ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია

(უკანასკნელი ორი თვის მიმოხილვა)

ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია,

სახლში შიგადაშიგ ათევდა ღამეს

იშრობდა თმას და ცდილობდა ოჯახს დახმარებოდა –

შეძლებისდაგვარად გაერეცხა ჭურჭელი და კომუნალურების ერთი ფრთა მაინც გაენულებინა…

ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია,

დადიოდა მეტროთი, ეფერებოდა ქუჩის კატებს

და ძულდა შუა ხნის კაცების მზერა თავის დაკლეტკილ ნეილონის წინდებზე…

ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია,

ეზიზღებოდა საკუთარი სამსახური,

რადგან სამსახური იყო ყოველთვის მყარი და ალაგ-ალაგ წვეტიანი ადგილებით, რომელიც ესობოდა ფეხებში მას, ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია.

და 600 ლარი იყო ვერდასათმობი 600 ლარი, რადგან ის უდრიდა რამდენიმე ჭიქა ღვინოს, ახალ, ფერად კაბასა და ცოტაოდენ დახმარებას ოჯახისათვის (როგორც ზემოთ აღვნიშნე)

სანაცვლოდ კი 600 ლარი, ეს სატანური ციფრი, ართმევდა მას მუქთახორობის პერსპექტივას, 

რაც, თავის მხრივ, გულისხმობდა, ბალიშზე შემოწყობილი ფეხებით, რომელიმე შავ-თეთრი ფილმით ტკბობას ან თაროზე შემოწყობილი წიგნებისთვის “მტვრის გადაწმენდას” ან სხვა საკრარულ რიტუალებს..

ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია, გაუნათლებელი უფროსები ჰყავდა,

თუმცა განათლება დიდი აბსტრაქტული გაიძვერა გახლდათ და მაინცდამაინც არც თანშრომლებში ამჟღავნებდა თავს, შესაბამისად – არც მასში, ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია.

ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია, უყვარდა ლიტ. ფესტივალები

თავისი ძვლებამდე გამხდარი თუ მსუქანი პოეტებით

და მას, ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია, გულს უჩუყებდა იმ პოეტების საღამოები, ვისაც ცოტა მსმენელი ჰყავდა და სიხალვათის გადასაფარად, გულმოდგინედ უკრავდა ტაშს.

ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია, იცოდა, რომ პოეზია ტაშის დაკვრით არ განისაზღვრებოდა (თუმცა ზოგჯერ ტაში მართლა აჭმევდა პურს)

და არც ასაკი იყო სიბრალულის პროპორციული, მაგრამ რადგან მამა ნელ-ნელა ასაკში შედიოდა, მოხუცი ადამიანების მიმართ სიბრალული ეპარებოდა…

ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია,

დაიდიოდა აქციაზე და აქცია იყო იმაზე მცირერიცხოვანი, ვიდრე ზვიადის დროს

და იმაზე რაციონალური ვიდრე ზვიადის დროს.

ხოლო მას, ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია, არ უყვარდა რეპი, მაგრამ უყვარდა, როცა იქ იდგა, სადაც საჭირო იყო, ამიტომ იდგა.

ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია, იცოდა რომ, მესამე პირში საუბარი ყოველთვის აადვილებდა სათქმელს, ამიტომ ხლართავდა პირის ნიშნებს, ქვემდებარეებსა და შემასმენელს და უფრო მეტად ტანჯავდა მკითხველს,

რადგან მან, ვისაც დიდი ხანია, არაფერი დაუწერია, იცოდა, ისეთ ქცეყანაში ცხოვრობდა, სადაც ტანჯვა ეროვნული ჰობი გახლდათ

და ისიც, თინეიჯერივით ტრენდებს აყოლილი, საყოველთაო ტანჯვის ფერხულში ებმებოდა.

დასასრული.