უფროსი ყოველთვის დამნაშავეა

The-Virgin-Suicides-211

“ჯანდაბა! რა საწუხარი უნდა ჰქონდეთ თანამედროვე ბავშვებს? თუ ტანჯვა იზიდავთ, დაე, ბანგლადეშში წავიდნენ”  

ამბობს გაბრაზებული მისტერ იუჯინი. მისი სიტყვები გულისტკენის თავისებური გამოხატვაა, როცა მიზეზი არ იცი; როცა საკუთარ თავში დანაშაულის პოვნა არ გინდა; როცა შენს ქალაქში თელა მოჭრეს; როცა შენს მეზობლად ხუთმა დამ თავი მოიკლა.

ვინ არიან ლისბონთა გოგონები? თითქოს ყველა ერთნაირად ქერა, ფერმკრთალი და კაფანდარაა. თუმცა თანდათან მათი ნაკვთები იკვეთება: ერთს შედარებით მაღალი კისერი აქვს, მეორე დანარჩენებზე მეტად გამხდარია, მესამეს ტუჩზე შესამჩნევი ღინღლი აქვს და ა. შ. მაგრამ მკითხველის წარმოსახვაში ისინი მაინც განურჩევლები რჩებიან, როგორც ხუთი და, რომლებსაც თვალებში თვითმკვლელობა ეწერათ.

ზოგი თვლის, რომ თვითმკვლელობას ასაკი აქვს. ზოგის აზრით, მას გამოკვეთილი მიზეზი არც სჭირდება.ზოგს მიაჩნია, რომ ის დეენემით გადაიცემა. ვარაუდი უამრავია, ფაქტი – თვალშისაცემი. ახალგაზრდების რომანტიკული დამოკიდებულება სუიციდის მიმართ დიდია. და არა მხოლოდ მათი.

როცა უბედურება ხდება, შენი ორგანიზმი დამნაშავის ძიებას იწყებს. ვინ არის დამნაშავე? – მშობლები, საზოგადოება, დრო, ბედი. რომელიმე  მათგანი თუ ყველა ერთად? ფაქტი ერთია, გოგონებმა ვერ გაუძლეს მშობლების მკაცრ კარჩაკეტილ ოჯახურ პოლიტიკას. მათი ზედმეტი რელიგიური მისტიციზმი, შვილებში თავისებურად აღიბეჭდა. საზოგადოების ხელშეწყობა, პრესის უგუნურება, სახელმწიფო პოლიტიკის სისულელე – ხეების მოჭრა – ეს ყველაფერი ყულფივით იკვრება და დების გამხარ კისერზე პოულობს ბინას.

მათგან თითოეულიც თავისებურად ეძებს დამნაშავეს. პრესა გოგონების სპირიტუალურ გადახრებზე საუბრობს, მშობლების თაობა თვლის, რომ “ამაში ბრალი მიუძღოდა ჩვენს მუსიკასა და ჩვენს ურწმუნოებას, აგრეთვე, მორალური პრინციპებისგან განძარცვულ სექსს”. მათი აზრით, ეს იყო დაცემის გზაზე დამდგარ იმპერიაში ცხოვრების ტრაგედია. “ლისბონთა გოგონები იქცნენ იმ ტანჯვის სიმბოლოდ, რომელსაც ეს ქვეყანა განაცდევინებდა თავის უდანაშაულო მოქალაქეებს”. ასე ფიქრობდა მშობლების ჯგუფი – ერთ-ერთი ხელშესახები და რეალური დამნაშავე ტრაგედიაში.

ვიცი, ბრალის დადება გადაჭარბებულია, ან საჭირო არც არის. მაგრამა ამის უფლება მაქვს, რადგან მკითხველი ვარ, რადგან ქართველი ვარ (ქართველებს უყვართ თითის გაშვერა და “დამნაშავეას” ძახილი) და შვილების თაობას ვეკუთვნი.  ჩემს შვილებს ექნებათ უფლება, ტრაგედიებში ჩვენ დაგვადანაშაულონ, რადგან შვილები იმ გარემოში ცხოვრობენ, რასაც ვახვედრებთ; იმ კონსერვს ჭამენ, რასაც ჩვენ ვხუფავთ; იმ აზრებით იტენებიან, რასაც ჩვენ ტვინში ვუჭედავთ, სანამ თავად არ დაიწყებენ მათგან გათავისუფლებას.

