ნასვამი პოსტების ტრილოგია. N-1

ზოგჯერ წარმოიდგენ
როგორ აღებ ფანჯარას
და ღამის პერანგის ამარა
ჩაუვლი შენს ქვემოთ
ოთხ სართულს.
ამ დროს ისეთი განცდა გაქვს,
როგორც ლიფტში
მეთექვსმეტე სართულიდან რომ უცებ მოწყდება.
მერე რა,
იმდენად მხდალი ხარ, ამას ვერასდროს გააკეთებ.
შენ სიმღერებს უნდა უსმინო
შენ ლექსები უნდა იკითხო
შენ უნდა იკითხო წიგნები
თვითმკვლელი ქალების
და კაცებისაც,
რადგან ისინი ბევრად მეტნი არიან
როგორც ყოველთვის.

შენ იმისთვის დაიბადე,
მარად შეწუხებული რომ იყო,
გიყვარდეს და უბედური იყო
არ გიყვარდეს და ცარიელი იყო.
გიყვარდეს შემოდგომა
და ვერასოდეს წახვიდე ტყეში
გიყვარდეს წვიმა და მაინც ჩემი ფეხები.
რადგან სისველის გეშინია,
განსაკუთრებით საწოლში.

შენ იმისთვის დაიბადე
რომ ხანდახან,
როცა ორ ჭიქა ღვინოს მოიპარავ
და დედის უჩუმრად დალევ,
ფანჯარა გამოაღო
და უსმენდე ერთსა და იმავე მელოდიას,
გარეთ კი წვიმდეს
შუქნიშანს დევები აფსამდნენ
ოთახში ჭინკები დადიოდნენ
შენ პაულ ცელანს კითხულობდე
კითხულობდე
კითხულობდე
და ვერაფერს იგებდე,
რადგან
შენ იმისთვის დაიბადე
რომ გიყვარდეს და მაინც ჩემი ფეხები.

გუშინ საღამოს

გუშინ საღამოს უცხო სიტყვა ვიყავი
გრამატიკულად გამართულ წინადადებაში
ძალით ჩატენილი.
ვინ ჩამტენა აქ?
რატომ მოვედი –
ვეკითხებოდი საკუთარ თავს
და ვცდილობდი, დამემარცვლა საკუთარი სახელი
და მეპოვა მსგავსება წინადადების სხვა სიტყვებთან.
ხან ა-ს ვადარებდი ბ-ს
ხან გედან ჰაემდე ფეხით მივუყვებოდი
და მივხვდი, რომ არაფერი გამომდიოდა.
ისეთი განცდა მქონდა, თითქოს
რომელიღაც ცნობილ პოეტს ფეხი დაუცდა
ანუ ხელი გაეკრა
ანუ გადაიღალა
ანუ ამ პოეტს სხვა ბევრი საქმეც აქვს
(წერის გარდა რამით ხომ უნდა ირჩინოს თავი)
და რითმაში უკონტექსტო სიტყვა გაეპარა.

ეს სიტყვა ქართულია
ყოველ შემთხვევაში,
მას ასე ასწავლეს
ასე გაზარდეს
შეიძლება ატყუებდნენ, მაგრამ ახლა მნიშვნელობა არ აქვს
ყოველთვის მტკიცედ და ღიად გამოთქვამდა თავის თავს.
სამი ასოსგან შემდგარ სისხლს
ხორცს, ძვლებს და უამრავ ბინძურ თუ წმინდა ფიქრებს.

ეს უკონტექსტო სიტყვა მხოლოდ სამი ასოსგან შედგება,
ერთი შეხედვით ადვილი ასატანია
თითქოს არც არაფერს გადაამეტებს, არც დააკლებს,
მაგრამ მაინც თვალში გხვდება
გრამატიკულად გამართულ წინადადებაში თვალში გეჩხირება
რადგან მასში ორი ერთნაირი ხმოვანია
ერთიც თანხმოვანი.
ის ისე დგას ხმოვნებს შორის
როგორც დედაჩემი ჩემს ბავშვობაში
და-ძმას შორის –
ორივეზე ხელჩაკიდებული
როგორც სიმშვიდის სიმბოლო,
თეთრი დროშა,
რომ არ გვეჩხუბა,
რომ ჩანგალა არ გამეყარა მისთვის
რომ მყვარებოდა, როგორც დას საკუთარი ძმა.

ყოველთვის ასეთი იყო დედაჩემი
საწოლშიც ასე გვეძინა –
მე და ჩემი ძმა, როგორც ორი ერთნაიირ ხმოვანი
და შუაში მტკიცედ, მაგრამ ნაზად მონანავე დედაჩემი
რომელიც არასდროს იცვლიდა გვერდს
არასდროს გვტოვებდა
მხოლოდ ჩვენ გადავაწყობდით ხოლმე ფეხებს
როცა სიზმრებში ვბორგავდით
იქაც, ალბათ, მხოლოდ მაშინ
თუ შემთხვევით ხმოვნებივით დავიფანტებოდით
და ჩვენს ლამაზ თანხმოვანს, სუსტს და ნაზს
ხელს გავუშვებდით.

