ბრინჯის მარცვლების პოსტი

ყოველთვის, როცა დაბნეული ვარ,

თავში ერთი სიტყვა “ბრინჯი” მიტრიალებს.

წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ჩვეულებრივი ბრინჯის მარცვლები ვარ,

ტროტუარზე მიმოფანტული…

მერე მოდიან ადამიანები, სარგებლობენ ჩემი დაბნეულობით

და ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი ხორცი ამომკენკონ.

ტანში თავიანთ გრძელ ცხვირებს მიკაკუნებენ

და მე ვგრძნობ მათი სხეულის ტემპერატურას.

ის არასოდეს ჭარბობს ნორმალურს…

ყოველთვის, როცა დედაჩემს მაგიდაზე ბრინჯი ებნევა,

ჩემი თავი მახსენდება

და ვუცდი, როდის მოვლენ ფრინველები

და თავიანთი გრძელი ნისკარტებით ამკენკავენ მაგიდის

თეთრი გადასაფარებლიდან.

მე მადლობელი ვარ მათი.

ლამის 14 აპრილია

IMG_3953

(ამოწყვეტილი ჯ. რ. მარტინის წიგნის მე-5 სეზონი გამოვიდა. ვუტრიალე, ვუტრიალე და მაინც ხვალისთვის გადავდე. არადა, როგორ ვუცდიდი. გადავწყვიტე, რომ რაღაც მაწუხებდა და ჯობდა, ამაზე დამეწერა.)

რაღაც ჩუმი სევდა დასდევს ახალგაზრდობას, ფარული, უფრო სწორად, შეფარული, გაუბედავი, არც ისე თავლსაჩინო. აქაოდა, ახალგაზრდა ხარ, ენერგიული, ლამაზიც გეთქმის და რა სევდაზე ლაპარაკობო?! დიახ, იმ სევდაზე ყველა სახის კიდური რომ ადგილზე გაქვს და მაინც მკვდრისფერი გადევს. კიდევ იმ სევდაზე, წესით გააზრებული რომ უნდა გქონდეს ცხოვრების მიზნები. ასე მაგალითად:- ორ წელიწადში უნივერსიტეტს დავამთავრებ, მუშაობას საჯარო სამსახურში დავიწყებ, გავყვები ცოლად ჩემს ბიჭს და  სამ შვილს გავუჩენ. ქორწილი საშუალო ზომის იქნება. მე დაისსაც ვიცეკვებ და ლამბადასაც. დედამთილი “დუბლიონკის” საყიდლად წამიყვანს. მე და ჩემი ქმარი გავაკეთებთ საერთო ფბ-ს და წელიწადში ორჯერ ჩვენს კედელზე დაბადების დღის მილოცვები დაეყრება და ეს იქნება ბედნიერება, რადგან მალე მე მეყოლება საუკეთესო ბავშვი – 1, 2, 3, და ბევრი. არა! იცი, რომ შენგან ეს ყველაფერი შორია. ისეთივე უცხოა, როგორც ტაილანდელი ბავშვის სევდა.

რაღაც ჩუმი სევდა დასდევს ახალგაზრდობას, შეფარული, გაუბედავი. სევდა იმაზე, თუ როგორ გრძნობ საკუთარ მაჯისცემას, როცა ამ დროს სხვისი ფეთქვას წყვეტს. კიდევ იმაზე, როგორ იკიდებ საკუთარ ჯანმრთელობას, როცა სხვა ფრჩხილებით ებღაუჭება. კიდევ იმაზე, როგორ გრძნობ ენერგიის მოზღვავებას, რომელიც წალეკვით გემუქრება და ნაცვლად ამისა, ორგანიზმშივე ფეთქდება და სინათლეზე გამოსვლამდე იყინება.

რაღაც ჩუმი სევდა დასდევს იმ სიმღერას, რომელსაც ვუსმენ. ისეთივე შეფარული და გაუბედავი, როგორც ახალგაზრდობას და მე მახსენდება, რომ ყოველდღიურად, როცა ამა თუ იმ მოვლენებზე ვწუხვარ, რაღაც მნიშვნელოვანი და საჭირო მავიწყდება. რა არის ეს მნიშვნელოვანი:- საყოვეთაო ბედნიერება, თანასწორობა, გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვის ცხოვრების მიზნად გადაქცევა თუ ავოკადოს სალათისთვის მარილის ზომიერად მოყრა? იქნებ, ღმერთი? რა მავიწყდება ყოველდღიურად, როცა თვალი ტელეფონისკენ გამირბის, როცა სარკეში ვიყურები და ჩემი თვალების სარკეებში პატარა თავს ვაკვირდები.

