თავის მართლება

წარმოიდგინეთ: მე სცენაზე ვდგავარ, სხვები სკამებზე სხედან და გაფართოებული თვალებით მიყურებენ, ჩემ გვერდით კიდევ ვიღაცები არიან, ისინი საუბრობენ, საუბრობენ დემაგოგიურად, უშინაარსოდ, გაზეპირებული ტექსტებით, ტვინი ავტომატურად თიშავს მათ აზრებთან კავშირს და მხოლოდ წყვეტილად მესმის “წარმატება”, “წინსვლა”, “სწავლა”

მე კი, თანდათან უჩინარი ვხდები, ჩემი ხელები გამჭვირვალეა, ჩემი ტყავის მოკლე კაბაც გამჭვირვალეა, ჩემი ხორციც თხელია და ნელნელა მჭვირვალდება. მე ხელში ფურცლები მიჭირავს და რადგან ჩემს ხელებს ვერ ვხედავ, მგონია, რომ ფურცლები ჩემგან დამოუკიდებლად ტივტივებენ დარბაზის ბლანტი ჰაერის ზედაპირზე.

ვიღაცები სცენაზე ამოდიან, ფოტოაპარატის განათება თვალებს მიჭრელებს, ვიღაც მიკროფონს მაწვდის, ვიღაცები ფურცლებს მართმევენ და მე მიკვირს, როგორ ხედავენ ჩემს ხელებს და, საერთოდ, იმ ადგილს, სადაც ვდგავარ.

“ანა, გაიღიმე!” – მეუბნება საკუთარი თავი და ზურგზე გასაბრაზებლად მიღიტინებს.

ნურასდროს მომთხოვთ საჯაროდ სიტყვის წარმოთქმას, მე ფილანტროპის ტყავში გახვეული ლუზერი ვარ, რაც არ უნდა ვთქვა, ან სისულელე იქნება, ან იმ აზრებს აცდენილი, რისი თქმაც სხვა დროს მენდომებოდა.

+++

მოდი ჩეთან, დაკარგულო ჯანმრთელობა,

მომიტანე შენი ბავშვური სიმშვიდე და თავზეხელაღებულობა.

მე ყოველ ღამე შენზე ვფიქრობ,

ყოველ ახალ მოკიდებულ სიგარეტზე შენ მახსენდები,

ყოველ თავბრუსხვევაზე შენზე ვლოცულობ.

მოდი ჩემთან, დაკარგულო ჯანმრთელობა,

ნუ მაიძულებ ლოცვას,

ამაში არასდროს ვყოფილვარ ძლიერი.

ნუ აიძულებ ჩვენს დედებს, პლაკატებით მოიარონ ქუჩები დახმარების სათხოვნელად.

მე მეშინია ამის.

მაინც რამდენი არიან ისინი –

მოწყალების მთხოვნელი დედები?!

შენ კიდევ ერთი ხარ,

მიდი მათთან!

მოდი ჩემთან, დაკარგულო ჯანმრთელობა.

ჩვენი ასაკი არც ისე საგანგაშოა.

ჩვენ კიდევ დიდხანს უნდა ვტკეპნოთ გადათხრილი ასფალტები,

ჩვენ კიდევ დიდხანს უნდა ვსქროლოთ სოციალური ქსელები,

ჩვენ კიდევ დიდხანს უნდა ვკოცნოთ შეყვარებულის თვალები,

ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი,

ჩვენ კოსმოსში უნდა გავფრინდეთ და ინტერპლანეტებზე ჩვენი სახელობის ქუჩები დავაარსოთ.

მოდი ჩემთან, დაკარგულო ჯანმრთელობა,

მე არ ვარ გულგრილი შენ მიმართ,

მე გულგრილი მოკრძალებული ცხოვრების წესის მიმართ ვიყავი.

ნუ აგვიხდენ საშინელ ფიქრებს,

ჩვენი მიზნები აგვიხდინე –

რომ კიდევ დიდხანს ვიწუწუნოთ რუტინულ სამსახურებზე,

რუტინულ ურთიერთობებზე,

შენელებულ ევროინტეგრაციასა

და დავარდნილ ლარის კურსზე.

მოდი ჩემთან, დაკარგული ჯანმრთელბა,

ჩვენ მხოლოდ 26 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს

და შენ ხომ მაინც იცი,

რამდენად ცოტაა სამყაროს წინაშე.