გუშინ საღამოს შევეცადე
გადაღლილი პოეტის რითმა
თავად შემესწორებინა
და სიტყვას, რომელიც ჩემი მსგავსი ხმოვნებისგან შედგებოდა
ქვეშ საკუთარი მივუწერე.
მათემატიკური სიზუსტით შეიკრიბა.
ან მე მომეჩვენა რომ შეიკრიბა,
რადგან არც მათემატიკაში ვყოფილვარ ძლიერი
და არც რითმებში.
მე ვიყავი ორი ხმოვანი და ერთიც თანხმოვანი მათ შორის
და არც მინდოდა მეტი.

ხედი N= 9 978

ჩემი ფანჯრიდან ხედი არ იცვლება
უკვე 5 წელია ერთსა და იმავე შენობებს გადავყურებ
მხოლოდ სკოლა შეღებეს ვარდისფრად
ოღონდ ერთი
ჰო, ჩემი ფანჯრიდან ორი სკოლა ჩანს
ერთი ძვირიანი, ერთი იაფიანი
ძვირიანს ხშირად ღებავენ
ძირითადად ფერებში,
რათა ბავშვებმა ცისფერი და მწვანე განათლება მიიღონ.

მათი მშობლები ყველანაირად ცდილობენ
და ამაში უამრავ ფულს იხდიან
რომ წლების შემდეგ, უკვე ჭკვიანმა და დიპლომიანმა შვილებმა
სუპერმარკეტებში იმუშაონ.

სურათი არც ჩემს ოთახში იცვლება
დიდი ხანია კედლების შეღებვა მინდა,
მაგრამ ფული არ მაქვს.
ჩემი მშობლებიც გაისარჯნენ.
კრედიტებს ვიღებდით, ვსესხულობდით,
რომ წლების შემდეგ ფანჯრიდან ხედი მეთვალიერებინა და
ინტერნეტში ვაკანსიები მეძებნა.
ასე მგონია, ჩემ გარდა ყველა მუშაობს
და რადგან მე “კარგი” სანაცნობო არ მყავს
შიგადაშიგ ფანჯრიდან ვიყურები
და ვფიქრობ
რომ შვილებს არ გავაჩენ
და არც ფულს გადავიხდი მათ განათლებაში
და არ გავწირავ მათ იმისთვის,
რომ შემდეგ ფანჯრიდან სკოლების ხარისხი ამოწმონ.

მე მეყვარება, მაგრამ ფული არასდროს მექნება
ჩაიზე დავპატიჟო
ამიტომ, როცა მასაც აღარ ექნება,
ვისხდებით სადმე სკვერში.
როცა წვიმა მოგვისწრებს, ვივლით ქოლგით ხელში
და მშრალი ადგილების ძებნაში დაგვათენდება.

სისულელეა, გატყუებთ,
სინამდვილეში შვილები ძალიანაც მინდა.
მინდა, ბევრი ვიმუშაო მათი სრულფასოვანი განათლებისთვის,
რომ წლების შემდეგ მათაც იმედები გაუქრეთ
საკუთარ შესაძლებლობებზე აზრი შეეცვალოთ და
ფანჯრიდან ხედები ათვალიერონ,
რომ ხელი ჩაიქნიონ ვარდისფერ სკოლებზე მათი შვილებისთვის
რომ გაბრაზებულ გულზე მთავრობას აგინონ
რომ გაბრაზებულ გულზე მეც მაგინონ
რომ გაბრაზებულ გულზე თქვენც გაგინონ
და ღმერთსაც, თუ ამის გამბედაობა ექნებათ
და თუ ეს კიდევ მოდაში იქნება…
მაგრამ როცა კი  შესაძლებლობა მიეცემათ
ბანკში გაიქცნენ და პირველივე მოხელეს “მისცენ”
ანუ დიდი პროცენტის ფასად
დაფარონ სწავლის გადასახადი შვილებისთვის.

ეს ერთი დიდი წრეა,
რომლის ბოლომდეც არავინ მიდის.
მხოლოდ შიგადაშიგ შესვენების უფლება გვაქვს
რომ ჩამოვსხდეთ უიმედობით დაღლილები
და ახალი იმედების ძიება დავიწყოთ.

მარქსმა თქვა, ყველა პრობლემა სოციალურიდან გამომდინარეობსო,
მითხრა ჩემმა შეყვარებულმა
მე კი პასუხად მაგრად ჩავეხუტე,
რადგან ვგრძნობდი, რომ მარქსი ძირითადში მართალი იყო.