ყველაფერი ერთად, თუმცა არასრულად

მე ვერ ვწერ პოსტებს და, მითუმეტეს, ვერც პოსტები მწერს. მე ყველაფერს ძალდატანებით ვაკეთებ. მე ვწერ სტატიებს ავტომობილის მაგნიტოფონზე და დასაწყისში ვლაპარაკობ ოლდოს ჰაქსლიზე, ფორდზე, ტირიონ ლანისტერზე, რაც სრულიად უადგილოა.

მე ზოგჯერ მიყვარს ადამიანები. ადამიანები ზოგჯერ ძალიან მეცოდებიან, მაგრამ შეცოდება ყველაზე უსაზიზღრესი განცდაა და ამიტომ მძულს საკუთარი თავი მის ნიადაგზე. მე ვერაფერს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, გარდა ახალი “პროფაილ ფიქჩერისა”, სადაც მიწერია, რომ რუსეთის ოკუპირებულია ჩემი ქვეყანა. ვფიქრობ, არც ქვეყანა ელის რამეს ჩემგან, გარდა ორი კარგად აღზრდილი, განათლებული ბავშვისა და ეს სულაც არ არისო ცოტა, ასე მითხრეს.

მე ზოგჯერ მძულს ადამიანები. მივდივარ ქუჩაში და გულში ყველას ვლანძღავ. ყველას, ვინც ჩემ ირგვლივ მოძრაობს, ყველას, ვინც ჩემს ტვინში ბრუნავს, ზოგჯერ – მათაც, ვისაც გულში დიდი ხანია ადგილი გამოვუყავი.

აგვისტოა. თუ ფული გაქვს, სადმე უნდა დაახვიო. თუ გოგო გყავს, ხელი უნდა მოკიდო და სადმე ერთად აითესოთ. თუ ბიჭი გყავს, უნდა აიძულო, შენთან ერთად აითესოს. თუ მარტო ხარ, – მითუმეტეს. უნდა აითესოთ მატარებლით, ორსართულიანი მატარებლით და აუცილებლად მეორე სართულის ბილეთით. ქალაქი ფეხზე უნდა დაიკიდო. ერთხელ მაინც უნდა აიხდინო დიდი ხნის სურვილი და სადმე მაღალმთიან სოფელში წახვიდე. რატომ გინდა ზღვა? რაში გჭირდება გარუჯული ტანი. ამდენი ყავისფერი უკვე ყელშია. ამას ისევ ის სჯობს, თბილისში დარჩე და დამწვარი ბამბის ნაყინის ფერი შეინარჩუნო. მზე ცუდია წვივებზე დამჩნეული ვენებისთვის.

ესსეების წერე უნდა ვისწავლო. ჯერ უნდა ვისწავლო, როგორ იწერება სიტყვა “ესე”, ორი თუ ერთი ს-თი. ფული უნდა ვიშოვო. ფული უნდა ვიშოვო და სახლი ავიშენო. კომფორტი ძალიან მაგარია, განსაკუთრებით მაშინ, თუ არასდროს გქონია.

სწავლას აზრი აღარ აქვს. მაინც არაფერი გამოდის. რაც ვისწავლი, რა ინტელექტიც შევაგროვე, ის უკვე გამოვჭამე. ჯერ ნელ-ნელა კიდეები მოვაჭამე, მერე მადა გაიხსნა, შიმშილმა იმატა და ძირფესვიანად შევსანსლე. აბა, რა მექნა, მშიოდა. მშიერი კაცი – საშიში კაცი.

ახლა უინტელექტოდ დავდივარ. არაფერი ვიცი კვანტურ ფიზიკაზე, არაფერი ვიცი ხელოვნურ ინტელექტზე, არაფერი ვიცი შავ ხვრელებზე და სრულიად არაფერი ვიცი სხვა ქვეყნებზე, სრულიად არაფერი. ზოგჯერ ლექსიც კი ვერ გამიხსენებია თავიდან ბოლომდე. ძირითადად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, საცოდავად ვლუღლუღებ ხოლმე და ეს ოხერი “ნიხვატკა” იმ სივრცესაც ჭამს, სადაც წესით ჩემი ინტელექტი უნდა ნებივრობდეს, აკეთებდეს აზიდვებს და გამკლავებებს.

მეგობრებიც დაიფანტნენ. ზაფხულია, აბა, რა იქნება. არა, მიზეზი სხვაა. მიზეზი მე ვარ, მიზეზი ჩემი სურვილია, მიზეზი ჩემი მტკივანი ფეხები და  ჩემი გულგრილობაა.

