სათაური ვერ მოვიფიქრე

აღდგომა ჩემთვის ძველი, მივიწყებული ადამიანების მონახულებაა. მე ვგულისხმობ ცოცხლებს. ცოცხლებს, რომლებიც სიბერის ზღვარს მიღმა არიან და გარდაუვალ “ფინიშამდე” ყავარჯნებითა და ერთმანეთის მხარზე დაყრდნობით მიდიან.

ყველა აღდგომა, როცა კი სოფელში მივდივარ, ერთნაირია. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ წლები გადის, ჩემს კუთხეში ცოცხალი ადამიანების საწოლები მცირდება და მის პარალელურად სასაფლაოზე ახალი მარმარილოს ქვები იდგმება.

ეს წელი განსაკუთრებით სევდიანი იყო. ალბათ, იმიტომ, რომ დიდი ხანია, არ მინახავს ჭიათურის ეს წყლისგან დავიწყებული, ბოძებით გამაგრებული და მაღაროსგან ნიადაგგამოფიტული სოფელი.

ისინი ემზადებიან, ემზადებიან, ემზადებიან აღდგომისთვის. ღებავენ კვერცხებს, აცხობენ ცომიან გემრიელობებს, ხარშავენ ქათმებს, ყიდულობენ ნამცხვრებს და ა. შ. ამ საჭმელების უმრავლესობა ფუჭდება და იყრება, რადგან არავის აქვს მისი ჭამის თავი. შეღებილი კვერცხები ყროლდება, პასკები ხმება. მაგრამ ისინი მაინც ემზადებიან, ემზადებიან, ემზადებიან. ვუყურებ ამ მოფუსფუსე ხალხს და ვფიქრობ, რომ მათგან ნახევარიც კი არ ფიქრობს ქრისტესა და მის აღდგომაზე. ისინი ფიქრობენ თავიანთ მიცვალებულებზე და მათ მტვრიან საფლავებზე და ისინი, განსაკუთებით მოხუცები, არ ამხელენ, მაგრამ ფიქრობენ თავიანთ მომავალ საფლავებზე.

მე არ შემიძლია მათი ყურება, მათი დაღლილი ხელების, ძალაგამოცლილი ფეხებისა და ცრემლიანი თვალების ყურება. იმდენად მიჭირს, მირჩევნია ყოველ საღამოს მეტროში  შეწუხებულ ადამიანებს ვათვალიერებდე. ორი უკიდურესობაა, არა? – ვიცი.

მე არ მინდოდა, ეს პოსტი აღდგომაზე ყოფილიყო. მინდოდა, სიბერეზე დამეწერა, უფრო სწორად, ჩემს ბებიაზე და ბაბუაზე, ჩემი მეგობრების ბებიებზე და ბაბუებზე და, ზოგადად, ამ ყველაფერზე. ხო, ბანალურია სიბერეზე წერა. ყველამ იცის, რომ მოხუცი ადამიანები ბავშვებივით უსუსურები ხდებიან, მაგრამ მე ვერ ვიტან ამ შედარებას. უკიდურესად მინდა, წელში არ იხრებოდნენ, ერთმანეთის სატარებლები არ ხდებოდნენ, გრძელ ზამთრის ღამეებს მარტოობაში არ ატარებდნენ და არ მინდა მიცვალებულების საფლავებზე ამდენს ღელავდნენ, მაგრამ კარგი, ეს კიდევ არაფერი. უბრალოდ მინდა, რომ ცნობიერებას არ კარგავდნენ, შვილიშვილებს ისევ ცნობდნენ და არჩევდნენ ღვინის ნაცვლად შეტყუებულ წვენის ჭიქას.

ჰო, ასე მინდა, მაგრამ არც არაფერს ვაკეთებ მათთვის და მოვრბივარ ჩემს ბეტონის ქალაქში, ერთფეროვან, რუტინულ და ყოველდღიურ მოწყენილობაში. მოხუცები კი რჩებიან ჯოხებთან, შეშის ღუმელებთან, მოუვლელ, დასაბან ძაღლებთან და პენსიასთან, რომლის გაზრდა მათი სიკვდილთან მიახლოების პარალელურია.

დასასრულს:

ჩემს არარსებულ შვილიშვილებს

(ნაგლეჯი)

რომ დაბერდები, წელში არ მოიხარო!
ჯოხს არ დაეყრდნო, თუ მაგარი ხარ!
ქმარმა არ მიგატოვოს და შვილებმა არ დაგივიწყონ,
მეტროს ამოსასვლელთან მწვანილების გასაყიდად არ იჯდე წვიმაში,
ხელები არ დაგინაოჭდეს, თუ მაგარი ხარ!
თვალებმა ძველებურად შეძლონ საგნების გარჩევა,
მუხლმა ძველებურად შეძლოს კიბეების არბენა,
კუჭის შეტევით არ მოხვდე ექიმების ხელში!
ინფარქტი არ მიიღო!
ალცჰაიმერი დაივიწყე სამუდამოდ!
გონება შენი იყოს ბრწყინვალე, როგორც არასდროს
და სიკვდილი შენი იყოს სხვებისგან გამორჩეული
და მხოლოდ მისი შიშით არ იწამო ღმერთი,
თუ მაგარი ხარ!…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s