სინამდვილეში გოგონებს სულაც არ სჭირდებოდათ დამნაშავე. ერთი შეხედვით მათი საქციელი პროტესტიც იყო და უბრალოდ, სამუდამო მარტოობის მოპოვებაც, რომელსაც ასე საგულდაგულოდ უფრთხილდებოდნენ. შეიძლება, სხვებივით მათაც ბეისბოლის თამაში თუ კორტებზე ხეტიალი ხიბლავდათ, მაგრამ მაინც ამ ყველაფრისგან თავის დაღწევაზე ფიქრობდნენ. მათი თვითმკვლელობა იყო უარი, “ეცხოვრათ იმ სამყაროში, რომელსაც მათ აჩეჩებდნენ.”

როცა “თვითმკვლელ ქალწულებს” კითხულობ, შენც მათი გავლენის ქვეშ ექცევი, მათზე შეყვარებული ხდები და ისე წარმოთქვამ დასასრულს, თითქოს ლისბონთა გოგონებს თავად მიმართავდე:

“გვიყვარდა ისინი, მათ კი ვერ გაიგეს ჩვენი ძახილი და ახლაც არ ესმით. ჩვენ თმა გაგვითეთრდა და ქონი მოგვეკიდა. აქედან, ბავშვობის დროინდელი შტაბიდან, მოვუწოდებთ მათ, დაგვიბრუნდნენ იმ სიცარიელიდან, რომელსაც თავი შეაფარეს, რათა სამარადისოდ მარტონი დარჩენილიყვნენ; ჩაკარგულიყვნენ თვითმკვლელობის სიმარტოვეში, რომელიც უფრო ღრმაა, ვვიდრე სიკვდილი, და სადაც ვერასოდეს ვიპოვით თავსატეხის ნაწილებს, რომელთაგანაც ერთიანი სურათის შექმანს შევძლებდით.”

 

 

Herta Müller “სუნთქვის საქანელა”

hmsigniert

“და მწუხარების მალე ნიავში

 მოფრინდნენ ლუჯრი ანგელოზები”

რა უნდათ, საერთოდ, ანგელოზებს? რას გადაგვეკიდნენ?

 

ვკითხულობდი ჰერტას და მისი შიმშილის ანგელოზები ჩემ ირგვლივ დაფრინავდნენ. აქ ჩემმა ქვეცნობიერმა გამოყო ფეხი თუ პირიქით ცხვირი ჩაყო და ანგელოზი ჩემს ფიქრებში გალურჯდა.

კომუნისტურ ბარაკებში 72 შიმშილის ანგელოზია, 72-ივე ერთი ფერისაა, 72-ივე ცბიერია და სულაც არ გავს იმ ანგელოზს, გაჭირვების დროს რომ შველას ვთხოვთ. მაგრამ რა დახმარებაზეა ლაპარაკი, როცა მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი იწურება, როცა ფაშიზმისგან სულშეხუთული, შენთვის ახალი ჭირის მსხვერპლი ხდები. შენ რუმინელი ხარ, ანუ ფაშისტი, ანუ ჰიტლერი გიყვარდა. შენ 17-45 წლამდე ხარ, ანუ ენერგიული, ანუ ეს შენი დანაშაულია, ჰოდა, “დავაი” რუსეთის სტეპებში. იქ ანგელოზები გელიან.

როცა “სუნთქვის საქანელას” კითხულობ, სუნთქვა გეკვრის და შეშდები, ანუ პირდაპირ ეწინააღმდეგები მის  სათაურს. სამაგიეროდ,  სიცივესთან, შიმშილთან, გადატყდომამდე გაყინულ თითებთან ხარ თანხვედრაში. თუმცა არც ისე. რადგან შენ საკუთარ ოთახში ზიხარ, არც ისე მშიერი, არც ისე შეციებული, არც ისე დაღლილი, თუმცა საკმაოდ მონდომებული, გაუგო ლეოპოლდს და დანარჩენ 71 ადამიანს. შენ არასოდეს გინახავს შიმშილის ანგელოზი. შენი ანგელოზი ყოველთვის ყვითელი იყო, მზით გაბრწყინებული, მხოლოდ მაშინ გალურჯდა, როცა პირველად მტვერში დაეცი და ასაყენებლად არავინ მოსულა.