წეროები მიფრინავენ, გუგულის ბუდეები რჩება

e0d2092b9b8cea341745e11a9500ed6e-copyმე ახლა ნოუთბუქის ან ელექტრო ჩაიდნის აღწერას უნდა ვაკეთებდე, ვწერდე, ვწერდე და ვიზეპირებდე ვატებს, მოცულობებს, რამებს და ცეპეუ-ებს, მაგრამ არ შემიძლია იმიტომ, რომ გარეთ მზეა, მე კიდევ გრძელი ხიდი გადმოვიარე, სადაც ასევე მზე ანათებდა და მე წითელი ქურთუკი მეცვა და სანამ ხიდს გადმოვივლიდი, მეტროში ერთ სტატიას ვკითხულობდი გუგულის ბუდეებზე და სანამ ამ სტატიას წავიკითხავდი, ჩემი მეგობრის პოსტი ვნახე მორალზე და ირიბად ჩემზე და სანამ მასაც წავიკითხავდი, ჩვენ ვიკამათეთ მორალზე, პოლიტიკაზე, რელიგიაზე და საკუთარ თავებზე და იმაზე, რომ მე არ მაქვს მორალის ქადაგების უფლება, რადგან თავად გუგულის ბუდეში ვარ მოკალათებული და არაფრის შეცვლა არ შემიძლია და არათუ არ შემიძლია, არც მინდა კიდეც.

დიახ, მე გუგულის ბუდეში ვცხოვრობ ისევე, როგორც ბევრი თქვენგანი. ჩვენ თბილად გვახურავს საბნები, სიმფონიურ მუსიკას ვუსმენთ და წესებს ზედმიწევნით ვასრულებთ. დილით ადრე სიგნალი გვაღვიძებს. აბაზანაში შესასვლელად ყოველთვის რიგი გვხდება. მერე იწყება ერთი და იგივე – რუტინა, რუტინა და რუტინა. დიდება რუტინას – დრო მიდის, კადრები რჩებაო, კადრები არ ვიცი, რუტინა კი ჭეშმარიტად უცვლელია და მარადიული.

სტატიაში ეწერა, რომ გუგულის ბუდეები უამრავია. დიახ, ეს ასეა. მათ რა გამოლევს, სისტემას რა გააქრობს, მის რეჩედებს სად დამალავ?! ტოტალიტარიზმი ყველგანაა. ის არ კვდება, ან თუ კვდება, გველეშაპივით ცხრა თავი აქვს და მუდმივად ახალ-ახალი გამოეზრდება. ერთგან თუ კვდება, მეორეგან რჩება, კომბინატში თუ კვდება, ფაბრიკაში რჩება, სსრკ-ში თუ კვდება, დემოკრატიულ საქართველოში რჩება ისევე, როგორც დემოკრატიულ ამერიკაში ან ყველასგან დავიწყებულ ჭიათურის სოფელ ითხვისში. ასევე ბევრია მაკმერფი, ბრომდენი და რეჩედი.

მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი და, როგორც ყოველთვის, ტვინის ღუნვა საკუთარ თავამდე მივიდა. ვინ ვარ მე? – მაკმერფი, რეჩედი, ბრომდენი თუ ბილი ბიბიტი? რეჩედი რომ არ ვარ, ვიცი. სამწუხაროდ, მაკმერფიც ვერასდროს ვიქნები. ვერასდროს შევძლებ არეულობის შეტანას გუგულის ბუდეში, ვერასდროს შევძლებ გულწრფელ და ასე თავხედურად პირდაპირ პროტესტს რეჩედის ტირანული წესების მიმართ. მე ბრომდენი ვარ – დიდი, მთასავით ინდიელი, რომელიც რაღაც მიზეზებით ჭიანჭველის ტოლად იქცა, რომელიც შეეგუა იმას, რაც აქვს, სადაც არის, რომელიც დამუნჯდა და დაყრუვდა, რათა მინიმალური კომფორტი ჰქონოდა, რათა არავის შეეწუხებინა და ნისლის მანქანაში ეცურა. მე ბრომდენი ვარ, რომელსაც ჭირდება მაკმერფი, რომელიც მას ნელ-ნელა გაზრდის, ნისლს გაუფანტავს, ბრძოლის სურვილს გაუღვიძებს, გარემოს შეცვლის აუცილებლობისკენ მიუთითებს და პულტით ფანჯრის ბადეს გაანგრევინებს.