არ უნდა დათრგუნო ემოციები!

არ უნდა დაგუგლო ავადმყოფობები!

არ უნდა აიძულო საკუთარი თავი, მოგწონდეს საკუთარი თავი!

არ უნდა დაიწყო დებულებების ჩამოწერა!

ზოგჯერ ღამით მეღვიძება და სხეულის ნაწილების მოსინჯვას ვიწყებ, – ხან მკერდს, ხან ფეხებს, ხან კისერს ან მუცელს. ყველგან რაღაც ზედმეტს ვეძებ, რაც ჩემი სხეულის არ იქნება, ანუ რაზეც მივალ და ექიმს ვეტყვი – ექიმო, მიშველე რამე, ჩემი არაა, ჩამიდეს.

და ექიმიც მიშველის, ანუ ძალიან მალე დამასვენებს ამ ყველაფრისგან.

 

ის ფაქტები, რასაც ახლა წაიკითხავთ, სინამდვილეში ფაქტები არ არის

cd94a44a502d9aac76f431d5aa171ee7გადაულახავ წერის სურვილში გამყავს დღეები და კვირები. ეს გამოზომილი და გამოზოგილი დროა. დრო მუშაობისთვის, დრო გზისთვის, დრო შეყვარებულისთვის, დრო  ტირილისთვის, დრო ძილისთვის და დრო ჩემი თავისთვის. არასდროს არცერთს მიუღია მეტი, ყოველთვის საჭიროზე ნაკლებს იღებდნენ. მხოლოდ არაფერი ისაკუთრებდა უამრავს და ეს არაფერი იყო ლოდინი მუშობასა და ჭამას შორის, შეყვარებულსა და გზას შორის, ლეპტოპსა და ოჯახს შორის, გარემოსა და საკუთარ თავს შორის.
ვინმე ჭკვიანმა მათემათიკოსმა თუ ფაქტების ზედმიწევნით აღმწერმა ეს დრო რომ დაიანგარიშოს და ჩემთვის მონიჭებულ დროს გამოაკლოს, დროის ჩემი ფეხები დამრჩება.

(რა ეგზისტენციური ვარ არა?! გამათბობელს მიხუტებული 25 წლის მოსიარულე ეგზისტენცია, რომელიც დროის მნიშვნელობასა და მონაკვეთებს იკვლევს. დაკვირვებიხართ, როგორი სექსი გახდა ეს სიტყვა – ე გ ზ ი ს ტ ე ნ ც ი ა. თუ შეძლებ და ოდესმე ვინმესთან საუბრის დროს გამოიყენებ, მაგარი ტიპი გამოჩნდები. თითქმის ორგაზმამდე მივიყვანეთ. კამიუს ალბათ აჟრჟოლებს კიდეც. ხო, ჩვენ მოგვწონს სიტყვების ატაცება, მოგვწონს ერუდირებული ორგაზმი და მოგვწონს საკუთარი თავი მის პიკზე. ერუდაციის პიკს ვგულისხმობ.

თქვენ ფიქრობთ, რომ მე ახლა მაგრად ვატრაკებ და არ ცდებით. მე მართლა ვატრაკებ. იმიტომ, რომ წერისთვის განკუთვნილი დრო გამოზომილი მაქვს. იმიტომ, რომ ჩემი ლეპტოპი მე არ მეკუთვნის და არც მე ვეკუთნი ჩემს თავს იმიტომ, რომ გაჭირვებული ვარ და გაჭირვებული ვიქნები მაშინაც, როცა, რეალურად, გაჭირვებული არ ვიქნები.

გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ უამრავი დრო დავკარგე, მაგიჟებს. ლამის მეტროს ვაგონებში ხმის გამაძლიერებლებით ვიყვირო, – ეი, დაბნეულებო და დაღლილებო, უაზრობაში დრო არ დაკარგოთ-მეთქი. ან დაკარგეთ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ.