ანგელოზი გალურჯდა, მაგრამ არასდროს გამხდარა შიმშილის, ამიტომ ყოველთვის დამკვირვებლად დარჩები, ამიტომ კითხვის დროს წუწუნიც დაგცდება, რომ წიგნს “ექშენი” აკლია, რომ სიუჟეტი არ ვითარდება. სამაგიეროდ, ვერ გაბედავ რომელიმე პერსონაჟის გაკრიტიკებას, როცა ისინი ერთმანეთს პურის ნატეხებს უცვლიან, როცა რანდევუებზე მიიპარებიან, როცა ქმარი ცოლის თეფშიდან წვნიანს იპარავს. ვერ გაბედავ მათ გაკიცხვას, რადგან შენც ასე მოიქცეოდი, რადგან ენგელოზი შენზე ძლიერია, შენ მისი მონა ხარ და მისგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდები, როცა კვდები.

რადგან ასეთია რეჟიმი. იქ გადაგისვრის, სადაც უნდა.  შენი დამცველი კი მხოლოდ ერთი წინადადებაა:

“მე ვიცი, შენ დაბრუნდები!”

და შენც ბრუნდები. თითქმის 5 წელი გავიდა. ბრუნდები და გხვდება სათადარიგო ძმა – შენგან დატოვებული სიცარიელის შემავსებელი, შენი ადგილის მიმთვისებელი პატარა, ლოყებდაბერილი ბიჭი.

უკვე ზედმეტი ხარ, ლეოპოლდ! ვეღარასოდეს დაიბრუნებ ადგილს ოჯახში. შენ უკვე გამოგიგლოვეს, შენზე უკვე ცრემლი დაიღვარა. ვერც ახალი ნაცნობები გაგიგებენ, ვერც სიყვარული გაგიგებს, რადგან სიყვარული არასოდეს ყოფილა კომუნისტურ ბანაკში. ისღა დაგრჩენია საღამოობით ვალსი ჩართო და რიგ-რიგობით იცეკვო ავეჯთან, პალტოზე ამწყდარ ღილთან და ქიშმიშთანაც კი.

არსებობს წიგნის კითხვის მოწყენილობა. მოწყენილობა არა პირდაპირი გაგებით, არამედ შემოვლითი. მოწყენილობა, როგორც სევდა და სიბრაზე ცალ-ცალკე და ერთად ყველანაირი რეჟიმის წინააღმდეგ.

 

 

ნასვამი პოსტების ტრილოგია. N-3

ქარი შენ გგავს,
გაბრაზებულს
უბედურს
უკმაყოფილოს ცხოვრებითა
და ჩემი სიყვარულით.
ქარი შენ გგავს
რომელიც აწვება ჩემს ფანჯარას
არხევს ფარდას
და მე ვოცნებობ
შენ იყო ეს ქარი,
რომელიც
მოიტანს სუფთა ჰაერს ჩემი ფილტვებისთვის
რომელიც გაანიავებს
ჩახუთულ ჰაერს ჩემს ოთახში
რომელიც მოიტანს ქარიშხალს
და ჩემს ოთახს
ანბანივით ერთმანეთზე დაწყობილი საგნებით
ჰაერში აწევს.
მე მინდა არიო ყველაფერი
როგორც ქარი აკეთებს გარეთ
და ფეხებზე იკიდებს წესრიგს
ფეხებზე იკიდებს მეეზოვის შეგროვებულ ფოთლებს
ფეხებზე იკიდებს მათხოვრებს, რომლებსაც ძინავთ
მათხოვრულ საბნებში
ნათხოვრულ ადგილებზე.
მე მინდა იყო ეს ქარი
რომელიც შემოვარდება ჩემს ოთახში
ჩემს მათხოვრულ ოთახში
ჩემს მათხოვრულ კაბებში გაეხვევა
გაიხლართება
ჩემს მათხოვრულ ტვინში დაიდებს ბინას
ჩემი მათხოვრული აზრებით ააშენებს კიდობანს
რომელიც ჩვენ ასე გვინოდა
და გამბედაობა არ გვეყო მის ასაშენებლად,
რადგან ღმერთმა არ მოგვცა კურთხევა
რადგან ღმერთი
არ გამოისახა ჩემს კედლებზე
არც ჩემი ლეპტოპის ეკრანზე
რადგან ღმერთს ცივა, როცა ქარია,
ამიტომ გეძახი შენ –
იყავი ქარი
და შემოყევი ჩემს ღია ფანჯარას
ჩემს ლურჯ ფარდებს
დედაჩემის დაკიდებულს,
შემოყევი კედლებს
კედლებზე გაკრულ სურათებს
კედლებზე დაკიდებულ კაშნებს
კედლებზე მიხატულ წიგნებს
და შემოდი ჩემს ტვინში
არიე ყველა აზრი
გადააბრუნე ყველა ფიქრი
შეცვალე გულის ცემა
სანამ შემოდგომაა
და სანამ ჩრდილოეთიდან ქარები ქრიან
იყავი ქარი
და შემოდი ჩემს ოთახში.

