სათაური ვერ მოვიფიქრე

აღდგომა ჩემთვის ძველი, მივიწყებული ადამიანების მონახულებაა. მე ვგულისხმობ ცოცხლებს. ცოცხლებს, რომლებიც სიბერის ზღვარს მიღმა არიან და გარდაუვალ “ფინიშამდე” ყავარჯნებითა და ერთმანეთის მხარზე დაყრდნობით მიდიან.

ყველა აღდგომა, როცა კი სოფელში მივდივარ, ერთნაირია. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ წლები გადის, ჩემს კუთხეში ცოცხალი ადამიანების საწოლები მცირდება და მის პარალელურად სასაფლაოზე ახალი მარმარილოს ქვები იდგმება.

ეს წელი განსაკუთრებით სევდიანი იყო. ალბათ, იმიტომ, რომ დიდი ხანია, არ მინახავს ჭიათურის ეს წყლისგან დავიწყებული, ბოძებით გამაგრებული და მაღაროსგან ნიადაგგამოფიტული სოფელი.

ისინი ემზადებიან, ემზადებიან, ემზადებიან აღდგომისთვის. ღებავენ კვერცხებს, აცხობენ ცომიან გემრიელობებს, ხარშავენ ქათმებს, ყიდულობენ ნამცხვრებს და ა. შ. ამ საჭმელების უმრავლესობა ფუჭდება და იყრება, რადგან არავის აქვს მისი ჭამის თავი. შეღებილი კვერცხები ყროლდება, პასკები ხმება. მაგრამ ისინი მაინც ემზადებიან, ემზადებიან, ემზადებიან. ვუყურებ ამ მოფუსფუსე ხალხს და ვფიქრობ, რომ მათგან ნახევარიც კი არ ფიქრობს ქრისტესა და მის აღდგომაზე. ისინი ფიქრობენ თავიანთ მიცვალებულებზე და მათ მტვრიან საფლავებზე და ისინი, განსაკუთებით მოხუცები, არ ამხელენ, მაგრამ ფიქრობენ თავიანთ მომავალ საფლავებზე.

მე არ შემიძლია მათი ყურება, მათი დაღლილი ხელების, ძალაგამოცლილი ფეხებისა და ცრემლიანი თვალების ყურება. იმდენად მიჭირს, მირჩევნია ყოველ საღამოს მეტროში  შეწუხებულ ადამიანებს ვათვალიერებდე. ორი უკიდურესობაა, არა? – ვიცი.

მე არ მინდოდა, ეს პოსტი აღდგომაზე ყოფილიყო. მინდოდა, სიბერეზე დამეწერა, უფრო სწორად, ჩემს ბებიაზე და ბაბუაზე, ჩემი მეგობრების ბებიებზე და ბაბუებზე და, ზოგადად, ამ ყველაფერზე. ხო, ბანალურია სიბერეზე წერა. ყველამ იცის, რომ მოხუცი ადამიანები ბავშვებივით უსუსურები ხდებიან, მაგრამ მე ვერ ვიტან ამ შედარებას. უკიდურესად მინდა, წელში არ იხრებოდნენ, ერთმანეთის სატარებლები არ ხდებოდნენ, გრძელ ზამთრის ღამეებს მარტოობაში არ ატარებდნენ და არ მინდა მიცვალებულების საფლავებზე ამდენს ღელავდნენ, მაგრამ კარგი, ეს კიდევ არაფერი. უბრალოდ მინდა, რომ ცნობიერებას არ კარგავდნენ, შვილიშვილებს ისევ ცნობდნენ და არჩევდნენ ღვინის ნაცვლად შეტყუებულ წვენის ჭიქას.

ჰო, ასე მინდა, მაგრამ არც არაფერს ვაკეთებ მათთვის და მოვრბივარ ჩემს ბეტონის ქალაქში, ერთფეროვან, რუტინულ და ყოველდღიურ მოწყენილობაში. მოხუცები კი რჩებიან ჯოხებთან, შეშის ღუმელებთან, მოუვლელ, დასაბან ძაღლებთან და პენსიასთან, რომლის გაზრდა მათი სიკვდილთან მიახლოების პარალელურია.

