სული რომ ამოსდიოდა/As she lay dying

370dd59b8f45bf6ef64de8a55db497b3ღმერთო, მე არ მინდოდა, ფოლკნერზე დამეწერა. მე, უბრალოდ, ხელში ახალი წიგნი ავიღე, რადგან არ მინდოდა, ფოლკნერზე დამეწერა, ან ვარდამანზე დამეწერა, თევზზე დამეწერა, რომელსაც ვახშმად შევჭამდი და რადგან მეც ვიცოცხლებდი, ე. ი. ედი ბანდრენიც იცოცხლებდა, რადგან ედი ბანდრენი თევზია და თევზს რომ შევჭამდი და ვიცოცხლებდი, ე. ი. ედიც იცოცხლებდა.

ღმერთო!- არა, ღმერთებს არასდროს სცალიათ ჩვენთვის. ხალხნო, მე არ მინდოდა, ფოლკნერზე დამეწერა, კეშის გამოჩორკნილ კუბოს გეფიცებით, დიუ დეილის ფართო თვალებსა და დარლის გიჟურ სიცილს, რადგან ძალიან რთულია, ფოლკნერზე წერო. მაგრამ უფრო რთული ყოფილა, მისი წაკითხვის შემდეგ ახალი წიგნი დაიწყო ისე, რომ ორი სიტყვა არ დაწერო ამ ოჯახსა და მის ოდისევსურ მოგზაურობაზე.

როცა მას სული ამოსდიოდა, იოკნაფატოფას ერთ-ერთ შტატში ჰაერი იხუთებოდა, მდინარე დიდდებოდა, ხიდი მიჰქონდა, კუბო ითლებოდა, თევზი იჭრებოდა, ნამცხვარი ცხვებოდა და ცხენი მიჰქროდა, წინ, ყველაზე წინ, რადგან მის პატრონს არ შეეძლო, დედის გვამის სანაცვლოდ ცხენი დაეთმო.

როცა მას სული ამოუვიდა, ჩვენ ყველანი ქალაქში წავედით: ენსი, დარლი, კეში, ჯუელი, დიუ დეილი, ვარდამანი, ნათხოვარი ჯორები და მე. როცა მდინარეს კუბო მიჰქონდა, მე ნაპირზე ვიყავი, ხან დარლს ვეხმარებოდი, ხან კეშის ხელსაწყოებს ვეძებდი, ხან გულში “ჯუელს” ვყვიროდი. ოფლში ვცურავდი, რადგან მალე მეტრო გოცირიძემდე მივაღწევდი და უნდა ავდმგარიყავი, კითხვა შემეწყვიტა და უშველებელი ხიდი გადამევლო, რომელსაც ვერცერთი მდინარე ვერასდროს წაიღებდა, რადგამ ამ სიგრძის მდინარეს არასდროს ჩაუვლია თბილისში. სამაგიეროდ, ტალის ხიდი წაიღო წყალმა, მაგრამ ჩვენ მაინც გავედით მომდევნო ნაპირზე, მე – წერეთელზე, ისინი – ჯეფერსონში.

რატომ უნდოდა ენსის ახალი კბილები? რატომ ჰგავდა ახალი მის ბანდრენი ყველაფრის მკადრებელ ქალს? რატომ იყო ჯუელის დედა ცხენი? რატომ წაიყვანეს დარლი მატარებლით? – რადგან ცოდვის შვილები იყვნენო, იტყოდა კორა. მაგრამ ცოდვა ხომ უბრალოდ ტანსაცმელს ჰგავს, რომელსაც სხვისი თვალის ასახვევად ვატარებთ, რადგან ჩვენთვის ის ცარიელი სიტყვაა და შესაბამისად, ცარიელი სიტყვაა მონანიებაც, უპასუხებდა ედი ბანდრენი.

იოკნაფატოფა კი სავსე იყო კეთილი და სასტიკი ადამიანებით, უვიცებით, ბრმადმორწმუნეებით და ურწმუნოებით და, რა თქმა უნდა, სავსე იყო ისეთი გაუნათლებელი, თუმცა მოაზროვნე ადამიანებით, როგორიც დარლის შეშლილი ფიქრები იყო.

და ჯუელს ცხენი უყვარდა და ჯუელი მამაცი იყო.

