ჰანს პრომველი – ეგზისტენციას პლიუს ინტიმური ეგზისტენცია

14159812_1190577094340697_738466051_n

შემოდგომის ერთ საღამოს ჰანს პრომველი გავიცანი. გაცნობა მოხდა “არტსაიდზე”, ერთი დაკლიკვით. არ მახსოვს, რა ეცვა, მაგრამ მახსოვს, რომ ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, რომელიც მის მეგობარ დინ ლამბერტს გამოართვა, როცა ის ზეცისკენ იშვერდა. ჰანსი მანიფესტს კითხულობდა მარტოობაზე…
პოსტები მაშინ უნდა წერო, როცა ემოცია მაჯაზე პულსად გიცემს. პრომველზე მაშინ უნდა დამეწერა, იმ საღამოს, სანამ მისი ლუდი დაიცლებოდა, სანამ ნენსი მარტოობისგან იტანჯებოდა, სანამ დინ ლამბერტს მისი სექსუალური ავანტიურა მობეზრდებოდა.
მას შემდეგ ლექსები ჩემში ნესტივით გაჯდა, დაილექა, პულსი დამშვიდდა. ახლა გინდ მასზე დამიწერია და გინდ სილვიას “შეშლილ გოგოზე”, სამი წლის წინ რომ გადამრია. თუმცა ეს ჩემი მინუსია და არამც და არამც მისი. პრომველი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა საჭირო იყო, როცა ყელში მქონდა გადაპრანჭული კლასიკური პოეზია და გარეუბნის მახინჯი გაჩერებები და, რა თქმა უნდა, ყელში მქონდა მარტოობა.
მანიფესტებს წერდნენ დადაზე, წერდნენ ფემინისტებზე, მაგრამ მე ერთ მანიფესტს ვცნობ. ის მარტოობას ეძღვნება… რადგან შეუძლებელია, არ იყო მარტო, რაც არ უნდა კარგი ქმარი, შვილი, მეგობარი და ბრიტანული კატა გყავდეს. შეუძლებელია, დღეში ნახევარი საათი მაინც, მეტროს ვაგონებში დაგუბებული ბლანტი ჰაერივით არ დაგაწვეს მარტოობის შეგრძნება. მარტოობა ნესტს გავს, რომელიც ტვინში, გულსა და კანის ქსოვილებში ჯდება. ეს კარგად იცის ჰანს პრომველმა, რომელიც ზედმეტი ფილოსოფიისა და ინტელექტუალური ტვინის ჭყლეტვის გარეშე წერს. წერს დაკარგულ ადამიანებზე – ანუ თითოეულ ჩვენგანზე; წერს უიმედო ადამიანებზე – ანუ თითოეულ ჩვენგანზე; წერს ღმერთზე – ანუ ერთზე, მაგრამ მრავალჯერადზე. პრომველმა იცის, რომ ყველა მარტოა, რომ ღმერთიც მარტოა და ჩემი მეზობელი ცისფერხალათიანი ციცინო დეიდაც, რომელიც მას თვალით არ უნახავს, მაგრამ ერთი ერთში ჯდება “ჰოთ-დოგების” გამყიდველ მსუქან ქალბატონთან:

” შენ ხარ მარტო,
ქუჩის კუთხეში მდგარო,
Hot Dog – ების გამყიდველო, მსუქანო ქალბატონო.
შენს თვალებში შიშია.
შენ ცხოვრობ სადღაც 69-ესა და 21 -ეს კუთხეში
იაფფასიან ბინაში,
სადაც ყოველღამე ტირი,
რადგან ხმის გამცემი არავინ გყავს…”