დიდი ხანია, ეს თავი გადიდდა, გაიბერა აზრებით, უაზრო აზრებით; ფიქრებით, კიდევ უფრო უაზრო ფიქრებით; რჩევებით, საშინელი რჩევებით და გეგმებით, რომელიც ჩანასახშივე მოკლეს. რა მავიწყდება ყოველდღიურად? რა არის ის მნიშვნელოვანი, რაც უნდა მახსოვდეს, რაც დააპატარავებს და გააქრობს ახალგაზრდობის სევდას, რაც მკვდრისფერს მომაცილებს და სახის ნაკვთებს მიმზიდველ ფერს დაუბრუნებს.

“მე ხომ მხოლოდ ის მინდოდა,

ისე მეცხოვრა, როგორც ამას ჩემი მე ითხოვდა,

რატომ იყო ეს ასე ძნელი?”

“სახლის ფანჯრები არასოდეს იღება სასურველ მხარეს”

ხედი ყოველთვის მოსაწყენია,

თუ საღამოა და მზე ჩადის

და მისი უიმედო სხივები

ფანჯრის რაფაზე დაზოზინებს.

ხედი ყოველთვის მოსაწყენია,

თუ 24 წლის ხარ

და საქართველოში ცხოვრობ…

თუ მხოლოდ ფილმებია შენი ცხოვრება

და ღამ-ღამობით ფანჯარაზე ჯდომა.

(საით მიფრინავთ, მერცხლები?

ჯერ კიდევ ღია აქვთ მეზობლებს ფანჯრები…

თქვენც მშიშრები ხართ, ჩვენსავით.

ასე გიბრძანეს, – როცა აცივდება,

უნდა გაიძურწოთ

და თქვენს ტალახიან ბუდეს

მეზობლის ცელქი ბიჭი დაანგრევს ჯოხით

(თუ მიწვდა) )

ქუჩა ყოველთვის მოსაწყენია,

როცა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიუყვები

გარეუბნის ახლადდაგებულ ასფალტს.

გაგვიმართლა,

აქ ჯერ კიდევ ცოტა მანქანაა და ნაკლები საწვავის სუნიც.

ქუჩა ყოველთვის მოსაწყენია,

როცა ქარია და ფოთლები აღარ ასხია ხეებს

და შენ ცდილობ, გაჩერებაზე ავტობუსს მიუსწრო,

რომელიც საათში ერთხელ დადის…

მე არ მიყვარს ნაცნობი ადგილები,

სადაც ერთდროს შეყვარებული დავდიოდი

და მერე იერსახე შეუცვალეს,

ხეები მოჭრეს და შენობები ჩადგეს…

შენობები ყოველთვის მოსაწყენია,

თუ იქ არავინ გეგულება

და მისი ჩაბნელებული ფანჯრები

საშინელებათა ფილმებს გახსენებს…

გაიქეცი!

ჩქარა გაიქეცი!

თორემ, მოწყენილობა მოგეპარება

და ქუჩაში ნაპოვნი პოლიეთილენის პარკით

მოგახრჩობს.

ახლა უნდა იყო კარგად.

ახლავე უნდა გადაწყვიტო, რა გინდა:

“ბეკონი თუ თაყვანისცემა”

ახლა, როცა შუაღამისას

ღია ფანჯარაში გარეუბნის სიჩუმე წვეთავს

და უპატრონო და პატრონიანი ძაღლები ერთნაირად ყეფენ,

უნდა გადაწყვიტო, რა გირჩევნია:

ხორცი თუ ბროკოლი

თუ მაღალყელიანი ფეხსაცმელი

და ნასვრეტებიანი ქოლგით აღმა-დაღმა ხეტიალი.

“არ შემიძლია კარგად ყოფნა,

არ შემიძლია, ასე უცებ ავირჩიო თბილი სისხლი თუ სტაფილოს წვენი” –

ამბობს გოგო და ათასომგამოვლილ თმას თითებით აწვალებს.

ახლა, 03 საათსა და 11 წუთზე უნდა გადაწყვიტო,~

რა იქნება მერე.

მერე შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს –

ვპასუხობ მე და მარცხენა ხელზე (რომლითაც წუთის წინ

ათასომგამოვლილ თმას აწვალებდა)

მარჯვენა ხელს ვაფარებ და ორივეთი ერთად სახეს ვიფარავ.