ვარდამანს ცოცხალი თევზი უყვარდა და ვარდამანი თევზის შვილი იყო.

კეშს თავისი ხელსაწყოები უყვარდა და კეში კუბოს შვილი იყო.

დიუ დეილს არ უყვარდა, ის რაც მის მუცელში იყო და დიუ დეილის შვილი ათი დოლარის ტოლფასი იყო.

ბოლოს ენსიმ მაინც ჩაისვა კბილები, მე კი ახალი წიგნის კითხვა დავიწყე.

“იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს”

illustrationgirlmonstersketchblackwhitedrawing-d93c860cb970acf16bffbec6c051a240_hერთხელ ერთმა ლექტორმა მითხრა: – შეყლაშვილი, სანამ შენი ტვინი დაიკეტება, რამე დაწერეო. ასეთი ხარ, უცებ გეხსნება და იმ მონაკვეთში უნდა მოასწროო. კარგად მიხვდა ის კაცი ჩემს ხასიათს…

და არა მხოლოდ ხასიათს, ჩემს შესაძლებლობებსაც მაგრად ჩაწვდა. სადამდეც ნერვები უთმენდა, მათრია და მერე მითხრა, – არასერიოზული ქალი ხარო. მაგრად ჩამწყდა გული. ისე ჩამწყდა, პირველი სასიყვარულო იმედგაცრუება რომ მონაგონია. ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ბევრ რამეში ცენტრიდან მარცხნივ გამახედა და არ ვპატიობ ჩემს თავს, რომ შემეძლო მის გვერდით ყოფნა, მაგრამ ჩემი “სიმხდალის” გამო, ეს ამბავი დავიკიდე.

არადა, გეფიცებით, სრულიად სერიოზული ვარ, ზოგჯერ ზედმეტადაც კი და თუ სადმე ბევრი ლაპარაკი მიწევს, საკუთარი თავით უკმაყოფილება მიპყრობს. ვერ ვიტან ბევრ ლაპარაკს. რაც არ უნდა ჭკვიანაურად ვლაპარაკობდე, მაინც იდიოტობებს ვურევ და ჩემი მეგობრის საყვარელ ფრაზას გამოვიყენებ – “ჩემი თავი მეპარება”. ოღონდ ჩემი თავის სუსტი ადგილები მეპარება.

სხვა სტუდენტობიდან არაფერი მახსოვს. მახსოვს კურსელები, ალაგ-ალაგ და მახსოვს ლექტორები, უფრო ალაგ-ალაგ და მახსოვს ერთი ქალი, ქურთუკმოსხმული, შუა ლექციაზე რომ შემოდიოდა და სწავლის გადასახადის შეხსენებით გულს მიხეთქავდა.

მოკლედ, გამომიშვა. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რამდენი შესაძლებლობა მქონდა და რა არარაობად შემეძლო მექცია ჩემი ცხოვრება.

ჰო, ერთხელ ისიც თქვა, ერთხელ რაღაც კარგი გამოგივათ ცხოვრებაში, მეტს თუ არაფერს გააკეთებთ, მუდამ ის ერთი გექნებათ გასახსენებელი და ყველას სხვასაც ყელში ამოუყვანთო. მერე დრო გავა, დაბერდებით, კბილები გაგიფუჭდებათ, სენტიმენტები მოგერევათ, იმ ერთ რაღაცას “უჯრაში” მიტენილს იპოვით, გადმოიღებთ, მტვერს გადაწმენდთ, წაიკითხავთ და ატირდებით, მართლა რა კარგი ყოფილაო. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ტიპი მე ვიყავი და არც არაფერს შევცვლიდი მისგან თავის დასაღწევად. ახლა კი ვფიქრობ, რომ მგონი აკაკიზე ღადაობდა.

მოკლედ, “იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს”, ანუ კარგ ხალხს, ცენტრიდან მარცხნივ რომ მიგატრიალებინებენ ათასი სისულელით გამოჭედილ თავს.

