ვარიანტის შემთხვევაში, ჩვენ უფრო დიდ ტრაკში ვართ, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

……………………………………………………………………………………………………………………….

დასაწყისში ვფიქრობდი, რომელ კატეგორიას უფრო ვეკუთნოდი – მსხვერპლს თუ მოძალადეს?!  ჩემს ცხოვრებას თვალი გადავავლე და მაინცდამაინც კარგი მეხსიერება არ აღმომაჩნდა, ან ირგვლივ მყავდა მეტისმეტად ლოიალური “სასტავი”. დავფიქრდი, დავფიქრდი და აი….. მახსოვს მამაჩემის თითების გემო, ნახევრის, ნახევრის, ნახევრის სიმძლავრის, როცა ჩემს კბილებთან ჩაიარა. ეს იყო ადრე, ძალიან ადრე, როცა იყო ბევრი პრობლემა და მე – ძალიან ცელქი. მაგრამ მე მახსოვს მისი თავშეკავება და სადღაც მაინც ამ თავშეკავების ხელიდან დასხლტომაც. ეს იყო და ეს.

და მე? ჩემი “ძალაუფლება” ბოროტად ვისზე გამომიყენებია? – არც არავიზე, გარდა მწერებისა, ამ საცოდავი, მოფარფატე მწერებისა, ჩემს ოთახში, ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე რომ იჭრებოდნენ. არადა, ვინ დამიკანონა ეს ტერიტორია, რა უფლება მაქვს ეს ხოჭოები და პეპლები იქ მივაჭყლიტო, სადაც მივუსწრებ? ისინი ხომ არც ცნობენ ამ დებილურ საზღვრებსა და ტერიტორიებს. მაგრამ გვკიდია. გვკიდია იმიტომ, რომ ჩვენ, სუფთებსა და ნერვოზიანებს, ესღა გვაკლია, ვინმემ ჩვენი ჭკუის დაუკითხავად, ჩვენს ტანსაცმელსა და წიგნებში იფათუროს. ამიტომაც ვკლავთ, ვცემთ.

ბოლოს.

ვფიქრობდი, რას ვიზამდი იმ გოგოს ადგილას და მივხვდი, რომ ბევრს ვერაფერს. მე მარტო “მწერებთან” ვარ მაგარი, ისევე როგორც, თქვენ.