ვათ დი ფაქ იზ ბიოლოგია

პოსტი რომ კარგად დამეწერა, ფეხზე წინდები გავიხადე. ასეა ეს ამბავი, როცა წერ, არაფერი უნდა გაწუხებდეს. მითუმეტეს, არ უნდა გცხელოდეს, რადგან ძნელია, სიცხეში რამე გინდოდეს, სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვა.

ახალგაზრდები ვფიქრობთ, რომ მუდამ ჯანმრთელები ვიქნებით, რომ ამდენი სიგარეტისგან ყელის კიბო არასდროს დაგვემართება, არც ფილტვებს გაუჩნდებათ ნასვრეტები, არც დიეტით და შიმშილით მოვიკლავთ ორგანიზმს. ჩვენ შეიძლება, ბევრს ვფიქრობდეთ სიკვდილზე, როგორც ფენომენზე, როგორც ყველაზე საჭირო, მაგრამ შორეულ პერსპექტივაზე, მაგრამ არა, როგორც ჩვენი ხელშეწყობით ორგანიზმისა და სიკვდილის გაჩარხულ ამბავზე.

მე ახლა ძლიერი თავისტკივილისა და სერიოზული ნერვიული შემოტევის ფონზე, 60-იანი წლების როკენროლის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფები და შენზე ვფიქრობ, ბიოლოგია! რატომ არასდროს დამიფასებიხარ სათანადოდ?! მხოლოდ მაშინ გგრძნობ, დაძაბულობის შემდეგ გულთან რაღაც რომ შემეკუმშება, ან ბევრი სიარულის გამო, ჩემს ოთახში მისვენებული, ფეხებს ჰაერს მივუგდებ და სისხლის ხმა მესმის, დაბლა რომ მორაკრაკებს და ჩემი ლურჯი კაპილარები საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

ერთი შეხედვით ყოველთვის ჯანმრთელი ადამიანი ვიყავი და იმდენი ვქენი, სანამ ავადმყოფური სიფერმკრთალე არ დავიდე სახეზე, თვალის უპეების ჩაშავებით და ხერხემალში მოხრით. ახლა ბედნიერი დავაბიჯებ და თითქოს ჩემი მხრები ყვირიან:- ჰეი, მომხედეთ, ნახეთ, რა ავადმყოფურად მოხრილი ვარო!

არასდროს დაუჯეროთ მხრებს, არც ჩალურჯებულ თვალებს და არც თომას მანს, ავადმყოფობის უპირატესობებზე რომ ჯღაბნიდა რაღაცას. არ დაუჯეროთ, როგორი მართალიც არ უნდა იყოს ის, ჩემთვის ძვირფასი, კაცი. და რას დავუჯეროთ? – რას და საკუთარ ბიოლოგიას. აი, მაგალითად, როცა შარდის ბუშტი გვთხოვს, ნუ ვაწვალებთ და დროზე შევიდეთ საჭირო ადგილას. 🙂

მე მიყვარს საკუთარი სხეული. ისე მიყვარს, ხანდახან სარკის წინ ვდგები და ყურებამდე შეყვარებული ადამიანივით გარედან ვაკვირდები. მერე წარმოვიდგენ, როგორ გამოვიყურები შიგნიდან, ათასობით კაპილარების, ძარღვების, კუნთების, ძვლების, ღრტილების და რა ვიცი, რისი ერთიანობით აღარ. თუმცა მე რომ ბიოლოგია/ანატომია უკეთ მესწავლა, მეცოდინებოდა, რომ ორგანიზმში ყველაფერი ისეთივე დაწყობილი და კანონზომიერია, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ კოსმოში.

ჰო, კარგი, მე რომ ბიოლოგია/ანატომია უკეთ მესწავლა, მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ისე შეხმატკბილებულად მოძრაობს, როგორც როკენროლის დროს ფეხები და მუხლები, როგორც ორიონის ნისლეულში ვარკვლავები და მისი ნარჩენები, როგორც ჭიანჭველები, თავის ბუდის შენების პროცესში.