ტრიალებდა კარუსელი

სათქმელი არაფერი მქონდა. ოთახში გაზაფხულის პირველი ბუზი დაფრინავდა, ღია ფანჯრიდან გარეუბნის ხმაურები მოძვრებოდა, ძაღლი ყეფდა გაბმულად, ტვინი ზუზუნებდა მოგუდულად, ან იქნებ, კედლებში გაყვანილი ელექტრო სადენები გამოსცემდა ამ ხმას, რომელიც ჩვენ ხან ტვინის, ხანაც სიჩუმის ხმები გვეგონა. რეალურად, სიჩუმე არ არსებობდა, უფრო სწორად, არსებობდა “საუნდ ოფ საილენს”, როგორც ძველ ამერიკულ დუეტში, მილიონჯერ რომ გადაამღერეს.

ადამიანები, რომლებსაც მუდმივად ძილი აკლდათ და მაინც თავის დროზე არ იძინებდნენ, ყველაფრის ღირსები იყვნენ. ისინი იმსახურებდნენ ნაადრევ დაბერებას, კანის გამოშრობას, ტკივილს თვალის გუგებში და უიმედობის განცდას გულის არეში, რაც მუდმივად თან ახლა უძილობას, ანდა, პირიქით.

(ჯერ ადრეა, ასე მალე პოსტს ვერ დავამთავრებ.)

თითქოს თავში რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელი უნდა მომსვლოდა, მაგალითად, – ჩემი თაობის საწუხარი; ან გაუცხოებული ადამიანები; ან მიტოვებული ადამიანები; ან გვირაბში მძინარე უსახლკაროები და მათი “მეგობარი” ძაღლები; ან მეტროს გასასვლელთან პოლიციის შიშით ფეხზე მდგარი კოლგოტის გამყიდველი ჭაღარა ქალები; ან ემოციას მოკლებული სიყვარული, რომელსაც მოაქვს შიში, რომ სექსი ვეღარასდროს გახდება ისეთი, როგორც ბავშვობაში გასინჯული სნიკერსის შოკოლადი ვერ დაიბრუნებს უწინდელ გემოს.

იქნებ, სათქმელი ის ორასგვერდიანი წიგნი უნდა ყოფილიყო, ცოტა ხნის წინ რომ დავამთავრე და თავში ორი სიტყვა – ბოზური პოეზია მიტრიალებდა, არადა, ის განცდა ხომ ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჩათლახური პოეზია?! ეს იყო მოგზაურობა, ავტორის ენაზე – თრიფები, ატხადნიაკები და პრიხოდები, რომლის მნიშვნელობაც არასდროს გამეგო და გამომეცადა, თუმცა კითხვის პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ სხვადასხვა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ათასგვარ სამყაროში თავაბიჯებდი, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა, ნამდვილი ყოფილიყო.

არა, არც ეს იყო სათქმელი. გამომშრალი თვალები ოთახის ძველ შპალერზე დაცოცავდა და ცემენტთან სიახლოვეს გრძნობდა, კუნთებს უჭირდა მოდუნება, კიდურებს – დამშვიდება, ნერვებს – კუთვნილი ადგილის დაკავება, რადგან განცდა იმისა, რომ ბორბალში მორბენალი საცდელი ვირთხა ხარ, თავიდან არ გშორდებოდა. ამას არც აპროტესტებდი.

ერთხელაც ვირთხა დაიღლება და ენას გადმოაგდებს, ან მიხვდება, რომ უნდა გაჩერდეს და თავბრუსხვევაც გაუვლის. ერთხელაც არეული ადამიანები ისწავლიან გეგმის ჩამოწერასა და მის შესრულებას; მშიშარა ადამიანები შეძლებენ შიშების დაჭერასა და მასთან წითელი ღვინის დალევას, უიმედო ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს მხოლოდ პოზაა და შეუძლიათ, არჩევანი შეცვალონ, იმედიანები კი თვალებიდან ნაცარს ამოიღებენ და ბორბალში ტრიალს გააგრძელებენ.

სულ ეს იყო.