შიშები და წარმოდგენები N=1

7b470ec264314ddf470b71a1531d0ea4დღეს თუ დრო მომრჩება, ახალ პოსტს დავწერ. პოსტი არ იქნება სამსახურზე, არც ოჯახის წევრებზე, არც შეყვარებულებზე, არც მეგობრებზე, არც მოხუც პატრიარქზე, არც მიწისქვეშა გადასასვლელებთან ჩამომსხდარ მათხოვრებზე და მითუმეტეს, არც გუგული მაღრაძეზე. პოსტი იქნება შიშებსა და წარმოდგენებზე.

აი, მაგალითად, როცა გვიან ღამით ქალაქის ცენტრიდან გარეუბნისკენ მივემართება, ვუყურებ ჩაბნელებულ, ჯერ აუშენებელ კორპუსებს, ან მიტოვებულ ქარხნებს ქსნისა და ფეიქრების ქუჩებზე და თავს ამ შენობებში წარმოვიდგენ. იქ ყველგან ბნელა. მე მეშინია, მაგრამ თან რაღაც უცნაური სიამოვნება ახლავს ამ წარმოდეგნას. მე მომწონს, როცა წარმოდგენილი შიშისგან ვიტანჯები.

ტაქსიდან გადმოვდივარ და პირდაპირ ამ შენობებისკენ მივდივარ. ნახევრადჩამომომძვრალ ჭიშკარს ვაღებ. ის ჭრიჭინებს, როგორც საშინელებათა ფილმებში. მე ეზოში ვდგავარ, ქარია და ყურებში უცნაურად მიწუის, უფრო სწორად, მე მეჩვენება, რომ უცნაურად წუის, სინამდვილეში ძალიან ჩვეულებრივი ქარული ხმა აქვს. ეზო გადავჭერი და ნახევრადდანგრეული ქარხნისკენ ვაგრძელებ გზას. სახელურს დაბლა ვწევ და მთავარი შესასვლელიდან შევდივარ. უკვე შენობაში ვარ. მაგრად ბნელა. შენობის ჭერი ძალიან მაღალია და სივრცე – იმაზე დიდი, ვიდრე ჩემი სკოლის ფისკულტურის დარბაზში. მე ჩუმად ვარ, არადა, ძალიან მინდა ხმამაღლა ვიმღერო: იუ, ქილინგ მი ეგეეენ და ჩემი ხმის ექოთი დავტკბე. მაგრამ ჩუმად ვარ. პირდაპირ შენობის შუაგულისკენ მივდივარ. ირგვლივ მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა ისმის. უკან არ ვიხედები, არადა, სიგიჟემდე მინდა მოხედვა და იმის გაგება, რამხელა დანა აქვს იმ კაცს, უკან რომ მომყვება. მაინც არ ვიხედები. მეჩვენება, რომ შიშველ მხრებზე რაღაც მეხება, მაინც არ ვიხედები, თითქმის დარბაზის ცენტრში ვდგავარ, მაინც არ ვიხედები. ვჩერდები. არ მინდა სიმშვიდე დავკარგო და მდგომარეობიდა გამოვიდე. ვიცი, რომ მოვბრუნდე, დასამშვიდებლად ერთი მოტრიალება არ მეყოფა და ყველა მხარეს დავიწყებ ყურებას, ყველა კუთხეში, ამიტომ ნაბიჯს წინ ვდგამ და უკანა გასასვლელისკენ მივდივარ, კარი იქაც ღია მხვდება. ეზოში ძაღლის ყეფა მესმის. შენობას წრეს ვუვლი და ჭიშკრისკენ მივდივარ, ძაღლის ხმა ახლოვდება, მის პარალელურად ახლოსაა ქუჩის ხმაც. უკვე ტრასაზე ვარ. შიშიდან გამოვძვერი. მომწონს მანქანების ხმაური, მათი ბღუილი და ასფალტის მტვრის სუნი. მე ტაქსის ვაჩერებ და გზას ვაგრძელებ. დღეისთვის კმარა. წარმოსახვითი შიშიდან პირდაპირ სახლში ვბრუნდები.

მე მთელი ვარ და არსად არცერთი ნაკაწრი არ მაქვს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s