სახლში მარტო დაბრუნებულთა ჰიმნი

cbcc8789591bb13f7c4b4084a064c1cf(მადლობა მეგობარს, რომელიც, ყველა სხვა განცდასთან ერთად, წერის სურვილს მიღვიძებს)

შენ ბრუნდები სახლში თითზე გახეული წინდითა და მეგობრის ნაჩუქარი ფეხსაცმლით.
შენ ბრუნდები სახლში ძლივს შეკოწიწებული ინტელექტითა და არც ისე სახარბიელო მომავალზე ფიქრით.
შენ ბრუნდები სახლში ყოველდღიური რუტინისგან დაღლილი და
გენეტიკურად მიღებული მარტოობის მუდმივი განცდით.
შენ ბრუნდები სახლში ვერნასწავლი გრძნობების მოთოკვითა და არეული ნერვებით.
შენ ბრუნდები სახლში არარსებულ შვილებზე ფიქრით და მათ არარსებულ საზრუნავზე ზრუნვით.
შენ ბრუნდები სახლში და არწმუნებ საკუთარ თავს, რომ თუნდაც სახლში დაბრუნება უკვე კარგია.
შენ ბრუნდები სახლში და ათვალიერებ სხვა, მარტო დაბრუნებულებს, მათ დაღლილ და ჩამოყრილ მხრებს, ამოღამებულ თვალებს, შესაღებ თმას, გაუპარსავ წვერს და თითოელ მათგანზე მხოლოდ მძიმე სოციალურ პირობებს ხედავ…
და შენ ფიქრობ, რომ დროა, საკუთარ ფილტვებს, ვენებს, ხერხემალს, მკერდსა და ტვინს მიხედო. იმიტომ, რომ შესაძლოა, მუდმივად მარტო მოგიხდეს სახლში დაბრუნება, მუდმივად მარტო მოგიხდეს ქარიან ამინდში გაჩერებიდან სახლამდე მირბენა, ბნელ სადარბაზოში მხდალივით შეპარვა, კედელზე აკრობა და ათას საშინელებაზე ფიქრი, სანამ ლიფტი შენამდე დაეშვება. ამიტომ ჯანმრთელი უნდა იყო, ცოტა კარატეც ისწავლო, სახლში ერთი შავტუხა ფისოც მოიყვანო და “აიძულო”, ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული შენს სახლში დაბრუნებას უცდიდეს.
შენ კი მღეროდე სახლში მარტო დაბრუნებულთა ჰიმნებს. მღეროდე შენთვის, გულში და მხოლოდ მეტროს სადგურებს შორის ყელიდან უშვებდე ვერმოთოკილ ბგერებს, რომელიც ამბობს, რომ “შენ არასდროს ისეირნებ მარტო”, რომელიც ტყუის, რომელიც ტკბილად, მაგრამ მაინც ბოროტად ტყუის.

ის ფაქტები, რასაც ახლა წაიკითხავთ, სინამდვილეში ფაქტები არ არის

cd94a44a502d9aac76f431d5aa171ee7გადაულახავ წერის სურვილში გამყავს დღეები და კვირები. ეს გამოზომილი და გამოზოგილი დროა. დრო მუშაობისთვის, დრო გზისთვის, დრო შეყვარებულისთვის, დრო  ტირილისთვის, დრო ძილისთვის და დრო ჩემი თავისთვის. არასდროს არცერთს მიუღია მეტი, ყოველთვის საჭიროზე ნაკლებს იღებდნენ. მხოლოდ არაფერი ისაკუთრებდა უამრავს და ეს არაფერი იყო ლოდინი მუშობასა და ჭამას შორის, შეყვარებულსა და გზას შორის, ლეპტოპსა და ოჯახს შორის, გარემოსა და საკუთარ თავს შორის.
ვინმე ჭკვიანმა მათემათიკოსმა თუ ფაქტების ზედმიწევნით აღმწერმა ეს დრო რომ დაიანგარიშოს და ჩემთვის მონიჭებულ დროს გამოაკლოს, დროის ჩემი ფეხები დამრჩება.