ნასვამის პოსტების ტრილოგია. N-2

როგორ გგონია,
როდის ვარ ბედნიერი,
როცა ღვინოს ვსვამ?
შენ ცდები,
ისევე როგორც მე შევცდი
როცა მეგონა რომ
სიყვარული ყველა
არაპროპორციული აზრების გარეშე
ბედნიერებას მომიტანდა.
როცა მინდოდა
უბრალოდ მყვარებოდა
და მჯეროდა,
ეს იქნებოდა ბედნიერება.
ახლა წვიმაა,
ეს ყველაზე ბანალური ამინდი რომანტიკოსებისთვის,
ბანალური რომანტიკოსებისთვის
და არაფერია ამაში რომანტიკული
რადგან ნესტში ვიხრჩობით
მთელი ქალაქი ნესტში იხრჩობა
ნესტი სევდას გავს
ტანსაცმლის ქსოვილებში ჯდება
ტვინის ქსოვილებში ჯდება
გულის ძარღვებშიც ჯდება
(არც კი ვიცი,
აქვს თუ არა გულს ძარღვები,
ბიოლოგია არასდროს მისწავლია)
და ჯდება ქსელებში
სოციალურში
ათასგვარი ლინკებით
და ლექსის სტრიქონებით
ან გაწუწული კატების
და ქოლგებიანი გოგოების ფოტოებით.
მხოლოდ სისველე ვერ ატანს
ანუ ის, რითიც შევიგრძნობთ წვიმას
როგორც სევდას
ყველაზე ბანალურ განცდას კაცობრიობი ისტორიაში.

მაკულატურის კონტრ-კულტურა

“ამაზე მეტი სისულელე იქნება? ვდგავართ და ხან ჩავისუნთქავთ ჰაერს, ხან ამოვისუნთქავთ”

/ჩარლზ ბუკოვსკი/ /მაკულატურა/

 

თუ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით, ბუკოვსკის არ გაეკაროთ!

თუ მოგწონთ თქვენი სამსახური, ბუკოვსკის არ გაეკაროთ!

თუ თქვენს აგარაკზე ხართ და დიდი, ლივლივა, ლურჯი აუზიდან თქვენი გოგოს ლურჯი თვალები ამოგცქერით, ბუკოვსკის არ გაეკაროთ!

თუ დღეები ისე გადის, რომ უხამსი სიტყვები არ გცდებათ, ბუკოვსკის არ გაეკაროთ!

თუ ბევრი შვილი გყავთ და მათი ჭაჭყანი ნერვებს არ გიშლით, ბუკოვსკის არ გაეკაროთ!

თუ რელიგიურ ექსტაზში ხშირად ვარდებით, ბუკოვსკის არ გაეკაროთ!

თუ სიკვდილის გაჟიმვა არ გინდებათ, ბუკოვსკის არ გაეკაროთ!

თუ ხანდახან მაინც ბარმენს არ ცემთ, ბუკოვსკის არ გაეკაროთ!

და როდის ვიკითხოთ “მაკულატურა”?