დასასრულს:

ჩემს არარსებულ შვილიშვილებს

(ნაგლეჯი)

რომ დაბერდები, წელში არ მოიხარო!
ჯოხს არ დაეყრდნო, თუ მაგარი ხარ!
ქმარმა არ მიგატოვოს და შვილებმა არ დაგივიწყონ,
მეტროს ამოსასვლელთან მწვანილების გასაყიდად არ იჯდე წვიმაში,
ხელები არ დაგინაოჭდეს, თუ მაგარი ხარ!
თვალებმა ძველებურად შეძლონ საგნების გარჩევა,
მუხლმა ძველებურად შეძლოს კიბეების არბენა,
კუჭის შეტევით არ მოხვდე ექიმების ხელში!
ინფარქტი არ მიიღო!
ალცჰაიმერი დაივიწყე სამუდამოდ!
გონება შენი იყოს ბრწყინვალე, როგორც არასდროს
და სიკვდილი შენი იყოს სხვებისგან გამორჩეული
და მხოლოდ მისი შიშით არ იწამო ღმერთი,
თუ მაგარი ხარ!…

ცენზურაგაუვლელი ფიქრები

4ec6aa6fe74fe3472ed0b6216dddaf37ნუ შემეცით ამ ცხოვრებით,

ნურც იმ ცხოვრებით – სიკვდილის შემდეგ!

ნუ შემეცით 100 წიგნით,

რომელიც უკვე წაკითხული უნდა მქონდეს

და ნურც იმ ფილმებით, რომელიც გოგი გვახარიას აზრით

საახალწლოდ უნდა მენახა…

ნუ შემეცით თქვენი ნავარჯიშები საჯდომებითა

და ფიტნესის გოგოების ფოტოზე მოშვერილი ტრაკებითაც, ნუ შემეცით!

ნუ შემეცით ძილის წინ დასალევი სილამიზის ელექსირის ათი რჩევით,

ნურც ფილტვების გასაწმენდი 5 წესით,

ნურც დავირუსებულ საიტებზე მკერდისა და ასოს გასაზრდელი მალამოს რეკლამებით…

ნუ შემეცით მორალის ქადაგებით, რომელიც არ გაქვთ,

და რომელიც ყველას ინდივიდუალურად გვაქვს ტანზე მორგებული.

ნუ შემეცით მუდმივად დამნაშავედ მაგრძნობინოთ თავი!

ნუ შემეცით, ფბს ჭიებო,

თქვენი მოსაბეზრებელი ზე კრეატიული იუმორით,

თქვენი ოჯახის წევრების ერთფეროვანი ფოტოებით,

თქვენი ინტელექტუალური „სექტების“ ყელში ამოსული გემოვნებითაც, ნუ შემეცით!

ნუ შემეცით სიწმინდისა და განათლების ქადაგებით,

ჩემი არჩევანია, რისი მწამდეს – ანგელოზის, სატანის თუ ნასას რომელიმე წარუმატებელი კოსმოსური მისიის.

ჩემი არჩევანია ბილწსიტყვაობა, როცა მბეზრდება სამსახურეობრივი ძუნწსიტყვაობა

მოქალაქეობრივი უხვსიტყვაობა

თუ ფეისბუქური სტატუსსიტყვაობა…

ნუ შემეცით, მეგობრებო, ახლობლებო, მტრებო,

ჩემი არჩევანია, ვიჯდე ლაფში და ვაცნობიერებდე, სადაც ვზივარ,

თქვენგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობთ, რომ თქვენი დღევანდელი ცხოვრება თქვენი არჩევანია.

დაურედაქტირებელი ფიქრები

3e7680375f4c22a7ebef3923a1ea7f6c

მე არ შემიძლია წერა,

როცა ნოუთუქთან ვზივარ.

არც მაშინ, როცა ხელში კალამი და სუფთა ფურცელი მიჭირავს.

მე მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა სარეცხი ჟელეთი გაქაფულ ღრუბელს ჭუჭყიან თეფშებს ვუსვამ.

აი, მაშინ მე ძალიან კარგი პოეტი ვარ.