(რა ეგზისტენციური ვარ არა?! გამათბობელს მიხუტებული 25 წლის მოსიარულე ეგზისტენცია, რომელიც დროის მნიშვნელობასა და მონაკვეთებს იკვლევს. დაკვირვებიხართ, როგორი სექსი გახდა ეს სიტყვა – ე გ ზ ი ს ტ ე ნ ც ი ა. თუ შეძლებ და ოდესმე ვინმესთან საუბრის დროს გამოიყენებ, მაგარი ტიპი გამოჩნდები. თითქმის ორგაზმამდე მივიყვანეთ. კამიუს ალბათ აჟრჟოლებს კიდეც. ხო, ჩვენ მოგვწონს სიტყვების ატაცება, მოგვწონს ერუდირებული ორგაზმი და მოგვწონს საკუთარი თავი მის პიკზე. ერუდაციის პიკს ვგულისხმობ.

თქვენ ფიქრობთ, რომ მე ახლა მაგრად ვატრაკებ და არ ცდებით. მე მართლა ვატრაკებ. იმიტომ, რომ წერისთვის განკუთვნილი დრო გამოზომილი მაქვს. იმიტომ, რომ ჩემი ლეპტოპი მე არ მეკუთვნის და არც მე ვეკუთნი ჩემს თავს იმიტომ, რომ გაჭირვებული ვარ და გაჭირვებული ვიქნები მაშინაც, როცა, რეალურად, გაჭირვებული არ ვიქნები.

გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ უამრავი დრო დავკარგე, მაგიჟებს. ლამის მეტროს ვაგონებში ხმის გამაძლიერებლებით ვიყვირო, – ეი, დაბნეულებო და დაღლილებო, უაზრობაში დრო არ დაკარგოთ-მეთქი. ან დაკარგეთ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ.

იდიოტიზმია ეს ამბავი. ეს ქვეყანა იმისთვის შეიქმნა, რომ დროები კარგო, მერე ეძებო, ვერ იპოვო და თითები იკვნიტო. მერე მოკვნეტილ თითებს დააშტერდე, რამდენი დრო დავხარჯე თითების კვნეტაშიო, გაიფიქრო და იტირო, მერე სარკეში ჩაიხედო, რამდენი დრო დავხარჯე ტირილშიო და გაბრაზდე… და ამასობაში, შეიძლება, ბრინჯი ტაფაზეც მიგეწვას, ან ბავშვი საწოლიდან გადმოგივარდეს, ან იმ ვაგონმა გაგასწროს, სადაც შენი მომავალი სიყვარულია. ისიც შეიძლება, იმ ავტობუსმა გაგასწროს, შემდეგ გაჩერებაზე ძელს რომ ეჯახება და ფეთქდება. ასე რომ, დიდი უაზრობაა ეს ყველაფერი – ამაზე ფიქრიც, წერაც და კითხვაც. ახლა შეიძლება, ამ დროის მანძილზე უკეთესი რამე გამეკეთებინა ან პირიქით, აბაზანაში ფეხი დამცურებოდა და თავი გამეტეხა. შეიძლება, თქვენც გადარჩით იმავეს, ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ დრო დაგაკარგვინეთ. თუ არადა, გაიფიქრეთ, ეგეც მკიდია.

ეს ხომ ეგზისტენციაა. ეგზისტენცია, ეგზისტენცია, ეგზისტენციაააააააააააააააააააააააააააააა… აჰ!

გულისრევა – ქრონიკულად და სტატიკურად

e8100b0fddc66e74e2da53f9bbbf0cfb-1სარტრის “გულისრევა” წაგიკითხავთ? მე – არა. მარტო ის ვიცი, რომ ფილოსოფიურ-ავტობიოგრფიული რამეა. ჩემი მეგობარი კითხულობს (მეორედ) და დღეს ვახსენეთ, სამსახურს რომ მოვრჩით და სახლისკენ მივჩაქჩაქებდით.