თუ მარტოობა ყელში ამოგივიდათ

თუ ცხოვრებაც ყელში ამოგივიდათ

თუ უმუშევრობაც ყელში ამოგივიდათ

თუ ხალხის ყაყანიც ყელშია

თუ საკუთარი თავიც ყელშია

თუ უხამსი სიტყვების რაოდენობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ უკვე ყელშია

თუ სიგარეტიც ყელშია და უსიგარეტობაც

თუ იმდენს სვამთ, რომ უკვე ისიც ყელშია

თუ იმდენი “თუები” დაგიგროვდათ, რომ ესეც ყელშია.

სხვა შემთხვევაში, ბიძია ჩარლზი, ერთს გადააფურთხებდა და კარგად მოგაგინებდათ.

და მაინც, როგორია “მაკულატურა” ?  ეს არის მარტოხელა, მოძუნძულე მგლებით სავსე ამერიკა. ყველგან მათი უხამსი, მომაბეზრელი წკმუტუნი ისმის. ყმუილიც კი სათანადოდ აღარ გამოსდით. არავის არავინ უყვარს. არავის არავინ სჭირდება. უფრო სწორად, რადგან არავის არავინ უყვარს, ერთმანეთის საჭიროებაც ნულია.  მხოლოდ ქალბატონი სიკვდილი დააბიჯებს ამაყად, სექსუალურად, უშიშრად; დასდევს თავის მსხვერპლს და სადაც მიუსწრებს, იმ წამს მანქანის “კაპოტზე” შემოიგდებს. მის ფონზე ყველა პერსონაჟი დაჩაგრულია. მათი სიხარბე ვერასდროს წვდება სასურველს და ფულიც ისე ცვივა, როგორც გამოუსადეგარი მაკულატურა.

“თუ გამოჩნდა კაცი,  წინასწარ რომ გადაგიხდის ფულს და იმედი აქვს, მომავალში დაუბრუნებ, ყველაფერი იკისრე. აიღე ნაღდი და ქაღალდის ნაგლეჯი დაუტოვე სანაცვლოდ. გამოიყენე იმათი ფული და მაყუთი არ მოგაკლდება. ორი რამ ამოძრავებს მაგათ: სიხარბე და შიში. შენ ერთს დაუდექი მსახურად – მარჯვე მომენტს.”

ამ აურზაურში ლოს-ანჯელესის ღიპიან გამომძიებელს წვიმის კაკუნზე ხანდახან  ლირიულობა დარევს ხოლმე ხელს:

“ჰოდა, აი, ესა ვარ, რაცა ვარ-მეთქი, გავიფიქრე. ვზივარ და ვუსმენ წვიმას. ახლა რომ მოვკვდე, დედამიწის ზურგზე ერთი წვეთი ცრემლი არ ჩამოუვარდება არავის. სულაც არ მინდოდა, ასე გამოსულიყო, უცნაური კია. მაინც სად გადის ჩემისთანა სირის მარტოობის ზღვარი? ქვეყანა სავსეა ჩემისთანა ბებერი ვირებით, რო სხედან, წვიმას უსმენენ და ფიქრობენ, ნეტა საით მიდის ყველაფერიო. სიბერე რო მოგიკაკუნებს კაცს, ჯდები და იწყებ ფიქრს, საით მიდისო.

არსადაც არ მიდის. ჩემი სამი მეოთხედი მკვდარია ისედაც. ”

დასასრულისთვის: ასე მთავრდება სამი მეოთხედი და ხელშიც არაფერი გრჩება, გარდა წითელი კაშკაშა ნათებისა, რომელიც შენი ბეღურაა, წითელი ბეღურა. აქვეა ქალბატონი სიკვდილიც და ისღა დაგრჩენია, მადლობა გადაუხადო მის გრძელ ფეხებს და გამომწვევ საჯდომს, საჭირო დროს რომ მოგაკითხა.

pulp

 

ო, ფორდ, იყავ ნება შენი!

მოკლედ, მეგობარმა ოლდოს ჰაქსლი მომიტანა. წიგნები გამოაქვს ბიბლიოთეკიდან და იმ ვადაში, სანამ უკან დააბრუნებს, ორივე ვკითხულობთ. თუ ვერ ვასწრებთ, მას ლანძღავენ, მე არა მიშავს. მგონი, ამ წიგნზეც უსიამოვნება შეხვდა. მალე წავიკითხე, მაგრამ გვიან დავუბრუნე. დამავიწყდა. მავიწყდება ხოლმე ზოგჯერ.

