ყველაფერი ერთად, თუმცა არასრულად

მე ვერ ვწერ პოსტებს და, მითუმეტეს, ვერც პოსტები მწერს. მე ყველაფერს ძალდატანებით ვაკეთებ. მე ვწერ სტატიებს ავტომობილის მაგნიტოფონზე და დასაწყისში ვლაპარაკობ ოლდოს ჰაქსლიზე, ფორდზე, ტირიონ ლანისტერზე, რაც სრულიად უადგილოა.

მე ზოგჯერ მიყვარს ადამიანები. ადამიანები ზოგჯერ ძალიან მეცოდებიან, მაგრამ შეცოდება ყველაზე უსაზიზღრესი განცდაა და ამიტომ მძულს საკუთარი თავი მის ნიადაგზე. მე ვერაფერს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, გარდა ახალი “პროფაილ ფიქჩერისა”, სადაც მიწერია, რომ რუსეთის ოკუპირებულია ჩემი ქვეყანა. ვფიქრობ, არც ქვეყანა ელის რამეს ჩემგან, გარდა ორი კარგად აღზრდილი, განათლებული ბავშვისა და ეს სულაც არ არისო ცოტა, ასე მითხრეს.

მე ზოგჯერ მძულს ადამიანები. მივდივარ ქუჩაში და გულში ყველას ვლანძღავ. ყველას, ვინც ჩემ ირგვლივ მოძრაობს, ყველას, ვინც ჩემს ტვინში ბრუნავს, ზოგჯერ – მათაც, ვისაც გულში დიდი ხანია ადგილი გამოვუყავი.

აგვისტოა. თუ ფული გაქვს, სადმე უნდა დაახვიო. თუ გოგო გყავს, ხელი უნდა მოკიდო და სადმე ერთად აითესოთ. თუ ბიჭი გყავს, უნდა აიძულო, შენთან ერთად აითესოს. თუ მარტო ხარ, – მითუმეტეს. უნდა აითესოთ მატარებლით, ორსართულიანი მატარებლით და აუცილებლად მეორე სართულის ბილეთით. ქალაქი ფეხზე უნდა დაიკიდო. ერთხელ მაინც უნდა აიხდინო დიდი ხნის სურვილი და სადმე მაღალმთიან სოფელში წახვიდე. რატომ გინდა ზღვა? რაში გჭირდება გარუჯული ტანი. ამდენი ყავისფერი უკვე ყელშია. ამას ისევ ის სჯობს, თბილისში დარჩე და დამწვარი ბამბის ნაყინის ფერი შეინარჩუნო. მზე ცუდია წვივებზე დამჩნეული ვენებისთვის.

ესსეების წერე უნდა ვისწავლო. ჯერ უნდა ვისწავლო, როგორ იწერება სიტყვა “ესე”, ორი თუ ერთი ს-თი. ფული უნდა ვიშოვო. ფული უნდა ვიშოვო და სახლი ავიშენო. კომფორტი ძალიან მაგარია, განსაკუთრებით მაშინ, თუ არასდროს გქონია.

სწავლას აზრი აღარ აქვს. მაინც არაფერი გამოდის. რაც ვისწავლი, რა ინტელექტიც შევაგროვე, ის უკვე გამოვჭამე. ჯერ ნელ-ნელა კიდეები მოვაჭამე, მერე მადა გაიხსნა, შიმშილმა იმატა და ძირფესვიანად შევსანსლე. აბა, რა მექნა, მშიოდა. მშიერი კაცი – საშიში კაცი.

ახლა უინტელექტოდ დავდივარ. არაფერი ვიცი კვანტურ ფიზიკაზე, არაფერი ვიცი ხელოვნურ ინტელექტზე, არაფერი ვიცი შავ ხვრელებზე და სრულიად არაფერი ვიცი სხვა ქვეყნებზე, სრულიად არაფერი. ზოგჯერ ლექსიც კი ვერ გამიხსენებია თავიდან ბოლომდე. ძირითადად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, საცოდავად ვლუღლუღებ ხოლმე და ეს ოხერი “ნიხვატკა” იმ სივრცესაც ჭამს, სადაც წესით ჩემი ინტელექტი უნდა ნებივრობდეს, აკეთებდეს აზიდვებს და გამკლავებებს.

მეგობრებიც დაიფანტნენ. ზაფხულია, აბა, რა იქნება. არა, მიზეზი სხვაა. მიზეზი მე ვარ, მიზეზი ჩემი სურვილია, მიზეზი ჩემი მტკივანი ფეხები და  ჩემი გულგრილობაა.

არ უნდა დათრგუნო ემოციები!

არ უნდა დაგუგლო ავადმყოფობები!

არ უნდა აიძულო საკუთარი თავი, მოგწონდეს საკუთარი თავი!

არ უნდა დაიწყო დებულებების ჩამოწერა!

ზოგჯერ ღამით მეღვიძება და სხეულის ნაწილების მოსინჯვას ვიწყებ, – ხან მკერდს, ხან ფეხებს, ხან კისერს ან მუცელს. ყველგან რაღაც ზედმეტს ვეძებ, რაც ჩემი სხეულის არ იქნება, ანუ რაზეც მივალ და ექიმს ვეტყვი – ექიმო, მიშველე რამე, ჩემი არაა, ჩამიდეს.

და ექიმიც მიშველის, ანუ ძალიან მალე დამასვენებს ამ ყველაფრისგან.