იდიოტიზმია ეს ამბავი. ეს ქვეყანა იმისთვის შეიქმნა, რომ დროები კარგო, მერე ეძებო, ვერ იპოვო და თითები იკვნიტო. მერე მოკვნეტილ თითებს დააშტერდე, რამდენი დრო დავხარჯე თითების კვნეტაშიო, გაიფიქრო და იტირო, მერე სარკეში ჩაიხედო, რამდენი დრო დავხარჯე ტირილშიო და გაბრაზდე… და ამასობაში, შეიძლება, ბრინჯი ტაფაზეც მიგეწვას, ან ბავშვი საწოლიდან გადმოგივარდეს, ან იმ ვაგონმა გაგასწროს, სადაც შენი მომავალი სიყვარულია. ისიც შეიძლება, იმ ავტობუსმა გაგასწროს, შემდეგ გაჩერებაზე ძელს რომ ეჯახება და ფეთქდება. ასე რომ, დიდი უაზრობაა ეს ყველაფერი – ამაზე ფიქრიც, წერაც და კითხვაც. ახლა შეიძლება, ამ დროის მანძილზე უკეთესი რამე გამეკეთებინა ან პირიქით, აბაზანაში ფეხი დამცურებოდა და თავი გამეტეხა. შეიძლება, თქვენც გადარჩით იმავეს, ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ დრო დაგაკარგვინეთ. თუ არადა, გაიფიქრეთ, ეგეც მკიდია.

ეს ხომ ეგზისტენციაა. ეგზისტენცია, ეგზისტენცია, ეგზისტენციაააააააააააააააააააააააააააააა… აჰ!

ვათ დი ფაქ იზ ბიოლოგია

პოსტი რომ კარგად დამეწერა, ფეხზე წინდები გავიხადე. ასეა ეს ამბავი, როცა წერ, არაფერი უნდა გაწუხებდეს. მითუმეტეს, არ უნდა გცხელოდეს, რადგან ძნელია, სიცხეში რამე გინდოდეს, სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვა.

ახალგაზრდები ვფიქრობთ, რომ მუდამ ჯანმრთელები ვიქნებით, რომ ამდენი სიგარეტისგან ყელის კიბო არასდროს დაგვემართება, არც ფილტვებს გაუჩნდებათ ნასვრეტები, არც დიეტით და შიმშილით მოვიკლავთ ორგანიზმს. ჩვენ შეიძლება, ბევრს ვფიქრობდეთ სიკვდილზე, როგორც ფენომენზე, როგორც ყველაზე საჭირო, მაგრამ შორეულ პერსპექტივაზე, მაგრამ არა, როგორც ჩვენი ხელშეწყობით ორგანიზმისა და სიკვდილის გაჩარხულ ამბავზე.

მე ახლა ძლიერი თავისტკივილისა და სერიოზული ნერვიული შემოტევის ფონზე, 60-იანი წლების როკენროლის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფები და შენზე ვფიქრობ, ბიოლოგია! რატომ არასდროს დამიფასებიხარ სათანადოდ?! მხოლოდ მაშინ გგრძნობ, დაძაბულობის შემდეგ გულთან რაღაც რომ შემეკუმშება, ან ბევრი სიარულის გამო, ჩემს ოთახში მისვენებული, ფეხებს ჰაერს მივუგდებ და სისხლის ხმა მესმის, დაბლა რომ მორაკრაკებს და ჩემი ლურჯი კაპილარები საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

ერთი შეხედვით ყოველთვის ჯანმრთელი ადამიანი ვიყავი და იმდენი ვქენი, სანამ ავადმყოფური სიფერმკრთალე არ დავიდე სახეზე, თვალის უპეების ჩაშავებით და ხერხემალში მოხრით. ახლა ბედნიერი დავაბიჯებ და თითქოს ჩემი მხრები ყვირიან:- ჰეი, მომხედეთ, ნახეთ, რა ავადმყოფურად მოხრილი ვარო!

არასდროს დაუჯეროთ მხრებს, არც ჩალურჯებულ თვალებს და არც თომას მანს, ავადმყოფობის უპირატესობებზე რომ ჯღაბნიდა რაღაცას. არ დაუჯეროთ, როგორი მართალიც არ უნდა იყოს ის, ჩემთვის ძვირფასი, კაცი. და რას დავუჯეროთ? – რას და საკუთარ ბიოლოგიას. აი, მაგალითად, როცა შარდის ბუშტი გვთხოვს, ნუ ვაწვალებთ და დროზე შევიდეთ საჭირო ადგილას. 🙂

მე მიყვარს საკუთარი სხეული. ისე მიყვარს, ხანდახან სარკის წინ ვდგები და ყურებამდე შეყვარებული ადამიანივით გარედან ვაკვირდები. მერე წარმოვიდგენ, როგორ გამოვიყურები შიგნიდან, ათასობით კაპილარების, ძარღვების, კუნთების, ძვლების, ღრტილების და რა ვიცი, რისი ერთიანობით აღარ. თუმცა მე რომ ბიოლოგია/ანატომია უკეთ მესწავლა, მეცოდინებოდა, რომ ორგანიზმში ყველაფერი ისეთივე დაწყობილი და კანონზომიერია, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ კოსმოში.

