არდაბადებული პოსტები

ძალიან უცნაურია, ყოველთვის მეგონა, რომ აქ ჩემს თავს ველაპარაკებოდი. მერე ერთმა, პირველად “გეორგიერინის” ისტორიაში, კომენტარი დამიწერა და ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს პარალელურ სამყაროსთან კონტაქტი შედგა. 

ძალიან მინდა, დაუწერელ პოსტებზე მოვყვე. დაუწერელი პოსტები არდაბადებულ ბავშვებს ჰგავს. ბავშვებს, რომლებსაც დიდი შანსი ჰქონდათ ამ არაჩვეულებრივ-იდიალურ-დალოცვილ-სამოთხისებრ სამყაროს მოვლენილიყვნენ, მაგრამ მათ შესაძლო მშობლებს შესაძლო სექსში არ გაუმართლათ.

ასე დაემართათ დაუწერელ პოსტებსაც. ისინი სადღაც, რომელიღაც ავტომაგისტრალზე ჩაისახნენ, როცა მზე, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთიდან ლამაზად ამოდიოდა და მისი მოკრძალებული სხივები მწვანე მინდორსა და გზისპირზე მოფენილ ნაგავს ეფინებოდა. ამინდი იყო მშვიდი, ტემპერატურა – შესაფერისი, ტვინი კი – მომართული გულისკენ და პირიქით. ერთი სიტყვით, იდგა ჟამი აზროვნებისა, გულისხმიერებისა და დიდი დოზით გულწრფელობისა.

ასეთი “ბავშვი” კი ძალიან ბევრი იყო. უმრავლესობა წერისთვის შეუფერებელ ადგილებში ჩაისახა და არავინ იცის, როგორები იქნებოდნენ დღის სინათლეზე, ან ექნებოდათ თუ არა ცისფერი თვალები და სწორი ფეხები, ანალიზის უნარი და ლამაზი პროფილი, ანუ ივარგებდნენ თუ არა წასაკითხად. ამას ვერც ვერავინ გაიგებს. ამის გახსნებას მხოლოდ სიზმრისეული განცდა ახლავს, როცა მხოლოდ განცდა გამოგყვა და არა აზრი.

არადა, სიზმარი მართლაც მშვენიერი გამოდგა: შენ თავისუფლად ახერხებდი შენი სათქმელის მობილიზებას, აზრებისთვის ფორმის მიცემას და არანაირი შემაფერხებელი ბერკეტი არ გაგაჩნდა, რადგან მანქანა ავტობანზე მიაქროლებდა, შენ კი ყვებოდი შვებულების ორ კვირაზე, ჩახუთულ, უჰაერო ქალაქებზე, პლაჟზე გარუჯულ ლამაზ გოგოებზე, უფრო გარუჯულ სიმინდის გამყიდველ ქალებზე, უპერსპექტივოდ დაწყობილ გეგმებზე, მაღაროს ქალაქსა და იმ უთანასწორო სოციალურ კონტრასტზე, რასაც ვერასდროს გაათანაბრებ.

მანქანა კი ისევ მიაქროლებდა. ერთი პოსტი უკვე მზად იყო გამოსაცხობად. ენთერზე დაწკაპებაღა აკლდა და ამ პოსტში იქნებოდა ყველაფერი, რაც ორ კვირაში თავს გადაგხდა, რაც მხოლოდ შენმა თვალებმა დააფიქსირა და რის ანალოგსაც კამერა ვერასდროს შექმნიდა; რაც შენმა გონებამ გადახარშა, როცა ერთი სახლიდან მეორეში დიდი ჩემოდნითა და გაოფლილი ტანით გადადიოდი. ამ პოსტში იქნებოდა ყველა ახალგაზრდა, ვინც ჩემი თავის ობიექტივში მოხვდა, – ისინიც, ვინც გაიბლარა და ისინიც, ვინც ტვინმა ავტომატურად დააზუმა, რათა კარგად ენახა შუბლზე დამჩნეული თითოეული ნაოჭი თუ უფრო ღრმად, ტვინში დამჩნეული სიბრძნის ნაკაწრები.

მაგრამ პოსტი არ შედგა, რადგან რთულია წერო, როცა ის არ ხარ, ვისთვისაც არასდროსაა რთული, რომ წეროს.