ჟელეს თითოეულ ბუშტში ჩემს ფიქრებს ვათავსებ,

მისით იბერება, დიდდება და მთელ ნიჟარას ფარავს…

ნიჟარა კი ემსგავსება კოსმოსურ ხომალდს,

რითაც დედამიწის სტრატოსფეროს ვარღვევ

და აქ დარჩენილ საცოდავ ადამიანებს თვალცრემლიანი დავყურებ ზემოდან.

და მე ვწერ საკუთარ თავზე, რომელსაც ყველაზე უკეთ ვიცნობ…

შესაბამისად, ვიცნობ სხვა ჩემს თანატოლებს,

ჩემზე დიდებს

ჩემზე პატარებს

და, საერთოდაც, მე ადამიანების ამოცნობის არაჩვეულებრივი ნიჭი მაქვს

ამიტომ ვწერ მათზე ანუ საკუთარ თავზე

მე შემიძლია, ქვაბები საჭმლის ნარჩენებისგან გავასუფთაო

და თან კაცობრიობას მშვენიერი აზრები დავუტოვო

ან არც ისე მშვენიერი

რადგან ნებისმიერი მშვენიერი აზრი თავის თავში უკვე მოიცავს საპირისპიროს

მე კი ჩემი ნიჟარით მთვარეს ვუახლოვდები

საწვავი ბევრი მაქვს – ფიქრების გასამართ სადგურზე გამოფრენის წინ ჩავასხი

საკვებიც ბევრი მაქვს და რაც მთავარია სარეცხი ჟელე ერ კიდევ სავსეა

და ერთი კვირის მოუცლელობის გამო

არც გასარეცხ ჭურჭელს უჩანს ბოლო.

ამიტომ მივიწევ

მთვარეს გავცდი

მთვარე არ მიყვარს

არც მისი ბნელი მხარე მადარდებს

არც პლანეტების ნახვის სურვილი მაქვს

მე უბრალოდ ხორცს ვასხამ ბავშვობაში ძილის წინ დახაზულ სამიანს

რომელიც არასდროს ეტეოდა დედამიწაზე და ყოველთვის ზემოთ

კოსმოსისკენ იშვერდა ცხვირს

ამიტომ მივფრინავ

მივფრინავ სპირალურ გალაქტიკაზე

რათა სხვა ნისლეულის ნარჩენებთან ერთად ვიბრუნოთ მე და ჩემმა ჭურჭლით სავსე ნიჟარამ

და ყოველ დასვრილ თეფშზე მახსენდება დედამიწა

მახსენდება სუპერმარკეტი “ფრესკო”

და მახსენდება მისი დირექტორი

და მახსენდებიან მისი თანამშრომლები

და თვალზე ცრემლი მადგება

და ჩემი კურსის სისწორეში გადარწმუნებული გზას ვაგრძელებ.

გავცდი ანდრომედას

წინ ორიონია

გული გამალებით მიცემს,

რა მარტივი ყოფილა სინათლის სიჩქარით გადაადგილება –

მთავარია ცოტაოდენი ჭურჭლის ჟელე და დიდი ნიჟარა.

ყოველი ჭიქის გარეცხვაზე კი ჩემი სამსახური მახსენდება,

სადაც ვერასდროს ვრეცხავ ჭიქას,

რადგან ონკანი შორია

და მუდმივად ერთჯერად ჭიქებში ვფანტავ ფულს

და თვალზე ცრემლი მადგება

და ვბრაზდები საკუთარ თავზე,

რამდენ მშიერ კნუტებს დავაპურებდი ერთჯერადი ჭიქების ფულით

მე რომ ონკანთან მისასვლელად ხუთი მეტრის გავლა არ მეზარებოდეს.

მე ვხვდები, რომ დედამიწაზე 5 მეტრის გავლა უფრო ძნელია

ვიდრე კოსმოსში 1 მილიარდი სინატლის წლის დაფარვა

ამიტომ მივიწევ, მივიწევ წინ,

წინ უამრავი სანახავი გალაქტიკაა

მაგრამ ხომალდის ავზი თუხთუხებს

ძრავა მწყობრიდან გამოდის –

georgian water and power,

შენი დედა მოვტყან!

ხალხს ოცნებასაც არ აცდი.

წყალი წავიდა.