ჰო, კარგი, მე რომ ბიოლოგია/ანატომია უკეთ მესწავლა, მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ისე შეხმატკბილებულად მოძრაობს, როგორც როკენროლის დროს ფეხები და მუხლები, როგორც ორიონის ნისლეულში ვარკვლავები და მისი ნარჩენები, როგორც ჭიანჭველები, თავის ბუდის შენების პროცესში.

კავშირზე, რწმენაზე, თოჯინასა და პითაგორაზე

სიგარეტის სავსე ყუთი სავსე ნაგვის ურნის პროპორციულია – (ც) თვითმარქვია პითაგორა

photomanipulation,rope,surreal,wow,inspirational,manipulation-e850d315e864409fb3ac9ce5e6188991_h

 

დიდი ხნის წინ კარგი ცხოვრება გადავწყვიტე. ეს იყო ჩემს ბავშვობაში, როცა სათამაშო თოჯინას ფეხსაცმლის საწმენდი ნაჭრისგან კაბა შევუკერე დ არ მოერგო. მაშინ მივხვდი, რომ მატერია არაა სანდო, თუ თვალის ზომა არ გიჭრის და წიგნები გადავშალე. მას შემდეგ, პერიოდულად ვშლი. როგორც ვშლი, ისე ვხურავ და ბედნიერი ვარ, თუ ჩემს წარმოსახვას თითო, არარეალურ სურათს მივუმატებ. ასეც ხდება ზოგჯერ. როცა არ ხდება, უბედურებისგან თითები მეკრუნჩხება და ფრჩხილებს ვიჭრი, ჩემი ძმის “კუსაჩკით”. დიახ, ჩემი ძმის, რადგან “კუსაჩკა” რომ გქონდეს, უნდა მოიპოვო. დიდი ხანია, მიღებული საგნების დამსახურებაზე ვფიქრობ. დავიმსახურე თუ არა ის ლეპტოპი, წინ რომ მიდევს და თითებით ზედ ვაკაკუნებ. დავიმსახურე თუ არა ის ფეხის სიგრძე, რაც მაქვს, ან თუ მეტი მეკუთვნოდა, ვინ “დამიჟოშკა”?!

საკუთარ თავში დასმულ კითხვებს არავინ არასდროს პასუხობს. მხოლოდ შენ შეგიძლია დააჯერო საკუთარ თავს, რომ ვიღაც მისტიურმა ნიშანი მოგცა. ბევრჯერ მიცდია, ჩემი შინაგანი კარმით სხვასთან უხილავი კავშირი დამემყარებინა. მიცდია რა, როცა ძალიან მენატრებოდა ვინმე, მის სახელს ვიმეორებდი და ვამბობდი: “მენატრები”, “მენატრები”. მაშინ მჯეროდა, რომ თუ მართლა რაიმე ილუზიური და პარანორმალური არსებობს, იმ ადამიანისგან პასუხს გავიგებდი. მაგრამ ჩემი ფეხები. ამიტომ ერთ დღესაც ყველაფერს შევაფურთხე და როცა ვინმე მენატრებოდა, პირდაპირ მესიჯს ვწერდი. ეს უფრო სანდოა, კავშირზე გადიხარ და შედეგსაც იღებ.

ნებისმიერ ადამიანს უნდა, მის იქით არსებული სამყაროს არსებობა დაიჯეროს. და თუ მისი რწმენა ძლიერია, ზევსმა ამის უნარი ჭეშმარიტად ჩაგვინერგა, მოგეჩვენება.

მე არაფერი მქონდა სათქმელი. მხოლოდ ქართულ ლექსიკას და გრამატიკას ვავარჯიშებდი და იმედი მქონდა, წერის დროს აზრი და სათქმელი დაიბადებოდა, მაგრამ არა. ჰაერიდან არაფერი იბადება. სანამ წერას დაიწყებ, სათქმელი უნდა გქონდეს. ვინმესგან პასუხი რომ მიიღო, ჯერ შენი კითხვა უნდა იცოდეს. თოჯინას კაბა რომ შეუკერო, ჯერ ზომები უნდა აუღო.