ეს შესავალი არაფერში მჭირდებოდა, თითების გასათბობად დავიწყე. “საოცარ ახალ სამყაროზე” მინდოდა მეთქვა. ისე, თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ, იდიალური ახალი სამყარო? წარმოსახვაში შეგეშველებით:

თუ 20-დან 35 წლამდე ხართ (პირობითად) და ბმვ-ში “კალიბრის” მაღალ ხმაზე უსმენთ, თქვენი ახალი სამყარო, თანაც საოცარი, მაღალქუსლიან ფეხებზე შემდგარი ქერა ქალებით იქნება სავსე. წარმოიდგინეთ, დღე-ღამეში სამჯერ გაათავებთ, სულ სხვადასხვებთან. შექსპირს არავინ დაგაძალებთ, არც გეცოდინებათ, ასეთი თუ არის ვინმე. ჰელინას დიდ მკერდზე მიადებთ თავს და სომას ბურუსში გაეხვევით. თუმცა, არა, არ მგონია თქვენ ჰაქსლიმ დაგაინტერესოთ. აი, ფორდი რომ გყავდეთ, კიდევ შეიძლება.

თუ 20-დან 35 წლამდე ხართ და მანქანა არ გყავთ, არც “კალიბრი” მოგისმენიათ აქამდე, უფრო დიდი შანსია, ჰაქსლის გაუგოთ. თუმცა თქვენი საოცარი სამყაროც ასეთი იქნება – მაღალ ქუსლებსა და დიდ ძუძუებს ვგულისხმობ.

თუ ქალები არ გაინტერესებთ, ანუ ქალი თავად ხართ და ძირითადად კაცებით ინტერესდებით, თანაც ოჯახის შექმნასა და ბაჭაჭყებით სავსე საძინებელზე ოცნებობთ, თქვენ იქ არავინ შეგიშვებთ. თუმცა ნუ დაღონდებით, დამიჯერეთ, თქვენთვისვეა უკეთესი.

ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვიცი, კატეგორიებში თავის ამოყოფა არავის მოგეწონებათ , თანაც თავისუფლად შეიძლება, შევცდე.
ეს ყველაფერი პირობითია. პირობითობა კი დიდი აბსურდული რამეა, აბსურდი კი დიდად გამოუსადეგარი.
პირობითია ის სამასგვერდიანი წიგნი, პირობითია მისი გმირები, მისი სომა (ნარკოტიკი), მისი ალფა, ბეტა, იფსილონ ინკუპატორ ემბრიონ ბოთლად შობილები. პირობითია, რადგან მე 1990 წელს დავიბადე და მხოლოდ 18 წლის შემდეგ შევიძინე კომპიუტერი (თანაც კრედიტით); პირობითია, რადგან მე ამას ვერ მოვესწრები; პირობითია, რადგან დედა მიყვარს. პირობითია, რადგან სიყვარული მიყვარს და მასთან სექსი მინდა; პირობითია, რადგან ოლდოს ჰაქსლის ოჯახი ყავდა; პირობითია, რადგან ჩემს უბნელ, მარად მოღალატე დ.გ-საც ოჯახი ყავს და არ შეუძლია მის გარეშე; პირობითია, რადგან პუტინიც იტირებდა ბავშვობაში, როცა დედა სიცხიანზე ჟოლოს ჩაის ვერ მიუტანდა.

თუმცა მერე რა. პირობითობა არ ნიშნავს, რომ ოლდოს ჰაქსლი შეცდა, რომ მისი აღწერილი ახალი სამყარო, უტოპიური და უპერსპექტივოა. თანაც, არ დაგავიწყდეთ, ეს ყვეაფერი 600 წლის შემდეგ უნდა მოხდეს. როცა ჩვენგან აღარაფერი დარჩება და თუ რეინკარნაცია ამ ცხოვრების მართლა აზრზეა, მეც ერთ-ერთი ბოთლად შობილი, რიგითი ალფა ბეტა ან იფსილონი ვიქნები (ალბათ, უფრო ალფა+) და ჩემს ნავარჯიშებ, გარუჯულ სხეულს ხან ბეტა მოეფერება, ხან ალფა, ვილოცებ ფორდზე, ვიტირებ მისდამი მიძღვნილ შეკრებებზე, არ მეცოდინება ვინ იყო შექსპირი, არ მეცოდინება ვინ დაწერა “შემოდგომა მანჰეტენზე”.