ყოველთვის მეგონა, რომ თავისუფლებისთვის მუდმივად ვიბრძოლებდი, ვიბრძოლებდი სიმართლისთვის, უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი სამსახურისთვის, საკუთარი თავის განვითარებისა და რეალიზებისთვის, მაგრამ მე არ ვარ მაკმერფი და როგორც არ უნდა ვხედავდე უსამართლობას, მისი გამოსწორება გამიჭირდება. რადგან მე ბილი ბიბიტი ვარ და ჩემი ბოლო სამართებელი იქნება ან სამფეხა და გრძელი თოკი. უკეთეს შემთვევაში კი ბრომდენად დავრჩები და ერთ დღესაც მომბეზრდება სიგარეტის კვამლში – ამ ნისლის მანქანაში ცურვა და გაზრდას დავიწყებ.

გავა დრო და კედელთან მდგომი “აურელიანო ბუენდია” ვერაფერს გაიხსენებს, რადგან, დიდი ალბათობით, ალცჰაიმერი ექნება. ვიღაცები კი გუგულის ბუდეებს ისევ ააშენებენ, ვიღაცები გადაუფრენენ, როგორც ერთი, ამერიკულ ქურთუკში გახვეული ქართველი ბიჭი წერს: –

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ვიღაცა ამ ბუდეს

მთელი ცხოვრება აშენებდა“.

სული რომ ამოსდიოდა/As she lay dying

370dd59b8f45bf6ef64de8a55db497b3ღმერთო, მე არ მინდოდა, ფოლკნერზე დამეწერა. მე, უბრალოდ, ხელში ახალი წიგნი ავიღე, რადგან არ მინდოდა, ფოლკნერზე დამეწერა, ან ვარდამანზე დამეწერა, თევზზე დამეწერა, რომელსაც ვახშმად შევჭამდი და რადგან მეც ვიცოცხლებდი, ე. ი. ედი ბანდრენიც იცოცხლებდა, რადგან ედი ბანდრენი თევზია და თევზს რომ შევჭამდი და ვიცოცხლებდი, ე. ი. ედიც იცოცხლებდა.

ღმერთო!- არა, ღმერთებს არასდროს სცალიათ ჩვენთვის. ხალხნო, მე არ მინდოდა, ფოლკნერზე დამეწერა, კეშის გამოჩორკნილ კუბოს გეფიცებით, დიუ დეილის ფართო თვალებსა და დარლის გიჟურ სიცილს, რადგან ძალიან რთულია, ფოლკნერზე წერო. მაგრამ უფრო რთული ყოფილა, მისი წაკითხვის შემდეგ ახალი წიგნი დაიწყო ისე, რომ ორი სიტყვა არ დაწერო ამ ოჯახსა და მის ოდისევსურ მოგზაურობაზე.

როცა მას სული ამოსდიოდა, იოკნაფატოფას ერთ-ერთ შტატში ჰაერი იხუთებოდა, მდინარე დიდდებოდა, ხიდი მიჰქონდა, კუბო ითლებოდა, თევზი იჭრებოდა, ნამცხვარი ცხვებოდა და ცხენი მიჰქროდა, წინ, ყველაზე წინ, რადგან მის პატრონს არ შეეძლო, დედის გვამის სანაცვლოდ ცხენი დაეთმო.

როცა მას სული ამოუვიდა, ჩვენ ყველანი ქალაქში წავედით: ენსი, დარლი, კეში, ჯუელი, დიუ დეილი, ვარდამანი, ნათხოვარი ჯორები და მე. როცა მდინარეს კუბო მიჰქონდა, მე ნაპირზე ვიყავი, ხან დარლს ვეხმარებოდი, ხან კეშის ხელსაწყოებს ვეძებდი, ხან გულში “ჯუელს” ვყვიროდი. ოფლში ვცურავდი, რადგან მალე მეტრო გოცირიძემდე მივაღწევდი და უნდა ავდმგარიყავი, კითხვა შემეწყვიტა და უშველებელი ხიდი გადამევლო, რომელსაც ვერცერთი მდინარე ვერასდროს წაიღებდა, რადგამ ამ სიგრძის მდინარეს არასდროს ჩაუვლია თბილისში. სამაგიეროდ, ტალის ხიდი წაიღო წყალმა, მაგრამ ჩვენ მაინც გავედით მომდევნო ნაპირზე, მე – წერეთელზე, ისინი – ჯეფერსონში.