 

 

 

ჩემი მეგობარი წერდა “მაგარ გოგოებზე”, მე – საკუთარ თავზე

 

943323_528260313899231_77736234_n

ვიცი, როდის ვიქნები მაგარი გოგო: როცა საკუთარი თავით კმაყოფილებას ვისწავლი და ამას რეალური მიზეზიც ექნება; როცა სხვის გემრიელ ნაწერს წავიკითხავ და არ შემშურდება; როცა სხვის გაკეთებულ ნამცხვარს გავსინჯავ და არ შემშურდება; როცა ჩემს მეგობართან საუბრის დროს დამიბრუნდება იმის განცდა, რიმ მისთვის სათქმელი ისევ მაქვს (როგორც ერთ დროს, Landungsbrüke-ზე სეირნობისას), და სათქმელი, საერთოდაც, მაქვს და მიზანიც მაქვს და აზრიც და ცხოვრებას მიმართულებაც აქვს, რაღა თქმა უნდა.
მგონი, ბევრი მომივიდა. მოდი, თავიდან დავიწყებ:
მაშინ ვიქნები მაგარი გოგო, როცა საკუთარი თავით კმაყოფილებას ვიგრძნობ და ამას რეალური მიზეზიც ექნება. მანამდე ფუყე ვარ და ლაყე, შარშანდელი სააღდგომო კვერცხივით.

ამ ფიქრში ვიყავი და გადავწყვიტე, პატარა საქმეებით დამეწყო: რაფაზე ავხტი და დიდი ხნის წინ ჩამომწყდარ ფარდას “ჩხიკინი” დავუწყე. ჩამოსვლის დროს ქაღალდების ჩასადებს ფეხი მივკარი, გადმოვაგდე და გავტეხე. ისმის კითხვა – საჭიროა კი, საკუთარი თავით კმაყოფილები ვიყოთ? თუ სჯობს, პირდაპირ დიდი საქმეებით დავიწყოთ?! პასუხი ერთია- სისულელეა.

დღეს ერთ ლექციისმაგვარ შეხვედრაზე ვიყავი და ერთი ვიდეო დამამხსოვრდა. ერთი ტიპი (კაი ტიპი/გია ეძგვერაძე) ვერცხლისფერი მანქანის ფანჯრებში მოყოლილ ბუტერბროტებს შეექცევა. არა, ჯერ აკეთებს და მერე შეექცევა, პირდაპირ მანქანის ფანჯრებიდან. განსაკუთრებით ავტორის აღწერა მომეწონა: მანქანა ევროპაა და მე ემიგრანტი ვარ, ვცდილობ რამე წავგლიჯო საარსებოდო. დაახლოებით ასე თქვა. მე კი ვფიქრობდი, რომ ამ აღწერის განზოგადებაც შეიძლება და, ალბათ, მოუხდებოდა კიდეც მის ვიდეოს: ის ვერცხლისფერი მანქანა სამყაროა, ჩვენ კი კბილებით ვცდილობთ საარსებოდ რამე გამოვგლიჯოთ. ვინც როგორ ახერხებს, იმდენს იღებს, – ზოგი მხოლოდ პურს, ზოგი ჯემთან ერთად, თუ გაგიმართლა, ყველის გემრიელ ნაჭერსაც გამოკრავ ხელს. რა მიმიღია სამყაროსგან ამ 25 წლის მანძილზე? – პურის ნაჭრების გარდა, ალბათ, სიყვარული და ბევრი ხელმოცარულობა. და რა გამიცია? – ბევრი არაფერი.

მე ერთი ძვირფასი მეგობარი მყავს, ჩემთვის სულ ძვირფას აზრებს ატარებს. უცებ აღმოვაჩინე, რომ მისთვისაც აღარაფერი მქონდა სათქმელი. მან კი გამიმხილა, რომ თავის ბიჭთან თითქმის არაფერზე ლაპარაკობს (მნიშვნელოვანზე), მერე მეც გავაცნობიერე, რომ არც მე ვსაუბრობ ჩემს შეყვარებულთან. ამას ის აღიარებაც მოჰყვა, რომ თუ გინდა, რამე მნიშვნელოვანზე საუბრობდე, შინაგანად სასვე უნდა იყო. მე კი ცარიელი ვარ, ლაყე კვერცხზე მეტად ცარიელი და ხელს თუ მომიკაკუნებთ, ისეთ ხმას გამოვცემ, როგორც გამოშიგნული ხე.

არ მინდა გამოშიგნული ხე ვიყო და ლაყე კვერცხობაზე მეტი პრეტენზიაც მაქვს, მაგრამ რას მაძლევს სამყარო, დიდი ვერცხლისფერი სამყარო, ოთხი, პატარაზე ჩაწეული ფანჯრით, რას მაძლევს ოთხი ნაჭერი პურის მეტს? ან მე რას ვუბრუნებ მას?