თუმცა სარტრი მარტო ამის გამო არ გამხსენებია. სიტყვა – “გულისრევა” მომწონს. კარგად გამოითქმის და ისეთ რაღაცებს გამოხატავს, რასაც ვერ ვხსნი. საერთოდაც, ხშირად მერევა გული. უფრო სწორად, ვგრძნობ რომ მერევა და ეს სიტყვა სულ თავში მიტრიალებს: გულისრევა.. გულისრევა.. გულისრევა.. ამ დროს სიგარეტს ვაქრობ და სამარშრუტო ტაქსიში ავდივარ. ადგილს ვერ ვპოულობ. ფეხზე ვდგავარ. გულისრევა.. გულისრევა.. მძღოლი ამუხრუჭებს. რადიოს რთავს. რომელიღაც საინფორმაციოში გვარამიასა და ბურჭულაძეზე კამათობენ. გულისრევა.. გულისრევა..გულისრევა.. მძღოლი ამით არ კმაყოფილდება და დარდიმანდებზე გადადის (როგორ მძულს ეს სიტყვა). გულისრევა.. გულისრევა..გულისრევა.. როგორც იქნა, ადგილი თავისუფლდება. ვჯდები. ფანჯარას ოდნავ ვაღებ და გარეთ ვიყურები. თვალში კედლებზე გაკრული საარჩევნო პლაკატები მხვდება (როგორ მძულს ეს მახინჯი ფასადები). გულისრევა.. გულისრევა..გულისრევა.. მარშუტში საშინელი სუნია. ნაღმებივით ალაგ-ალაგ ამომხტარი საცობები მაგიჟებს. მძღოლი პერიოდულად ამუხრუჭებს (როგორ მძულს მუხრუჭი). გულისრევა.. გულისრევა.. გულისრევა.. მკვდარივით ვეშვები ასფალტზე. ჩემი კიმონოს გრძელი ტოტები კარების სახელურს ედება. უხერხულად ვიშმუშნები. ჩემს უკან ქალი ცხვირს იბზუებს და ცდილობს გადამასწროს (როგორ მძულს უხერხულობა). გულისრევა.. გულისრევა.. გულისრევა..

სახლისკენ მივდივარ. გარეუბნის სუფთა ჰაერი გულისრევას ფანტავს. უკვე სახლში ვარ. აქ კარგია. ფეხზე ვიხდი და აულაგებელ საწოლზე ვემხობი. თვალს ვახელ და ოთახის კედლები ტრიალს იწყებს. ტელეფონი თავს მახსენებს. ადგომა და ჭამა მინდა, მაგარამ გულისრევაც თავს მახსენებს. მის გასაფანტად ფბზე შევდივარ. ერთ-ორ შეტყობინებას გულგრილად ვუყურებ და კედელს ვსქროლავ: “ზოდიაქოს ნიშნებმა ადგილი შეიცვალეს”, დამიბრუნეთ ჩემი მერწყული”, “ახლა რა ვუყო კუროს ტატუს”, “დღეს ჩემმა ფისომ შპალერი დაჩხაპნა (კომენტარი: “საყვარელი)”, “მეჭიაურის დიდებული პოლიტიკური კარიერა დასრულდა”, “უნდა მოგიყვეთ: დღეს გაჩერებაზე….” და აქვე – ლამაზი გოგოების ლამაზი სხეულების ნავარჯიშები ნაწილების ახლო ხედები, ოდნავ ლამაზი გოგოების ოდნავ ლამაზი სხეულების ოდნავ ნავარჯიშები ნაწილების შორი ხედები, ჰიპსტერა ტიპების გრძელი წვერები, ინტელექტუალების გრძელი ენები, ოჯახის ქალების დაღლილი ხელები, პირველად შეყვარებული თინეიჯერების ცრემლები, რთული შემთხვევების ტოტალიზატორის “გასხმული” ბილეთები და სადღაც კედლის რომელიღაც წერტილში სარტრიც კი მხვდება თვალში: გულისრევა.. გულისრევა.. გულისრევა..

ერთ დღესაც მე აუცილებლად მექნება სინათლის სიჩქარით მოძრავი კუბიკი და თავს დავაღწევ (ხოლმე) ისეთ ოდიოზურ მოვლენებს, როგორიც არჩევნები, საყოველთაო მოწყენილობა და ქრონიკული გულისრევაა.