რატომ უნდოდა ენსის ახალი კბილები? რატომ ჰგავდა ახალი მის ბანდრენი ყველაფრის მკადრებელ ქალს? რატომ იყო ჯუელის დედა ცხენი? რატომ წაიყვანეს დარლი მატარებლით? – რადგან ცოდვის შვილები იყვნენო, იტყოდა კორა. მაგრამ ცოდვა ხომ უბრალოდ ტანსაცმელს ჰგავს, რომელსაც სხვისი თვალის ასახვევად ვატარებთ, რადგან ჩვენთვის ის ცარიელი სიტყვაა და შესაბამისად, ცარიელი სიტყვაა მონანიებაც, უპასუხებდა ედი ბანდრენი.

იოკნაფატოფა კი სავსე იყო კეთილი და სასტიკი ადამიანებით, უვიცებით, ბრმადმორწმუნეებით და ურწმუნოებით და, რა თქმა უნდა, სავსე იყო ისეთი გაუნათლებელი, თუმცა მოაზროვნე ადამიანებით, როგორიც დარლის შეშლილი ფიქრები იყო.

და ჯუელს ცხენი უყვარდა და ჯუელი მამაცი იყო.

ვარდამანს ცოცხალი თევზი უყვარდა და ვარდამანი თევზის შვილი იყო.

კეშს თავისი ხელსაწყოები უყვარდა და კეში კუბოს შვილი იყო.

დიუ დეილს არ უყვარდა, ის რაც მის მუცელში იყო და დიუ დეილის შვილი ათი დოლარის ტოლფასი იყო.

ბოლოს ენსიმ მაინც ჩაისვა კბილები, მე კი ახალი წიგნის კითხვა დავიწყე.

გულისრევა – ქრონიკულად და სტატიკურად

e8100b0fddc66e74e2da53f9bbbf0cfb-1სარტრის “გულისრევა” წაგიკითხავთ? მე – არა. მარტო ის ვიცი, რომ ფილოსოფიურ-ავტობიოგრფიული რამეა. ჩემი მეგობარი კითხულობს (მეორედ) და დღეს ვახსენეთ, სამსახურს რომ მოვრჩით და სახლისკენ მივჩაქჩაქებდით.

თუმცა სარტრი მარტო ამის გამო არ გამხსენებია. სიტყვა – “გულისრევა” მომწონს. კარგად გამოითქმის და ისეთ რაღაცებს გამოხატავს, რასაც ვერ ვხსნი. საერთოდაც, ხშირად მერევა გული. უფრო სწორად, ვგრძნობ რომ მერევა და ეს სიტყვა სულ თავში მიტრიალებს: გულისრევა.. გულისრევა.. გულისრევა.. ამ დროს სიგარეტს ვაქრობ და სამარშრუტო ტაქსიში ავდივარ. ადგილს ვერ ვპოულობ. ფეხზე ვდგავარ. გულისრევა.. გულისრევა.. მძღოლი ამუხრუჭებს. რადიოს რთავს. რომელიღაც საინფორმაციოში გვარამიასა და ბურჭულაძეზე კამათობენ. გულისრევა.. გულისრევა..გულისრევა.. მძღოლი ამით არ კმაყოფილდება და დარდიმანდებზე გადადის (როგორ მძულს ეს სიტყვა). გულისრევა.. გულისრევა..გულისრევა.. როგორც იქნა, ადგილი თავისუფლდება. ვჯდები. ფანჯარას ოდნავ ვაღებ და გარეთ ვიყურები. თვალში კედლებზე გაკრული საარჩევნო პლაკატები მხვდება (როგორ მძულს ეს მახინჯი ფასადები). გულისრევა.. გულისრევა..გულისრევა.. მარშუტში საშინელი სუნია. ნაღმებივით ალაგ-ალაგ ამომხტარი საცობები მაგიჟებს. მძღოლი პერიოდულად ამუხრუჭებს (როგორ მძულს მუხრუჭი). გულისრევა.. გულისრევა.. გულისრევა.. მკვდარივით ვეშვები ასფალტზე. ჩემი კიმონოს გრძელი ტოტები კარების სახელურს ედება. უხერხულად ვიშმუშნები. ჩემს უკან ქალი ცხვირს იბზუებს და ცდილობს გადამასწროს (როგორ მძულს უხერხულობა). გულისრევა.. გულისრევა.. გულისრევა..

