“და ენაცვლებიან ერთმანეთს დღეები, როგორც გასაფერადებელი რვეულის ფურცლები”

ფურცლის ანაბარა დატოვეს მშობლებმა… გარეთ ცხელოდა, სახლშიც, მაგრამ ფურცელზე უფრო. ამიტომაც ადგა და ფურცელს ნელ-ნელა გაუყვა. ჯერ წყალი დახატა, მერე ცივი ჰაერი. სადღაც აზრი გაედღაბნა. უკან დაბრუნდა და გაასწორა. უცებ სიყვარული მოუნდა. წყალთან ჩამოჯდა და დაუცადა. ოცნებები რიგრიგობით ჩამოწერა. ცაცხვის მაღალი ხეების ქვეშ კოცნაზე ფიქრობდა და პირველი სიყვარულიც მოვიდა (მოშივდა). მდინარის წყალი თბილი იყო, ჰაერი ცივი, ხეები მაღალი და ამაყი, მზე ირიბი და თავდახრილი. გზადაგზა ლექსებს ურთავდა. ლამაზდებოდა და გრილდებოდა ფურცელი. სიტყვებსა და ფიგურებს შორის მისი თმების სურნელს გრძნობდა. პირველი სიყვარული კარგად ანაყრებს, გაიფიქრა და სანამ ხეებს ფოთოლი დასცვივდებოდა, ახალ ბედნიერებას უხმო. მიდგა-მოდგა და ერთი ბოთლი ღვინო კუთხეში მიახატა. ღვინო თბილი გამოუვიდა. ადგა და მაცივარი განვადებით გამოტანა…

ამასობაში, დღე მობეზრდა.საღამოს ხატვას შეუდგა. მზე სწრაფად ჩააგდო წყალში, წყლიდან თევზი ამოიყვანა, სველი ხელები დაიფერთხა და ფურცელს ვარსკვლავები დააყარა. ხეებს დაბალი ტოტები შეატეხა, ფურცელი მოხია და ცეცხლი შეაკეთა. მაცივრიდან ცივი ღვინო გამოიღო, თბილი პლედი შემოიქსოვა. ღვინო ბოთლიდან მოსვა – ჯერ ერთი ყლუპი, მერე მეორე, მესამე… გრძნობდა, ბედნიერება როგორ მოაბიჯებდა. კუჭის თავთან ვიღაც ასანთს კრავდა, ცეცხლი პირდაპირ გულს ეკიდებოდა და იქიდან სხეულის სხვადსხვა ადგილებში ნაწილდებოდა. ყველა ერთად კი ტვინში იყრიდა თავს.

რაღაც აკლდა. სიყვარული. ახალი. ძველი არა. ფერად ფანქრებში უფერული მონახა. ხმის გამაძლიერებელი დახატა და ახალ სიყვარულს დაუძახა. ისიც მოვიდა, სწრაფად, ქარივით, როგორც სიყვარულს შეეფერება. ჩაეხუტა. თვალები დაუკოცნა, ცხვირიც, მუცელიც, უფრო ქვევითაც, ცოტა ზევითაც. ხატვისას ხელი გაეკრა და ფურცელზე უამრავი კითხვის ნიშანი გაჩნდა. აზრები გაიბლანდა. სიყვარული დაიბნა, განაწყენდა, ფურცლის ნაგლეჯი თავზე გადაახია, ბედნიერების ნაწილაკები მოხვეტა და წავიდა.

მერე იყვნენ მეგობრები, მათი სახეები. მეგობრების მეგობრები, მათი გრძელი ცხვირები. მიტოვებული საქმეები და სიმარტოვე.

სიმარტოვის აღწერა დაიწყო. კალამს უამრავი აზრი ედგა ენაზე. სიტყვები მოდიოდნენ:- მორცხვები და თამამები, უხამსები და ინვალიდები და სიმაღლის მიხედვით, რიგრიგობით ხტებოდნენ ცეცხლში. სიმარტოვეს ფორმა მიეცა. მაღალი იყო, სველი და მზემოკიდებული იერი ქონდა. ყველაფერი მობეზრდა. თავის დასჯა მოუნდა. ადგა და ომი გამოიგონა.

“ის” ბაქანზე იდგა. “ეს” მატარებელში. ფურცელზე ორთქლმავლის ხმა გაისმა. ჯერ მიღოღავდა, მერე აღარ. ფურცელს ორთქლი ასდიოდა. იარაღი არ ქონდა. ადგა და გული დახატა – გამბედავი და სიცოცხლემოძულებული. ფურცელზე აქა-იქ ანთებული ნაკვერჩხლები გაძლიერდა და ზარბაზნებად იქცა. ფურცელი კვამლისგან შავდებოდა, სისხლისგან წითლდებოდა, შიშისგან იფსამდა. ცრემლები, ცრემლები და წერილები. ნოსტალგია, ღირსება და სამშობლოს დაცვა. ომმა ღირსება არ იცოდა. ყველგან სირცხვილი სუნი იდგა. შარვალში ისვრიდა, როცა მისკენ მიშვერილ იარაღს ხედავდა. ფურცელს ინფექცია შეეჭრა. ყველგან გვამების მყრალი სუნი იდგა. გმირები ყარდნენ. ჯერ კვდებოდნენ და მერე ყარდნენ. ღირსების ორდენები ჰაერში ცვიოდა და სხვა ადგილას, ფურცლის სხვა გვერდზე უცვიოდა ვიღაცას ფეხებმოჭრილ კალთაში.

ზარი ჩამოკრა. არა, ჯერ დახატა და მერე ჩამოკრა. “ომი დამთავრდა” დაწერა დიდი ასოებით და სახლში წავიდა.

ყველაფერი ისევ ისე დახვდა. ნახევრადდაცლილი ბოთლი მაცივრიდან გამოიღო და მტვრიანი პლედი შემოიხვია. ცხოვრების სურვილი ჯერ ფეხაკრებით შემოიპარა, მერე ცხვირწინ აეტუზა და ბაკა-ბუკს მოყვა. რა აკლდა მის ფურცელს?  – ჰო, სილაღე, საქმე, თავისი საქმე, მოტივაცია. უფრო დიდი ასოებით დაწერა “გეგმა” და ჩამოწერას შეუდგა: საქმე, დასვენება, თავგადასავალი, სილაღე, ახალი სიყვ…

ვერ დაამთავრა. ფურცელი გათავდა. (დროული იყო.)

Advertisements

One thought on ““და ენაცვლებიან ერთმანეთს დღეები, როგორც გასაფერადებელი რვეულის ფურცლები”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s