ჰანს პრომველი – ეგზისტენციას პლიუს ინტიმური ეგზისტენცია

14159812_1190577094340697_738466051_n

შემოდგომის ერთ საღამოს ჰანს პრომველი გავიცანი. გაცნობა მოხდა “არტსაიდზე”, ერთი დაკლიკვით. არ მახსოვს, რა ეცვა, მაგრამ მახსოვს, რომ ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, რომელიც მის მეგობარ დინ ლამბერტს გამოართვა, როცა ის ზეცისკენ იშვერდა. ჰანსი მანიფესტს კითხულობდა მარტოობაზე…
პოსტები მაშინ უნდა წერო, როცა ემოცია მაჯაზე პულსად გიცემს. პრომველზე მაშინ უნდა დამეწერა, იმ საღამოს, სანამ მისი ლუდი დაიცლებოდა, სანამ ნენსი მარტოობისგან იტანჯებოდა, სანამ დინ ლამბერტს მისი სექსუალური ავანტიურა მობეზრდებოდა.
მას შემდეგ ლექსები ჩემში ნესტივით გაჯდა, დაილექა, პულსი დამშვიდდა. ახლა გინდ მასზე დამიწერია და გინდ სილვიას “შეშლილ გოგოზე”, სამი წლის წინ რომ გადამრია. თუმცა ეს ჩემი მინუსია და არამც და არამც მისი. პრომველი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა საჭირო იყო, როცა ყელში მქონდა გადაპრანჭული კლასიკური პოეზია და გარეუბნის მახინჯი გაჩერებები და, რა თქმა უნდა, ყელში მქონდა მარტოობა.
მანიფესტებს წერდნენ დადაზე, წერდნენ ფემინისტებზე, მაგრამ მე ერთ მანიფესტს ვცნობ. ის მარტოობას ეძღვნება… რადგან შეუძლებელია, არ იყო მარტო, რაც არ უნდა კარგი ქმარი, შვილი, მეგობარი და ბრიტანული კატა გყავდეს. შეუძლებელია, დღეში ნახევარი საათი მაინც, მეტროს ვაგონებში დაგუბებული ბლანტი ჰაერივით არ დაგაწვეს მარტოობის შეგრძნება. მარტოობა ნესტს გავს, რომელიც ტვინში, გულსა და კანის ქსოვილებში ჯდება. ეს კარგად იცის ჰანს პრომველმა, რომელიც ზედმეტი ფილოსოფიისა და ინტელექტუალური ტვინის ჭყლეტვის გარეშე წერს. წერს დაკარგულ ადამიანებზე – ანუ თითოეულ ჩვენგანზე; წერს უიმედო ადამიანებზე – ანუ თითოეულ ჩვენგანზე; წერს ღმერთზე – ანუ ერთზე, მაგრამ მრავალჯერადზე. პრომველმა იცის, რომ ყველა მარტოა, რომ ღმერთიც მარტოა და ჩემი მეზობელი ცისფერხალათიანი ციცინო დეიდაც, რომელიც მას თვალით არ უნახავს, მაგრამ ერთი ერთში ჯდება “ჰოთ-დოგების” გამყიდველ მსუქან ქალბატონთან:

” შენ ხარ მარტო,
ქუჩის კუთხეში მდგარო,
Hot Dog – ების გამყიდველო, მსუქანო ქალბატონო.
შენს თვალებში შიშია.
შენ ცხოვრობ სადღაც 69-ესა და 21 -ეს კუთხეში
იაფფასიან ბინაში,
სადაც ყოველღამე ტირი,
რადგან ხმის გამცემი არავინ გყავს…”

როცა ეს ლექსები წავიკითხე, ბევრს ვფიქრობდი პრომველზე. მაინტერსებდა, მართლა ასეთი გულწრფელი იყო თუ არა და საიდან ჰქონდა გერმანული სახელი ამ მანჰეტენელ ბიჭს. მერე ჩემი ისტორია მოვიგონე, – ალბათ, დედას ჰანს კასტორფი უყვარდა, ან სევდიანი კლოუნი თავისი თვალთახედვით, შეიძლება, გერმანელი საყვარელიც ჰყავდა, რომელსაც ჰანსი ერქვა, თუმცა მაინც პირველი ორი ვერსია მერჩია და დავიჯერე კიდეც. ერთი კია, ლიტერატურული ჰანსების სევდა და მარტოობა მასაც ახასიათებს. მის ნაწერებს რომ ვკითხულობ, ზოგჯერ მგონია, სელინჯერის ჰოლდენი გაზრდილა, ლირიურობას დაურევია ხელი, მანჰეტენზე დასახლებულა და პოეზიაში გადავარდნილა.
ძნელია, პრომველზე სტანდარტულად წერო. ამ დროს სამყაროზე გაბრაზებული უნდა იყო, ცოტა უნდა აურიო, სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლე ფეხებთან უნდა გეგდოს და ცოტა უნდა აღეგზნო კიდეც. მისი პოეზია ხომ ასეთია: მცირე უხამსობას პლიუს ბევრი მარტოობა, ბევრი სევდა, უფრო მეტი ლირიულობა და რაღაცის დანაკლისი, – რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ზოგჯერ სახელს ვერ ვუძებნით, ზოგი ლექსების წერას ვიწყებთ და ზოგი კი, ვისაც მკითხველის ნიჭი უფრო მომძლავრებული გვაქვს, სხვის ნაწერებს ვეტანებით.
პრომველის ლექსები ჩემთვის ერთი დიდი რომანივითაა. მისი პერსონაჟები 21-ე საუკუნის რეალური ტიპები არიან. ისინი არა მარტო ამერიკაში, არამედ ყველგან ცხოვრობენ, დახეტიალობენ, განიცდიან, ენატრებათ და ეძებენ… ეძებენ გზას და სწორ ორიენტირს ცხოვრებაში:

“შენ დგახარ გზაზე
შენ სულ გზაში ხარ
და ყველა გზა შენი დაღლილი სხეულისკენ მიემართება
რადგან ყველა ხსნა შენშია
და ეს შენ იცი,
და დარწმუნებული ხარ იმაშიც,
რომ სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან,
ხელს არ გაგიშვებ…”

პრომველი ნამდვილი ბრუკლინელი, ხისტი და რომანტიული მიზანთროპია. თუმცა აზრზე არ ვარ, როგორები არიან ბრუკლინელები, მაგრამ ის ვიცი, რომ მანჰეტენური ლირიულობა, ძალიან კონტექსტურია თბილისურთან, ისევე როგორც კონტექსტური იქნებოდა პარიზულთან თუ გვატემალურთან. რადგან პრომველი წერს იმაზე, რაც ძალიან ინტიმურია და ამავე დროს, საზოგადოც.
ეგზისტენციას პლიუს ინტიმური ეგზისტენცია – ასეთია მისი პოეზია. თუმცა ჰანსი მარტოობაში გადავარდნილი, დეპრესიული ტიპი არავის ეგონოს. მისი ლექსები არ არის მხოლოდ დაკარგულებზე, მარტოსულებზე, ადამიანებზე, რომლებიც დაიღალნენ, ადამიანებზე, რომლებმაც სხვები დაღალეს და ადამიანებზე, რომლებიც მომავალში დაიღლებიან. ის საკმაოდ რეალისტია. როგორც ჩანს, მშვენივრად აღიქვამს იმ გარემოს, სადაც ცხოვრობს. ერთი მშვენიერი ლექსი აქვს გინსბერგისეულ “სიწმინდის” გაგრძელებაზე:

“წმინდა არის ამერიკა, ჩემი სამშობლო,
რომელსაც ნავთობი და სისხლი სჭირდება მსოფლიოში დემოკრატიის დასამყარებლად.
წმინდა არის ერთფეროვნება და ჩემი ოთახის კედლები.
წმინდა არის ტელეშოუებზე გაზრდილი თაობა, რომელთაც ყოველწლიურად
უქვეითდებათ აზროვნების უნარი.
წმინდა არის თავისუფლების ქანდაკება, რომლის ჩირაღდანს ცეცხლი დიდი ხანია ჩაუქრა.
წმინდა არის ყოველდღიურობაში ჩაკარგული ადამიანების ყმუილი,
რომელთაც დიდი ხანია სახე დაკარგეს
და ახლა პოსტტრავმულ სიზმრებში გვეცხადებიან
შეშლილი ანგელოზების სახით.
წმინდა არიან ისინი!”

პრომველმა არ იცის, რამდენი საერთო გვაქვს მასთან. ქართველებზე დაკარგულ ტიპებს სად ნახავს კაცი, ქართველებზე სევდიანებს, მარტოსულებს და ამავე დროს წმინდანებს. წმინდაა ჩვენი ბინძური მტკვარი და წმინდაა ჩვენი მერი ნარმანიაც და წმინდა ვართ ჩვენ, ყველანი, მთელი ჩვენი სიბინძურით და მობეზრებული ყოველღიურობით, საიდანაც თავისდაღწევაში მხოლოდ ჰანსის მსგავსი დარეხვილი ტიპები გვეხმარებიან.

