დაკრძალვა დასავლეთ საქართველოში

“ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.”

დასაყისში პაუზა მაქვს. ვერაფერს ვფიქრობ, ვერც კარლო კაჭარავაზე, ვერც ლურჯა ცხენებზე, ვერც იმერეთზე, რომელიც მთელი ბავშვობა ყველაზე ზომიერი მხარე მეგონა. ოღონდ არასდროს მიფიქრია, რას ვგულისხმობდი ზომიერებაში.

იმერეთში გარეგნულად არაფერი შეცვლილა. მხოლოდ მე შევიცვალე და არავინ იცის, უკეთესი ვარ თუ პირიქით და შემცირდა იქ ყოფნის დრო. იმდენად შემცირდა, რომ ბოლო წლებია, ერთ ღამეზე მეტი აღარ გავჩერებულვარ. ახლა ცოტა მეტი მომიწია.

ვუყურებდი ჩვენს ეზოს, ჩემი ბავშვობის სახლს ახალი, დაუმთავრებელი მიშენებებით, კიდევ იმ პატარა “კუხნას”, სადაც რამდენიმე თვე მე, მამაჩემი, დედა და ჩემი ძმა ვცხოვრობდით, სადაც წვიმა ჩამოდიოდა და მე ერთხელ კინაღამ ჩართულ დენის ფეჩს დავაჯექი.

ხეები ისევ ისე დგას, როგორც ადრე, ბეღელიც იქ არის, სასიმინდეებიც, უზარმაზარი რომ მეჩვენებოდა და ჩემი გაზრდის პროპორციულად ორივე დაპატარავდა. ეზოს ბალახი მოედო. ბიცოლაჩემი წუხდა, რომ სარეველა ბალახი ბილიკის გაყოლებაზე გამრავლდა და დაკრძალვაზე მოსული ხალხი ამას შეამჩნევდა. ხალხმა, ალბათ, ბევრი სხვაც შეამჩნია. ჩემთვის ეს სულერთი იყო, მე ყველას ზომიერი გულწრფელობით ვხვდებოდი, სიცხიან, გაოფლილ სახეებზე ვკოცნიდი, არ ვიმჩნევდი, როცა ვერ ვცნობდი. თითქოს არ ვუსმენდი, როცა მშობლებს მადარებდნენ. ყველასთან წყალი მიმქონდა. მერჩია ასე მევლო, რადგან არ შემეძლო იმ ოთახში ჯდომა, ბებიაჩემის გვერდით და იმ სევდიანი ტირილის მოსმენა, რაც უკვე მილიონჯერ მოგვისმენია. არ შემეძლო კედელზე დაკიდებული სურათის ყურება, იმ ოთახში დაგუბებული ჰაერის სუნთქვა და იმაზე ფიქრი, როცა ექიმებს უკითხავთ, როგორ ხარო და მას უთქვამს – უბედურადო.

არაფერს ვწერ ნათესავების ბავშვებზე, რომლებიც არასდროს ან დიდი ხანია, არ მენახა, არაფერს ვწერ მეზობლების ფუსფუსზე, დარბაზში მომუშავე ქალების ჩხუბზე და მთავარ მზარეულზე, რომელიც ქელეხებიდან ხორცს იპარავს.

ეს ყველას გამოგვიცდია, განსხვავებული გარემოთი თუ საერთო ნარატივით. შეგრძნება მაინც ერთია – ჩვენ სამყაროსთვის არაფრით განვსხვავდებით იმ ჭიანჭველებისგან, უმაწყალოდ რომ მიწაზე ვსრესთ. ჩვენც ასე ვისრისებით მილიონობით ვარსკვლავებსა და გალაქტიკებში, რომელიც არავინ იცის, მართლა არსებობს თუ ილუზიაა, როგორც ერთმა მითხრა და შევეკამათე, რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს, გამჭვირვალე ბურთულაში ვიჯდე, უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირივით და მიყურებდეს ვიღაც, ანჯღრევდეს ბურთულას და ჩვენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებდეს.

ამაზე უფრო ვრცლადაც დავწერ, რადგან მინდა, ძალიან მინდა, რადგან ფეხზე მკიდია ჩვენი რელიგიის სამოთხე და ჯოჯოხეთი, რადგან ვიცი, სამყარო ასეთი მოსაწყენი არ შეიძლება იყოს, რომ მხოლოდ ეს არსებობდეს და, მითუმეტეს, ამ ფორმით.

ქიშო

6_2იცნობთ ქიშო გლუნჩაძეს? იცით, ვინ არის, რას საქმიანობდა, რას წერდა და მღეროდა? რა თქმა უნდა, კი.

რა თქმა უნდა, ბევრს გაუგია “ქიშო და ინტელიგენცია”. რა თქმა უნდა, დღეს ბევრს უყვარს “ჭეშმარიტება”. რა თქმა უნდა, დღეს მოდაშია ალტერნატიული როკი და ანდერგრაუნდი. ხოლო რაც მოდაშია, ის ანდერგრაუნდი აღარ არის. თუმცა ეს სხვა თემაა და ამაში სუბიექტური ვარ ისევე, როგორც ქიშოსა და მისი მუსიკის მიმართ.