სახლისკენ მივდივარ. გარეუბნის სუფთა ჰაერი გულისრევას ფანტავს. უკვე სახლში ვარ. აქ კარგია. ფეხზე ვიხდი და აულაგებელ საწოლზე ვემხობი. თვალს ვახელ და ოთახის კედლები ტრიალს იწყებს. ტელეფონი თავს მახსენებს. ადგომა და ჭამა მინდა, მაგარამ გულისრევაც თავს მახსენებს. მის გასაფანტად ფბზე შევდივარ. ერთ-ორ შეტყობინებას გულგრილად ვუყურებ და კედელს ვსქროლავ: “ზოდიაქოს ნიშნებმა ადგილი შეიცვალეს”, დამიბრუნეთ ჩემი მერწყული”, “ახლა რა ვუყო კუროს ტატუს”, “დღეს ჩემმა ფისომ შპალერი დაჩხაპნა (კომენტარი: “საყვარელი)”, “მეჭიაურის დიდებული პოლიტიკური კარიერა დასრულდა”, “უნდა მოგიყვეთ: დღეს გაჩერებაზე….” და აქვე – ლამაზი გოგოების ლამაზი სხეულების ნავარჯიშები ნაწილების ახლო ხედები, ოდნავ ლამაზი გოგოების ოდნავ ლამაზი სხეულების ოდნავ ნავარჯიშები ნაწილების შორი ხედები, ჰიპსტერა ტიპების გრძელი წვერები, ინტელექტუალების გრძელი ენები, ოჯახის ქალების დაღლილი ხელები, პირველად შეყვარებული თინეიჯერების ცრემლები, რთული შემთხვევების ტოტალიზატორის “გასხმული” ბილეთები და სადღაც კედლის რომელიღაც წერტილში სარტრიც კი მხვდება თვალში: გულისრევა.. გულისრევა.. გულისრევა..

ერთ დღესაც მე აუცილებლად მექნება სინათლის სიჩქარით მოძრავი კუბიკი და თავს დავაღწევ (ხოლმე) ისეთ ოდიოზურ მოვლენებს, როგორიც არჩევნები, საყოველთაო მოწყენილობა და ქრონიკული გულისრევაა.

ჰანს პრომველი – ეგზისტენციას პლიუს ინტიმური ეგზისტენცია

14159812_1190577094340697_738466051_n

შემოდგომის ერთ საღამოს ჰანს პრომველი გავიცანი. გაცნობა მოხდა “არტსაიდზე”, ერთი დაკლიკვით. არ მახსოვს, რა ეცვა, მაგრამ მახსოვს, რომ ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, რომელიც მის მეგობარ დინ ლამბერტს გამოართვა, როცა ის ზეცისკენ იშვერდა. ჰანსი მანიფესტს კითხულობდა მარტოობაზე…
პოსტები მაშინ უნდა წერო, როცა ემოცია მაჯაზე პულსად გიცემს. პრომველზე მაშინ უნდა დამეწერა, იმ საღამოს, სანამ მისი ლუდი დაიცლებოდა, სანამ ნენსი მარტოობისგან იტანჯებოდა, სანამ დინ ლამბერტს მისი სექსუალური ავანტიურა მობეზრდებოდა.
მას შემდეგ ლექსები ჩემში ნესტივით გაჯდა, დაილექა, პულსი დამშვიდდა. ახლა გინდ მასზე დამიწერია და გინდ სილვიას “შეშლილ გოგოზე”, სამი წლის წინ რომ გადამრია. თუმცა ეს ჩემი მინუსია და არამც და არამც მისი. პრომველი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა საჭირო იყო, როცა ყელში მქონდა გადაპრანჭული კლასიკური პოეზია და გარეუბნის მახინჯი გაჩერებები და, რა თქმა უნდა, ყელში მქონდა მარტოობა.
მანიფესტებს წერდნენ დადაზე, წერდნენ ფემინისტებზე, მაგრამ მე ერთ მანიფესტს ვცნობ. ის მარტოობას ეძღვნება… რადგან შეუძლებელია, არ იყო მარტო, რაც არ უნდა კარგი ქმარი, შვილი, მეგობარი და ბრიტანული კატა გყავდეს. შეუძლებელია, დღეში ნახევარი საათი მაინც, მეტროს ვაგონებში დაგუბებული ბლანტი ჰაერივით არ დაგაწვეს მარტოობის შეგრძნება. მარტოობა ნესტს გავს, რომელიც ტვინში, გულსა და კანის ქსოვილებში ჯდება. ეს კარგად იცის ჰანს პრომველმა, რომელიც ზედმეტი ფილოსოფიისა და ინტელექტუალური ტვინის ჭყლეტვის გარეშე წერს. წერს დაკარგულ ადამიანებზე – ანუ თითოეულ ჩვენგანზე; წერს უიმედო ადამიანებზე – ანუ თითოეულ ჩვენგანზე; წერს ღმერთზე – ანუ ერთზე, მაგრამ მრავალჯერადზე. პრომველმა იცის, რომ ყველა მარტოა, რომ ღმერთიც მარტოა და ჩემი მეზობელი ცისფერხალათიანი ციცინო დეიდაც, რომელიც მას თვალით არ უნახავს, მაგრამ ერთი ერთში ჯდება “ჰოთ-დოგების” გამყიდველ მსუქან ქალბატონთან:

” შენ ხარ მარტო,
ქუჩის კუთხეში მდგარო,
Hot Dog – ების გამყიდველო, მსუქანო ქალბატონო.
შენს თვალებში შიშია.
შენ ცხოვრობ სადღაც 69-ესა და 21 -ეს კუთხეში
იაფფასიან ბინაში,
სადაც ყოველღამე ტირი,
რადგან ხმის გამცემი არავინ გყავს…”

როცა ეს ლექსები წავიკითხე, ბევრს ვფიქრობდი პრომველზე. მაინტერსებდა, მართლა ასეთი გულწრფელი იყო თუ არა და საიდან ჰქონდა გერმანული სახელი ამ მანჰეტენელ ბიჭს. მერე ჩემი ისტორია მოვიგონე, – ალბათ, დედას ჰანს კასტორფი უყვარდა, ან სევდიანი კლოუნი თავისი თვალთახედვით, შეიძლება, გერმანელი საყვარელიც ჰყავდა, რომელსაც ჰანსი ერქვა, თუმცა მაინც პირველი ორი ვერსია მერჩია და დავიჯერე კიდეც. ერთი კია, ლიტერატურული ჰანსების სევდა და მარტოობა მასაც ახასიათებს. მის ნაწერებს რომ ვკითხულობ, ზოგჯერ მგონია, სელინჯერის ჰოლდენი გაზრდილა, ლირიურობას დაურევია ხელი, მანჰეტენზე დასახლებულა და პოეზიაში გადავარდნილა.
ძნელია, პრომველზე სტანდარტულად წერო. ამ დროს სამყაროზე გაბრაზებული უნდა იყო, ცოტა უნდა აურიო, სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლე ფეხებთან უნდა გეგდოს და ცოტა უნდა აღეგზნო კიდეც. მისი პოეზია ხომ ასეთია: მცირე უხამსობას პლიუს ბევრი მარტოობა, ბევრი სევდა, უფრო მეტი ლირიულობა და რაღაცის დანაკლისი, – რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ზოგჯერ სახელს ვერ ვუძებნით, ზოგი ლექსების წერას ვიწყებთ და ზოგი კი, ვისაც მკითხველის ნიჭი უფრო მომძლავრებული გვაქვს, სხვის ნაწერებს ვეტანებით.
პრომველის ლექსები ჩემთვის ერთი დიდი რომანივითაა. მისი პერსონაჟები 21-ე საუკუნის რეალური ტიპები არიან. ისინი არა მარტო ამერიკაში, არამედ ყველგან ცხოვრობენ, დახეტიალობენ, განიცდიან, ენატრებათ და ეძებენ… ეძებენ გზას და სწორ ორიენტირს ცხოვრებაში:

“შენ დგახარ გზაზე
შენ სულ გზაში ხარ
და ყველა გზა შენი დაღლილი სხეულისკენ მიემართება
რადგან ყველა ხსნა შენშია
და ეს შენ იცი,
და დარწმუნებული ხარ იმაშიც,
რომ სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან,
ხელს არ გაგიშვებ…”