როცა ეს ლექსები წავიკითხე, ბევრს ვფიქრობდი პრომველზე. მაინტერსებდა, მართლა ასეთი გულწრფელი იყო თუ არა და საიდან ჰქონდა გერმანული სახელი ამ მანჰეტენელ ბიჭს. მერე ჩემი ისტორია მოვიგონე, – ალბათ, დედას ჰანს კასტორფი უყვარდა, ან სევდიანი კლოუნი თავისი თვალთახედვით, შეიძლება, გერმანელი საყვარელიც ჰყავდა, რომელსაც ჰანსი ერქვა, თუმცა მაინც პირველი ორი ვერსია მერჩია და დავიჯერე კიდეც. ერთი კია, ლიტერატურული ჰანსების სევდა და მარტოობა მასაც ახასიათებს. მის ნაწერებს რომ ვკითხულობ, ზოგჯერ მგონია, სელინჯერის ჰოლდენი გაზრდილა, ლირიურობას დაურევია ხელი, მანჰეტენზე დასახლებულა და პოეზიაში გადავარდნილა.
ძნელია, პრომველზე სტანდარტულად წერო. ამ დროს სამყაროზე გაბრაზებული უნდა იყო, ცოტა უნდა აურიო, სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლე ფეხებთან უნდა გეგდოს და ცოტა უნდა აღეგზნო კიდეც. მისი პოეზია ხომ ასეთია: მცირე უხამსობას პლიუს ბევრი მარტოობა, ბევრი სევდა, უფრო მეტი ლირიულობა და რაღაცის დანაკლისი, – რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ზოგჯერ სახელს ვერ ვუძებნით, ზოგი ლექსების წერას ვიწყებთ და ზოგი კი, ვისაც მკითხველის ნიჭი უფრო მომძლავრებული გვაქვს, სხვის ნაწერებს ვეტანებით.
პრომველის ლექსები ჩემთვის ერთი დიდი რომანივითაა. მისი პერსონაჟები 21-ე საუკუნის რეალური ტიპები არიან. ისინი არა მარტო ამერიკაში, არამედ ყველგან ცხოვრობენ, დახეტიალობენ, განიცდიან, ენატრებათ და ეძებენ… ეძებენ გზას და სწორ ორიენტირს ცხოვრებაში:

“შენ დგახარ გზაზე
შენ სულ გზაში ხარ
და ყველა გზა შენი დაღლილი სხეულისკენ მიემართება
რადგან ყველა ხსნა შენშია
და ეს შენ იცი,
და დარწმუნებული ხარ იმაშიც,
რომ სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან,
ხელს არ გაგიშვებ…”

პრომველი ნამდვილი ბრუკლინელი, ხისტი და რომანტიული მიზანთროპია. თუმცა აზრზე არ ვარ, როგორები არიან ბრუკლინელები, მაგრამ ის ვიცი, რომ მანჰეტენური ლირიულობა, ძალიან კონტექსტურია თბილისურთან, ისევე როგორც კონტექსტური იქნებოდა პარიზულთან თუ გვატემალურთან. რადგან პრომველი წერს იმაზე, რაც ძალიან ინტიმურია და ამავე დროს, საზოგადოც.
ეგზისტენციას პლიუს ინტიმური ეგზისტენცია – ასეთია მისი პოეზია. თუმცა ჰანსი მარტოობაში გადავარდნილი, დეპრესიული ტიპი არავის ეგონოს. მისი ლექსები არ არის მხოლოდ დაკარგულებზე, მარტოსულებზე, ადამიანებზე, რომლებიც დაიღალნენ, ადამიანებზე, რომლებმაც სხვები დაღალეს და ადამიანებზე, რომლებიც მომავალში დაიღლებიან. ის საკმაოდ რეალისტია. როგორც ჩანს, მშვენივრად აღიქვამს იმ გარემოს, სადაც ცხოვრობს. ერთი მშვენიერი ლექსი აქვს გინსბერგისეულ “სიწმინდის” გაგრძელებაზე:

“წმინდა არის ამერიკა, ჩემი სამშობლო,
რომელსაც ნავთობი და სისხლი სჭირდება მსოფლიოში დემოკრატიის დასამყარებლად.
წმინდა არის ერთფეროვნება და ჩემი ოთახის კედლები.
წმინდა არის ტელეშოუებზე გაზრდილი თაობა, რომელთაც ყოველწლიურად
უქვეითდებათ აზროვნების უნარი.
წმინდა არის თავისუფლების ქანდაკება, რომლის ჩირაღდანს ცეცხლი დიდი ხანია ჩაუქრა.
წმინდა არის ყოველდღიურობაში ჩაკარგული ადამიანების ყმუილი,
რომელთაც დიდი ხანია სახე დაკარგეს
და ახლა პოსტტრავმულ სიზმრებში გვეცხადებიან
შეშლილი ანგელოზების სახით.
წმინდა არიან ისინი!”

პრომველმა არ იცის, რამდენი საერთო გვაქვს მასთან. ქართველებზე დაკარგულ ტიპებს სად ნახავს კაცი, ქართველებზე სევდიანებს, მარტოსულებს და ამავე დროს წმინდანებს. წმინდაა ჩვენი ბინძური მტკვარი და წმინდაა ჩვენი მერი ნარმანიაც და წმინდა ვართ ჩვენ, ყველანი, მთელი ჩვენი სიბინძურით და მობეზრებული ყოველღიურობით, საიდანაც თავისდაღწევაში მხოლოდ ჰანსის მსგავსი დარეხვილი ტიპები გვეხმარებიან.