ჯანდაბას რეინკარნაცია, ჯანდაბას ახალი სამყარო, ვისურვებდი, 600 წლის შემდეგ მეც მომძებნოს ჩემმა “ველურმა” და თუ მაკბეტის ციტირებისას ვერაფერი ვიგრძნო, თავში წიგნის ერთი ჩარტყმით მომკლას.

კარგი, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი პირადული, დავემშვიდობოთ ინტიმურობას და სუბიექტივიზმს. რა თქვა ჰაქსლიმ? – “საყოველთაო ბედნიერებას შეუძლია, ბორბლები გაუჩერებლად ამუშაოს, ჭეშმარიტებას და მშვენიერებას – არა”, ამიტომ მისი წიგნი დაცლილია ჭეშმარიტებისგან, გრძნობისგან, სამართლიანობისგან, აზროვნებისგან, ფიქრისგან, მშვენიერებისგან, ხელოვნებისგან, ხელოვნებით ტკბობისგან, ტკივილისგან, უხერხულობისგან. სამაგიეროდ, სავსეა ბიოლოგიით, სექსით, ჯანსაღი სხეულით, ახალგაზრდობით, ნარკოტიკებით, ყველანაირი კომფორტით.

“- მაგრამ მე მინდა უხერხულობა.
– ჩვენ არ გვინდა, – თქვა მაკონტროლირებელმა, – ჩვენ კომფორტულად ცხოვრება გვირჩევნია.
– მე არ მინდა კომფორტო, მე მინდა ღმერთი, პოეზია, მინდა ნამდვილი საფრთხე, მინდა თავისუფლება, მინდა სიკეთე. მე ცოდვა მინდა.
– გამოდის, ითხოვთ თქვენს უფლებას, იყოთ უბედური.
– დიახ, ვითხოვ, – გამომწვევად განაცხადა ველურმა, – მე ვითხოვ ჩემს უფლებას, ვიყო უბედურო.
– გარდა ამისა, თქვენ ითხოვთ უფლებას, იყოთ ბებერი, მახინჯი და უძლური: უფლებას, გქონდეთ სიფილისი და კიბო; იყოთ მშიერი, გესეოდეთ ტილები, ცხოვრობდეთ მუდმივ შიშში ხვალინდელი დღის გამო, გქონდეთ ტიფი, იტანჯებოდეთ ყოველგვარი ენითაუწერელი ტკივილით. – ხანგძლივი სიჩუმე ჩამოწვა.
– ეს ჩემი უფლებებია და მე მათ მოვითხოვ, – თქვა ბოლოს ველურმა.
– მუსტაფა მონდმა მხრები აიჩეჩა. – ნება თქვენია.”

პ.ს. პირველი, რაც წიგნის დამთავრების შემდეგ ვიგრძენი შექსპირის წაკითხვის სურვილი იყო. ასეც მოვიქეცი:

უ არაფერი არ იქმნება ქვეყნად ახალი

და თუკი ზეცაც არ შეცვლილა დასაბამიდან,

მაშინ სიახლეს რად დაეძებს ფიქრი მაღალი,

ერთხელ შობილი რატომ ვშობოთ ისევ თავიდან?!

მივბრუნდეთ უკან, გავიაროთ წლები წარსული,

ხუთას მზის ჩასვლას გადავევლოთ ოცნებით თავზე,

ვიპოვოთ წიგნი, სიძველისგან ფერგადასული:

იქნებ იქ ვნახოთ შენი სახე მშვენებით სავსე.

მაშინ მომითხრობს დამტვერილი წიგნის ფურცელი,

ვით ადიდებდნენ სილამაზის გასხივოსნებას,

ჩვენი სამყარო ძველებურად დარჩა უცვლელი,

თუ გავასწარით წინაპრების ფიქრს და ოცნებას.

 

წარსულშიც ბევრი მოთაყვანე იყო მშვენების,

მაგრამ სად იყო სილამაზე წინათ შენებრი?!