Herta Müller “სუნთქვის საქანელა”

hmsigniert

“და მწუხარების მალე ნიავში

 მოფრინდნენ ლუჯრი ანგელოზები”

რა უნდათ, საერთოდ, ანგელოზებს? რას გადაგვეკიდნენ?

 

ვკითხულობდი ჰერტას და მისი შიმშილის ანგელოზები ჩემ ირგვლივ დაფრინავდნენ. აქ ჩემმა ქვეცნობიერმა გამოყო ფეხი თუ პირიქით ცხვირი ჩაყო და ანგელოზი ჩემს ფიქრებში გალურჯდა.

კომუნისტურ ბარაკებში 72 შიმშილის ანგელოზია, 72-ივე ერთი ფერისაა, 72-ივე ცბიერია და სულაც არ გავს იმ ანგელოზს, გაჭირვების დროს რომ შველას ვთხოვთ. მაგრამ რა დახმარებაზეა ლაპარაკი, როცა მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი იწურება, როცა ფაშიზმისგან სულშეხუთული, შენთვის ახალი ჭირის მსხვერპლი ხდები. შენ რუმინელი ხარ, ანუ ფაშისტი, ანუ ჰიტლერი გიყვარდა. შენ 17-45 წლამდე ხარ, ანუ ენერგიული, ანუ ეს შენი დანაშაულია, ჰოდა, “დავაი” რუსეთის სტეპებში. იქ ანგელოზები გელიან.

როცა “სუნთქვის საქანელას” კითხულობ, სუნთქვა გეკვრის და შეშდები, ანუ პირდაპირ ეწინააღმდეგები მის  სათაურს. სამაგიეროდ,  სიცივესთან, შიმშილთან, გადატყდომამდე გაყინულ თითებთან ხარ თანხვედრაში. თუმცა არც ისე. რადგან შენ საკუთარ ოთახში ზიხარ, არც ისე მშიერი, არც ისე შეციებული, არც ისე დაღლილი, თუმცა საკმაოდ მონდომებული, გაუგო ლეოპოლდს და დანარჩენ 71 ადამიანს. შენ არასოდეს გინახავს შიმშილის ანგელოზი. შენი ანგელოზი ყოველთვის ყვითელი იყო, მზით გაბრწყინებული, მხოლოდ მაშინ გალურჯდა, როცა პირველად მტვერში დაეცი და ასაყენებლად არავინ მოსულა.

ანგელოზი გალურჯდა, მაგრამ არასდროს გამხდარა შიმშილის, ამიტომ ყოველთვის დამკვირვებლად დარჩები, ამიტომ კითხვის დროს წუწუნიც დაგცდება, რომ წიგნს “ექშენი” აკლია, რომ სიუჟეტი არ ვითარდება. სამაგიეროდ, ვერ გაბედავ რომელიმე პერსონაჟის გაკრიტიკებას, როცა ისინი ერთმანეთს პურის ნატეხებს უცვლიან, როცა რანდევუებზე მიიპარებიან, როცა ქმარი ცოლის თეფშიდან წვნიანს იპარავს. ვერ გაბედავ მათ გაკიცხვას, რადგან შენც ასე მოიქცეოდი, რადგან ენგელოზი შენზე ძლიერია, შენ მისი მონა ხარ და მისგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდები, როცა კვდები.

რადგან ასეთია რეჟიმი. იქ გადაგისვრის, სადაც უნდა.  შენი დამცველი კი მხოლოდ ერთი წინადადებაა:

“მე ვიცი, შენ დაბრუნდები!”

და შენც ბრუნდები. თითქმის 5 წელი გავიდა. ბრუნდები და გხვდება სათადარიგო ძმა – შენგან დატოვებული სიცარიელის შემავსებელი, შენი ადგილის მიმთვისებელი პატარა, ლოყებდაბერილი ბიჭი.

უკვე ზედმეტი ხარ, ლეოპოლდ! ვეღარასოდეს დაიბრუნებ ადგილს ოჯახში. შენ უკვე გამოგიგლოვეს, შენზე უკვე ცრემლი დაიღვარა. ვერც ახალი ნაცნობები გაგიგებენ, ვერც სიყვარული გაგიგებს, რადგან სიყვარული არასოდეს ყოფილა კომუნისტურ ბანაკში. ისღა დაგრჩენია საღამოობით ვალსი ჩართო და რიგ-რიგობით იცეკვო ავეჯთან, პალტოზე ამწყდარ ღილთან და ქიშმიშთანაც კი.

არსებობს წიგნის კითხვის მოწყენილობა. მოწყენილობა არა პირდაპირი გაგებით, არამედ შემოვლითი. მოწყენილობა, როგორც სევდა და სიბრაზე ცალ-ცალკე და ერთად ყველანაირი რეჟიმის წინააღმდეგ.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s