ბაბუას

ბაბუას ხვალ დაბადების დღე აქვს. 80 წლის ხდება. ბაბუა ჭიათურაში ცხოვრობს. დარეკვას აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს გაიგებს.

ბოდიში, ლია, მე “პაპაჩემი” არ მძულს. თუმცა არც განსაკუთრებულად ახლო ბაბუა და შვილიშვილი ვყოფილვართ. ერთხელ, გაბრაზებულზე კარებიც კი შემომიმტვრია და მე ფანჯრიდან გადავხტი. დიდი არაფერი, ფანჯრიდან ისედაც ხშირად ვხტებოდი, დაბალზე იყო და იმიტო.

ბაბუას არასდროს წაუკითხავს ჩემთვის ზღაპრები, არც ის მახსოვს, ოდესმე რამე ეჩუქებინოს, ხშირად ჯაჯღანებდა კიდეც და დალევაც უყვარდა. დალევა ახლაც უყვარს. ჭიქის ბოლომდე გამოცლის მანია აქვს (თუმცა ღვინოს და წვენს უკვე ვეღარ არჩევს ერთმანეთისგან). როგორც დედა ამბობს, ზუსტად ამიტომ გახდა ცუდად ბოლო წლებში.

დალევა მეც მიყვარს. თუმცა ბაბუასთან ერთად არასდროს დამილევია. ბაბუა კი გზაში ვინმე გზააბნეულს გამოიჭერდა, ბებიას გამომცხვარი ხაჭაპურებით გამოტენიდა და ათრობდა და ათრობდა და ათრობდა. მერე ეს კაცი ჩუმად იპარებოდა და ბაბუა საშველად ბებოს იხმობდა: არიქა, ნაზიკო, მიშველე, გარბის ეს კაციო.

დიახ, კაცები გარბოდნენ. მერე ბაბუას წყალი მოჰქონდა მეზობლის ჭებიდან, რადგან ჩვენი ეზო მაღაროსგან ნიადაგგამოცლილია და მე ამ წყლებით ჩუმად ვწუწაობდი.

ბაბუას მორიგეობაში წასვლა უყვარდა. მე არ მიყვარდა, როცა ბაბუასთან საჭმელს მატანდნენ, მაგრამ მიყვარდა, როცა უკვე ბეგიაურზე ასული მწვანე ბალახზე ვნებივრობდი და ბაბუასთან გატანებული პურით და ყველით ვილუკმებოდი.

ბაბუას ზეგ ჰქონია დაბადების დღე, შემეშალა. 80 წლის კი ნამდილად ხდება და ნამდვილად ჭიათურაში ცხოვრობს და ნამდვილად ვერაფერს გაიგებს, რომ დავურეკო და მივულოცო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s