მე ძალიან მიყვარს, როცა რაღაცას შემთხვევით, ჩემით, ყოველგვარი რეკომენდაციების გარეშე ვპოულობ. ვპოულობ და ნელ-ნელა ვიყვარებ. ასე მოხდა ქიშოს მუსიკის შემთხვევაში, – ძალიან ბანალურად, ფბ-ზე გაცნობილი მომავალი ცოლივით, “იუთუბზე” რაღაც სიმღერებს გადავყევი და დაიწყო სიმღერა ნახტომზე, სიყვარულის ნახტომზე, მიძღვნასა და ძალიან მაგარი გოგოების ბექზე (მიხვდით, არა? ვიცი). ეს ის პერიოდი იყო, როცა ავტორიტეტები ჯერ კიდევ დიდად მოქმედებდა ჩემზე, თანაც ძალიან მინდოდა, სნობიზმში არ გადავვარდნილიყავი და გამიხარდა, როცა ვიპოვე ძალიან კარგი მუსიკა, რაც არასადროს არცერთი “მაგარი ტიპისგან” არ გამეგო.

მას შემდეგ საუკუნებმა წალეკეს ირგვლივ ყოველივე და, თქვენ წარმოიდგინეთ, სვეტიცხოველი კი არა, “ქიშო და ინტელიგენცია” დარჩა, როგორც პაფსასთან მებრძოლი ანდერგრაუნდი. ასე იყო ჩემთვის და თქვენი არ ვიცი.

მერე ისიც გავიგე, როგორ წავიდა საქართველოდან, როგორ მიაფურთხა აქაურობას, როგორ გაემიჯნა ქართულ სივრცეს და არც გამკვირვებია. თუმცა ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. ვიცი, მისი წასვლით ბევრი დაგვაკლდა და იქნებ შენც დაგაკლდა ბევრი, ქიშო? გიფიქრია ამაზე ოდესმე? შენი ერთი სიმღერა მიყვარს “მოგცემ შანსს” ჰქვია. არ ვიცი, გახსოვს თუ არა. ძალიან მაგარი მუსიკაა, არაჩვეულებრივი ტექსტი და პათოსი აქვს და იქ ამბობ -” მე შენ ყოველთვის მოგცემ შანსს”, თუმცა შენ ჩვენთვის მეორე შანსი აღარ მოგიცია და დაგვიკიდე.

დასასრულს:

რამდენიმე დღის წინ გულმა არ მომითმინა და ხელახლა წავიკითხე სტატია ქიშოზე, ჩემი სამუშაო დროის ძალიან დიდი ნაწილი მოვიპარე და თავიდან მოვუსმინე მის სიმღერებს, მერე ძალიან მომინდა ფბ-ზე მომეძებნა. რა თქმა უნდა, ვერ ვიპოვე. ვიცოდი, რომ სახელი და გვარი არ ეწერებოდა, ისიც ვიცოდი, როგორ უნდა მომეძებნა და ვიპოვე კიდეც. ჰოდა, ის-ის იყო დავაპირე, წერილი მიმეწერა, რომ საღი აზრი დამიბრუნდა და უთქმელად დავემშვიდობე მის ერთ-ერთ ფოტოს, რომელიც ძალიან მაგონებდა ძია ბუკოვსკის.

 

ვაგონი 8756

ეს არის საშუალო კლასი, – მეტროს რომელიღაც ვაგონში შემთხვევითი ალბათობით ერთად შეყრილი.

ეს არის საშუალო კლასი, – გაოფლილი მკლავებით, ახალდაქორწინებული წყვილივით, ერმანეთზე მიკრული.

ეს არის საშუალო კლასი, – მშობლებზე გაბრაზებული შვილებით

და მთავრობებზე გაბრაზებული მშობლებით

და ახალგაზრდებზე გაბრაზებული მოხუცებით

და “მაი დეიზე” გაბრაზებული ახალგაზრდებით, რომელთა “მესენჯერ სთორის” არავინ ნახულობს.

ეს არის საშუალო კლასი, – “კოტონისა” და “ვაიკიკის” გაცრეცილი პარკებით ხელში.

ეს არის საშუალო კლასი, – დეზერტირების ბაზარში ნაყიდი ბოსტნეულის პარკებით ხელში.

ეს არის საშუალო კლასი, რომელიც აბიჯებს ჩემს საშუალო კლასის მაღაზიაში ნაყიდ საშუალო ხარისხის ფეხსაცმელს.

ეს არის საშუალო კლასი, რომლის დაუბანელი სხეულიდან გამოყოფილი სუნი გუდავს ჩემს საშუალო კლასის ფილტვებს.

ეს არის საშუალო კლასი, რომლის უსიცოცხლო სახეები სპობს ჩემს საშუალო კლასის ოპტიმიზმს.

ეს არის საშუალო კლასი, რომლის აქა-იქ დაჭერილი დიალოგები წიწკნის ჩემს საშუალო კლასის ნერვებს.

ეს არის საშუალო კლასის სტუდენობა, რომელიც იცინის მაღალ ხმაზე.

ეს არის საშუალო კლასის ჰიფსტერობა, რომელიც “თესლობს” რაღაცაზე.

ეს არია საშუალო კლასის ინტელიგენცია, რომელიც არ თესლობს, არ იცინის და, საერთოდაც, არ ჩანს, რადგან ინტელიგენციას არ უნდა ამ სიცხეში გასაშუალოკლასება, როგორც რევოლუციას – გატელევიზორება.