 

ვათ დი ფაქ იზ ბიოლოგია

პოსტი რომ კარგად დამეწერა, ფეხზე წინდები გავიხადე. ასეა ეს ამბავი, როცა წერ, არაფერი უნდა გაწუხებდეს. მითუმეტეს, არ უნდა გცხელოდეს, რადგან ძნელია, სიცხეში რამე გინდოდეს, სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვა.

ახალგაზრდები ვფიქრობთ, რომ მუდამ ჯანმრთელები ვიქნებით, რომ ამდენი სიგარეტისგან ყელის კიბო არასდროს დაგვემართება, არც ფილტვებს გაუჩნდებათ ნასვრეტები, არც დიეტით და შიმშილით მოვიკლავთ ორგანიზმს. ჩვენ შეიძლება, ბევრს ვფიქრობდეთ სიკვდილზე, როგორც ფენომენზე, როგორც ყველაზე საჭირო, მაგრამ შორეულ პერსპექტივაზე, მაგრამ არა, როგორც ჩვენი ხელშეწყობით ორგანიზმისა და სიკვდილის გაჩარხულ ამბავზე.

მე ახლა ძლიერი თავისტკივილისა და სერიოზული ნერვიული შემოტევის ფონზე, 60-იანი წლების როკენროლის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფები და შენზე ვფიქრობ, ბიოლოგია! რატომ არასდროს დამიფასებიხარ სათანადოდ?! მხოლოდ მაშინ გგრძნობ, დაძაბულობის შემდეგ გულთან რაღაც რომ შემეკუმშება, ან ბევრი სიარულის გამო, ჩემს ოთახში მისვენებული, ფეხებს ჰაერს მივუგდებ და სისხლის ხმა მესმის, დაბლა რომ მორაკრაკებს და ჩემი ლურჯი კაპილარები საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

ერთი შეხედვით ყოველთვის ჯანმრთელი ადამიანი ვიყავი და იმდენი ვქენი, სანამ ავადმყოფური სიფერმკრთალე არ დავიდე სახეზე, თვალის უპეების ჩაშავებით და ხერხემალში მოხრით. ახლა ბედნიერი დავაბიჯებ და თითქოს ჩემი მხრები ყვირიან:- ჰეი, მომხედეთ, ნახეთ, რა ავადმყოფურად მოხრილი ვარო!

არასდროს დაუჯეროთ მხრებს, არც ჩალურჯებულ თვალებს და არც თომას მანს, ავადმყოფობის უპირატესობებზე რომ ჯღაბნიდა რაღაცას. არ დაუჯეროთ, როგორი მართალიც არ უნდა იყოს ის, ჩემთვის ძვირფასი, კაცი. და რას დავუჯეროთ? – რას და საკუთარ ბიოლოგიას. აი, მაგალითად, როცა შარდის ბუშტი გვთხოვს, ნუ ვაწვალებთ და დროზე შევიდეთ საჭირო ადგილას. 🙂

მე მიყვარს საკუთარი სხეული. ისე მიყვარს, ხანდახან სარკის წინ ვდგები და ყურებამდე შეყვარებული ადამიანივით გარედან ვაკვირდები. მერე წარმოვიდგენ, როგორ გამოვიყურები შიგნიდან, ათასობით კაპილარების, ძარღვების, კუნთების, ძვლების, ღრტილების და რა ვიცი, რისი ერთიანობით აღარ. თუმცა მე რომ ბიოლოგია/ანატომია უკეთ მესწავლა, მეცოდინებოდა, რომ ორგანიზმში ყველაფერი ისეთივე დაწყობილი და კანონზომიერია, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ კოსმოში.

ჰო, კარგი, მე რომ ბიოლოგია/ანატომია უკეთ მესწავლა, მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ისე შეხმატკბილებულად მოძრაობს, როგორც როკენროლის დროს ფეხები და მუხლები, როგორც ორიონის ნისლეულში ვარკვლავები და მისი ნარჩენები, როგორც ჭიანჭველები, თავის ბუდის შენების პროცესში.