ავტოსადგომზე ბევრი ჯართია
ოფისებში – ბევრი სევდა
სახლებში უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ოფისებში და არანაკლები ჯართი, ვიდრე ავტოსადგომზე
სისხლში ბევრი მოლეკულაა, უფრო მეტი, ვიდრე პრობლემა სახლში და არანაკლები, ვიდრე ვიტამინები ორგანიზმში.
ჩემს ორგანიზმში ვიტამინები თითქმის არ არის
ჩემი მეზობლის ორგანიზმში უფრო მეტი ვიტამინია, ვიდრე ჩემსაში. თვითონ მითხრა.
დედა ამბობს, რომ უნდა გავსუქდე, მე ვპასუხობ, რომ აჯაფსანდალით არავინ სუქდება.
ბიჭი, რომელიც მიყვარს, მეუბნება რომ ბევრს ვეწევი, მე ვპასუხობ, რომ მამა უფრო მეტს ეწევა.
კაცს, რომელსაც კალათით გასაყიდად ჩურჩხელები დააქვს, დაძარღვული ხელები აქვს
კაცი, რომელსაც დაძარღვული ხელები აქვს, თავისი ცოლის მომზადებულ ჩურჩხელებს ყიდის…
წერეთლიდან მეტრო გოცირიძემდე გრძელი ხიდი გადის.
მეტრო გოცირიძეს შესასვლელში ყოველდღე ერთი და იგივე ფისო ზის.
მეტრო გოცირიძის პოლიციელი ვესტერნების შერიფს ჰგავს.
გოგოს, რომელსაც დღეს დაბადების დღე ჰქონდა, ღმერთის წამს.
მე ვფიქრობ, რწმენა უფრო სუსტია, ვიდრე რწმენის სურვილი და უფრო უსარგებლო, ვიდრე კასინის მისია სატურნზე.
კასინი 2017 წლის 15 სექტემბერს თვითმკვლელობის აქტს ჩაიდენს, ის სატურნის რგოლებში ჩაყვინთავს და აღარასდროს დაბრუნდება.
ჩაყვინთვა ბევრად რთულია, ვიდრე ჩასუნთქვა და თითქმის ისეთივე აუცილებელი, როგორც დაბრუნება.
ჩემი მეგობრის მამა სახლში აღარ დაბრუნდება.
ჩემი მეგობრის დედაც აღარ დაბრუნდება სახლში.
მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან დედაჩემი და მამაჩემი სახლში მელოდებიან.
შიში უფრო მტკივნეულია, ვიდრე სიყვარულში იმედგაცრუება, მაგრამ უფო მსუბუქი, ვიდრე საყვარელ ადამიანთან სამუდამო განშორება.
მე დანამდვილებით არაფერი ვიცი.