პრომველი ნამდვილი ბრუკლინელი, ხისტი და რომანტიული მიზანთროპია. თუმცა აზრზე არ ვარ, როგორები არიან ბრუკლინელები, მაგრამ ის ვიცი, რომ მანჰეტენური ლირიულობა, ძალიან კონტექსტურია თბილისურთან, ისევე როგორც კონტექსტური იქნებოდა პარიზულთან თუ გვატემალურთან. რადგან პრომველი წერს იმაზე, რაც ძალიან ინტიმურია და ამავე დროს, საზოგადოც.
ეგზისტენციას პლიუს ინტიმური ეგზისტენცია – ასეთია მისი პოეზია. თუმცა ჰანსი მარტოობაში გადავარდნილი, დეპრესიული ტიპი არავის ეგონოს. მისი ლექსები არ არის მხოლოდ დაკარგულებზე, მარტოსულებზე, ადამიანებზე, რომლებიც დაიღალნენ, ადამიანებზე, რომლებმაც სხვები დაღალეს და ადამიანებზე, რომლებიც მომავალში დაიღლებიან. ის საკმაოდ რეალისტია. როგორც ჩანს, მშვენივრად აღიქვამს იმ გარემოს, სადაც ცხოვრობს. ერთი მშვენიერი ლექსი აქვს გინსბერგისეულ “სიწმინდის” გაგრძელებაზე:

“წმინდა არის ამერიკა, ჩემი სამშობლო,
რომელსაც ნავთობი და სისხლი სჭირდება მსოფლიოში დემოკრატიის დასამყარებლად.
წმინდა არის ერთფეროვნება და ჩემი ოთახის კედლები.
წმინდა არის ტელეშოუებზე გაზრდილი თაობა, რომელთაც ყოველწლიურად
უქვეითდებათ აზროვნების უნარი.
წმინდა არის თავისუფლების ქანდაკება, რომლის ჩირაღდანს ცეცხლი დიდი ხანია ჩაუქრა.
წმინდა არის ყოველდღიურობაში ჩაკარგული ადამიანების ყმუილი,
რომელთაც დიდი ხანია სახე დაკარგეს
და ახლა პოსტტრავმულ სიზმრებში გვეცხადებიან
შეშლილი ანგელოზების სახით.
წმინდა არიან ისინი!”

პრომველმა არ იცის, რამდენი საერთო გვაქვს მასთან. ქართველებზე დაკარგულ ტიპებს სად ნახავს კაცი, ქართველებზე სევდიანებს, მარტოსულებს და ამავე დროს წმინდანებს. წმინდაა ჩვენი ბინძური მტკვარი და წმინდაა ჩვენი მერი ნარმანიაც და წმინდა ვართ ჩვენ, ყველანი, მთელი ჩვენი სიბინძურით და მობეზრებული ყოველღიურობით, საიდანაც თავისდაღწევაში მხოლოდ ჰანსის მსგავსი დარეხვილი ტიპები გვეხმარებიან.

 

უფროსი ყოველთვის დამნაშავეა

The-Virgin-Suicides-211

“ჯანდაბა! რა საწუხარი უნდა ჰქონდეთ თანამედროვე ბავშვებს? თუ ტანჯვა იზიდავთ, დაე, ბანგლადეშში წავიდნენ”  

ამბობს გაბრაზებული მისტერ იუჯინი. მისი სიტყვები გულისტკენის თავისებური გამოხატვაა, როცა მიზეზი არ იცი; როცა საკუთარ თავში დანაშაულის პოვნა არ გინდა; როცა შენს ქალაქში თელა მოჭრეს; როცა შენს მეზობლად ხუთმა დამ თავი მოიკლა.

ვინ არიან ლისბონთა გოგონები? თითქოს ყველა ერთნაირად ქერა, ფერმკრთალი და კაფანდარაა. თუმცა თანდათან მათი ნაკვთები იკვეთება: ერთს შედარებით მაღალი კისერი აქვს, მეორე დანარჩენებზე მეტად გამხდარია, მესამეს ტუჩზე შესამჩნევი ღინღლი აქვს და ა. შ. მაგრამ მკითხველის წარმოსახვაში ისინი მაინც განურჩევლები რჩებიან, როგორც ხუთი და, რომლებსაც თვალებში თვითმკვლელობა ეწერათ.

ზოგი თვლის, რომ თვითმკვლელობას ასაკი აქვს. ზოგის აზრით, მას გამოკვეთილი მიზეზი არც სჭირდება.ზოგს მიაჩნია, რომ ის დეენემით გადაიცემა. ვარაუდი უამრავია, ფაქტი – თვალშისაცემი. ახალგაზრდების რომანტიკული დამოკიდებულება სუიციდის მიმართ დიდია. და არა მხოლოდ მათი.

