განცდები 80-იანი წლების დისკოს ფონზე

უცებ ძალიან მომინდა, სადმე მწვანე ბალახზე ფეხებზემკიდია ფოტო გადამეღო. წარმოიდგინეთ, არც ისე ლამაზ და გრძელ ფეხებზე ბალზაკის ასაკის ქალების შესახებ გაცვეთილი, რომანტიული წიგნი მიდევს; გვერდით ჩემი ახალთახალი აიფონი აგდია, რომელიც გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა და მე როგორღაც შევძელი მისი დაპატრონება; იქვე, ათ მეტრში ფერადი ჰამაკი კიდია, ჰამაკის ყუნწები რაღაც ვირტუალურ ხეებზეა გამობმული; მე გამჭვირვალე, ქათქათა ჭიქაში ზურმუხტისფერი წვენი მისხია; სადღაც 47f95680052336811a8b524eda8134e7მყესებთან იდიალური ტატუ მადევს – შავი ხვრელი ყლაპავს მზის სისტემას; თავქვეშ ჩემი ბიჭის ნაჩუქარი ნაქსოვი სვიტერი მიდევს; გრაფიკულ ცაზე ოზონის გარღვეული შრე თვალსაჩინოდ მოჩანს; ჰაერი რადიოტალღებივით მოძრაობს და თითქოს ხელშესახებია, – ეს ყველაფერი პიქსელების ერთიანობას ქმნის და მე, ძალიან ფერმკრთალი, ვირჯინია ვულფზე ვფიქრობ, ან საფოზე, ან ბებიაჩემზე, რომელიც არასდროს გამიცვნია, არადა, მინდოდა.

ჩემი თითოეული მოძრაობა შენელებულია, რადგან ჩემს სოფელში ინტერნეტი ჭედავს, მე კი, დამავიწყდა თქმა, ჩემი მინდვრის ბოლოზე ვარ წამოკოტრიალებული, ალვის ხეები კლავდია შიფერის გრძელ ფეხებს მაგონებს, სიმინდის ყანის წინ დაჟანგული “ბადია” აგდია (დიახ, ასე ვეძახით ჭიათურაში), სადაც ბავშვობაში ბიჭები თავის პატარა ჭუჭუს შეყოფდნენ და გარეთ აფსამდნენ; გვირილების გრაფიკული ლივლივი ჩემს სუნთქვას უწყობს ფეხს, მე კი ვიხსენებ გვირგვინს, რომელიც ადრე ძალიან მინდოდა და არავინ მიწნიდა და მე რაღაცნაირად მახინჯი გამომდიოდა. მახსენდება წიგნი “მგლის ბილიკი”, “მონანიება” და “გარყვნილების ჭაობში”, რომელსაც შემთხვევით ვპოულობდით და მინდორზე, ყველა ერთად, ხმამაღლა ვკითხულობდით.

ჩემი მოგონებები პირდაპირ ცაზე მოსჩანს, 5D გამოსახულებაში, Ultra Ultra Ultra HD გაფართოებით, მას ჩემ გარდა ვერავინ ხედავს, რადგან სოფელი დაცლილია, ხალხი მაღარომ შეჭამა, მიწა წყალმა ჩაყლაპა, მაღარო კი ღმერთმა ზურგზე მოიკიდა და სამოთხეში წაიღო. ახლა ბაბუაჩემი ისევ იქ მუშაობს, სამი მოჭრილი თითი ისევ თავის ადგილზე აქვს და ელმავალს მართავს. ჩვენი თანასოფლელელბიც იქვე არიან: მბურღავები, მთხრელები, გამნათებლები და რავიცი, ყველა, ვინც ღმერთს ნაბახუსევზე მოეპრიანა. როგორც მითხრეს, შრომის უსაფრთხოების კანონი იქაც ფეხებზე ჰკიდიათ.

უცებ ძალიან მომინდა, ასეთი ფოტო მქონოდა. ფოტო, რომელიც ყველა მოგონებას, მომავლის დღეებს, რეალობას, ირიალობას, სიფხიზლეს, ელესდეს განცდებს, რომელიც არასდროს განმიცდია და ფეხზეც მეკიდა, ერთიანად მოუყრიდა თავს, მაგრამ ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, მხოლოდ ჩემს გონებაში რჩება და, ალბათ, ასეც იქნება, სანამ მეც იმ მაღაროს მიწაში არ ამოვყოფ თავს, რაც არ მინდა, საშინლად არ მინდა, რადგან ჩემი სხეულისთვის უკეთესი გეგმები მაქვს, მაგრამ ღმერთებს ასე უნდათ. ირგვლივ კი იმდენი ღმერთია, ვინ გაუწევს წინააღმდეგობას.