როცა უბედურება ხდება, შენი ორგანიზმი დამნაშავის ძიებას იწყებს. ვინ არის დამნაშავე? – მშობლები, საზოგადოება, დრო, ბედი. რომელიმე  მათგანი თუ ყველა ერთად? ფაქტი ერთია, გოგონებმა ვერ გაუძლეს მშობლების მკაცრ კარჩაკეტილ ოჯახურ პოლიტიკას. მათი ზედმეტი რელიგიური მისტიციზმი, შვილებში თავისებურად აღიბეჭდა. საზოგადოების ხელშეწყობა, პრესის უგუნურება, სახელმწიფო პოლიტიკის სისულელე – ხეების მოჭრა – ეს ყველაფერი ყულფივით იკვრება და დების გამხარ კისერზე პოულობს ბინას.

მათგან თითოეულიც თავისებურად ეძებს დამნაშავეს. პრესა გოგონების სპირიტუალურ გადახრებზე საუბრობს, მშობლების თაობა თვლის, რომ “ამაში ბრალი მიუძღოდა ჩვენს მუსიკასა და ჩვენს ურწმუნოებას, აგრეთვე, მორალური პრინციპებისგან განძარცვულ სექსს”. მათი აზრით, ეს იყო დაცემის გზაზე დამდგარ იმპერიაში ცხოვრების ტრაგედია. “ლისბონთა გოგონები იქცნენ იმ ტანჯვის სიმბოლოდ, რომელსაც ეს ქვეყანა განაცდევინებდა თავის უდანაშაულო მოქალაქეებს”. ასე ფიქრობდა მშობლების ჯგუფი – ერთ-ერთი ხელშესახები და რეალური დამნაშავე ტრაგედიაში.

ვიცი, ბრალის დადება გადაჭარბებულია, ან საჭირო არც არის. მაგრამა ამის უფლება მაქვს, რადგან მკითხველი ვარ, რადგან ქართველი ვარ (ქართველებს უყვართ თითის გაშვერა და “დამნაშავეას” ძახილი) და შვილების თაობას ვეკუთვნი.  ჩემს შვილებს ექნებათ უფლება, ტრაგედიებში ჩვენ დაგვადანაშაულონ, რადგან შვილები იმ გარემოში ცხოვრობენ, რასაც ვახვედრებთ; იმ კონსერვს ჭამენ, რასაც ჩვენ ვხუფავთ; იმ აზრებით იტენებიან, რასაც ჩვენ ტვინში ვუჭედავთ, სანამ თავად არ დაიწყებენ მათგან გათავისუფლებას.

სინამდვილეში გოგონებს სულაც არ სჭირდებოდათ დამნაშავე. ერთი შეხედვით მათი საქციელი პროტესტიც იყო და უბრალოდ, სამუდამო მარტოობის მოპოვებაც, რომელსაც ასე საგულდაგულოდ უფრთხილდებოდნენ. შეიძლება, სხვებივით მათაც ბეისბოლის თამაში თუ კორტებზე ხეტიალი ხიბლავდათ, მაგრამ მაინც ამ ყველაფრისგან თავის დაღწევაზე ფიქრობდნენ. მათი თვითმკვლელობა იყო უარი, “ეცხოვრათ იმ სამყაროში, რომელსაც მათ აჩეჩებდნენ.”

როცა “თვითმკვლელ ქალწულებს” კითხულობ, შენც მათი გავლენის ქვეშ ექცევი, მათზე შეყვარებული ხდები და ისე წარმოთქვამ დასასრულს, თითქოს ლისბონთა გოგონებს თავად მიმართავდე:

“გვიყვარდა ისინი, მათ კი ვერ გაიგეს ჩვენი ძახილი და ახლაც არ ესმით. ჩვენ თმა გაგვითეთრდა და ქონი მოგვეკიდა. აქედან, ბავშვობის დროინდელი შტაბიდან, მოვუწოდებთ მათ, დაგვიბრუნდნენ იმ სიცარიელიდან, რომელსაც თავი შეაფარეს, რათა სამარადისოდ მარტონი დარჩენილიყვნენ; ჩაკარგულიყვნენ თვითმკვლელობის სიმარტოვეში, რომელიც უფრო ღრმაა, ვვიდრე სიკვდილი, და სადაც ვერასოდეს ვიპოვით თავსატეხის ნაწილებს, რომელთაგანაც ერთიანი სურათის შექმანს შევძლებდით.”